ებოლაზე რეაქცია აგვიანებს

ნენსი პაუელი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ებოლის განყოფილების ხელმძღვანელი, შექმნილ კრიზისზე საერთაშორისო რეაქციას აფასებს.

მსოფლიო მასშტაბით შექმნილი აჟიოტაჟის მიუხედავად, კრიტიკულ ქვეყნებში, როგორიცაა ლიბერია, ჯანდაცვის მუშაკები ებოლით ინფიცირების მზარდ შემთხვევებთან გამკლავებას ვერ ახერხებენ და საქმეს ვერ აუდიან. რაბი ტორბეი ჰუმანიტარული ორგანიზაცია „საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის“ წარმომადგენელი რეგიონში ამბობს, რომ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ებოლის გამო დიდი საერთაშორისო დახმარება იგზავნება, მაგრამ საკმაოდ გვიან.

„საერთაშორისო საზოგადოების საპასუხო რეაქცია მოვლენებს საკმაოდ ჩამორჩება. არავინ ელოდა, რომ კრიზისი ადგილზე, კონკრეტულად სიერა ლეონეში, ლიბერიაში და გვინეაში ამ მასშტაბის იქნებოდა. ამიტომ ერთგვარად ვცდილობთ მოვლენებს დავეწიოთ“ - ამბობს რაბი ტორბეი.

გაერო მსოფლიოს ქვეყნებს მილიარდიანი დახმარების ფონდის შექმნისკენ მოუწოდებს. სისწრაფე ებოლის კრიზისის დაძლევის საქმეში მთავარ გამოწვევად რჩება - ამბობს ნენსი პაუელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ებოლის განყოფილების ხელმძღვანელი.

„ვფიქრობ მეტი დახმარებაა საჭირო და ბევრად უფრო სწრაფადაც, რომ შედეგად ძალიან ძლიერი რეაქცია მივიღოთ. ამავე დროს ისიც გასათვალისწინებელია, რომ დაავადება მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა და ვერცერთ ეტაპზე ვერცერთ ნაბიჯს ვერ გამოვტოვებთ“ - აღნიშნავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

იმის მიუხედავად, რომ ამერიკის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოწოდებაზე მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ კარგი გამოხმაურებაა, დროის ფაქტორი დასავლეთ აფრიკის ქვეყნებზე დრამატულ გავლენას ახდენს. ნენსი პაუელის თქმით, სტატისტიკურად დაახლოებით ასეთი სურათი იკვეთება:

„თუკი ყოველ კვირას ახალ ინფიცირებულთა 70 პროცენტის მკურნალობას და გარდაცვლილთა გვამების 70 პროცენტის 24 საათში იზოლირებას ვერ შევძლებთ, კვირაში საშუალოდ 7 500 ახალ ინფიცირებულს მივიღებთ. დაგვიანებული რეაგირების გამო ამ ყოველკვირეული მიზნების მიღწევა არ ხერხდება. ლეტალობის მხრივ ეს ნიშნავს, რომ კვირაში დაახლოებით 5 ათასი ადამიანი დაიღუპება “ - აღნიშნავს ნენსი პაუელი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ებოლის განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ დასავლეთ აფრიკის კრიტიკული ქვეყნებისთვის დახმარების აღმოჩენა დღეს სწორედ ასეთ მონაცემებს ეფუძნება.

კვირის განმავლობაში ებოლის კრიზისთან დაკავშირებით რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გავრცელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ნიგერია ებოლისგან თავისუფალ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ნიგერიაში 20 ინფიცირებულიდან 8 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში თუ ზედიზედ 42 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება, გაეროს ჯანდაცვის უწყება მას ეპიდემიისგან თავისუფლად აცხადებს. განცხადება ამის შესახებ 20 ოქტომბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა რუი გამამ გააკეთა და ამ ფაქტს ებოლის ვირუსით ინფიცირების პროცესში მიღწეული შთამბეჭდავი გამარჯვება უწოდა. რამდენიმე დღით ადრე ორგანიზაციამ სენეგალიც ებოლიგან თავისუფალ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

ამას გარდა, ამერიკაში, ტეხასის შტატის ქალაქ დალასში ებოლით დაღუპულ ერიკ დუნკანთან კონტაქტში მყოფი 48 ადამიანის მონიტორინგი დასრულდა. მათ ვირუსი არ გადაედოთ. საავადმყოფოდან გამოწერეს ებოლით ინფიცირებული ორი ექთანიც, რომელთაგან ერთი ესპანეთში, მეორე კი ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში მკურნალობდა.

ნენსი პაუელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ებოლასთან ბრძოლისთვის მობილიზებული ყავს თავდაცვის დეპარტამენტი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების საგენტო და დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრები. ისინი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ, რათა გამოწვევების დაძლევა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.