15 სექტემბრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება

2015 წლის 15 სექტემბრიდან პენსიონერები უკვე გაზრდილ პენსიას მიიღებენ. მორიგი ცვლილება ძალაში ამა წლის 1 სექტემბრიდან შევიდა და ასაკით პენსიონერებისათვის პენსია 160 ლარი გახდება. ცვლილების შედეგად, პენსია საარსებო მინიმუმის საშუალო მაჩვენებელს გაუტოლდება.

საქართველოში ბოლო წლებში გაიზარდა საპენსიო ასაკის პირთა რაოდენობა. ბოლო მონაცემებით, 2014 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობა საქართველოში 697,2 ათას ადამიანს უტოლდებოდა. ვინაიდან, ცვლილებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო ხარჯებიც გაიზარდა, წლის ბოლომდე გაზრდილი პენსიებისათვის დამატებით ყოველთვიურად კიდევ 10 მლნ ლარამდე გამოიყოფა. დღეისათვის საპენსიო გასაცემლებზე ყოველთვიურად, საშუალოდ, 122 მლნ.ლარი იხარჯება. ჯამში, სოციალურ პროგრამებზე 2015 წელს გამოყოფილია 2 785 000 000 ლარი, 2012 წელს კი ეს ხარჯი 1 793 900 000 ლარი იყო.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციური მოლოდინების ზრდის ფონზე, ძნელი სათქმელია, რამდენად არის საპენსიო პაკეტის 6-პროცენტიანი გაზრდა პენსიონერთა მსიყდველუნარიანობის ზრდის პირდაპირპროპორციული. ივლისის მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 4,9 პროცენტით გაიზარდა. ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად, ფასების ზრდა იმპორტულ საქონელზე საბაზო ინფლაციაზე აისახა. კერძოდ, ივლისის თვეში სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გაზომილი სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური ცვლილების ტემპი 5,8 პროცენტამდე გაიზარდა.

7,4 პროცენტით არის მომატებული ფასები სურსათზე. ფასების მატებაში დიდ წვლილი შეიტანა ხილმა, ბოსტნეულმა, პურისა და პურპროდუქტების კატეგორიებმა. რაც შეეხება სამომხმარებლო კალათის სხვა ჯგუფებს, მნიშვნელოვანი მატება იყო იმპორტირებულ პროდუქციაზე, მათ შორის - ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფებზე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გუშინ მედიკამენტებზე ფასების შემცირების შესახებ გააკეთა განცხადება. ლაპარაკია ჯენერიკებზე და ძირითადი მოხმარების მედიკამენტებსა და გადაუდებელი მოხმარების წამლებზე (სულ, 200-მდე დასახელების მედიკამენტზე). ჯანდაცვის სამინისტრო ვერ აკონკრეტებს ინიციატივის ფორმას და ზუსტ ვადებს, თუმცა, ბუნებრივია, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის. არსებობს ინფორმაცია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიებიც გამოჩნდება.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მართალია, ასაკობრივი პენსია იზრდება, მაგრამ, ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, მსყიდველუნარიანობა თითქმის უცვლელი რჩება. ამასთან, რაც უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა პენ­სი­ე­ბის ოდე­ნო­ბა, დასაქმებულთა რა­ო­დე­ნო­ბა კი უც­ვ­ლე­ლი დარ­ჩე­ბა (რაც, სამ­წუ­ხა­როდ, დღევანდელი რეალობაა), მით მეტად გა­იზ­რ­დე­ბა და­საქ­მე­ბულ­ი მო­ქა­ლა­ქის ტვირ­თი. ეს ან გარ­და­უ­ვალ და­მა­ტე­ბით გა­და­სა­ხა­დე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს, ან გარ­და­უ­ვალ სა­პენ­სიო რე­ფორ­მამ­დე, რო­მე­ლიც ასე­ვე და­მა­ტე­ბით გა­და­სახ­დე­ლებს გუ­ლის­ხ­მობს. ამი­ტომ სა­პენ­სიო ცვლი­ლე­ბებ­ზე, მათ შო­რის, პენ­სი­ე­ბის ოდე­ნო­ბის გაზრდა­ზე სა­უბ­რი­სას, ალ­ბათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­აც უნ­და მი­ე­წო­დოს და ასე შე­ე­თა­ვა­ზოს არ­ჩე­ვა­ნი.