ვინ მოდის ხელისუფლებაში სერბეთში - “სტუდენტური სიის” ცნობილი და უცნობი სახეები

„სტუდენტური სიის“ წარმომადგენელი ილია სრდანოვიჩი არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას ზეიმობს. 25 ოქტომბერი. ფოტო: მარკო ჯურიცა, Reuters.

„სტუდენტური სია“ -  250 წარმომადგენლისგან შემდგარი პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა - შეგნებულად ერიდებოდა ერთი გამოკვეთილი ლიდერის წამოწევას. ჯერ უცნობია, ვინ გახდება სერბეთის პრემიერ-მინისტრი. გაიცანით მოძრაობის რამდენიმე ცნობილი სახე.


დეიან შოშკიჩი

დეიან შოშკიჩი

ეკონომისტი შოშკიჩი 2010–2012 წლებში სერბეთის ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობდა. ის „სტუდენტური სიის“ იმ მცირერიცხოვან წევრებს შორისაა, რომლებსაც მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვთ. ეროვნული ბანკიდან გადადგომის შემდეგ შოშკიჩი ხშირად ამხელდა ქვეყანაში არსებულ კორუფციას, რომელიც, მისი შეფასებით, „[სერბეთში] გაცილებით მეტადაა გავრცელებული, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში“.

59 წლის შოშკიჩი პირობას დებს, რომ „სტუდენტური სიის“ ხელისუფლება სახელმწიფო თანამდებობებიდან „უვარგის კადრებს“ გაათავისუფლებს და საჯარო მოხელეთა ქონების წარმომავლობის გამოძიებას დაიწყებს. მისივე დაპირებით, გაერთიანება დააჩქარებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებს, გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კი რეფერენდუმზე იქნება მიღებული.

ამავე დროს, შოშკიჩს გაკრიტიკებული აქვს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები და ბრიუსელისთვის მოუწოდებია, კრემლის მიმართ მიდგომა გადახედოს.

ილია სრდანოვიჩი

ილია სრდანოვიჩი

ის კარდიოლოგი და ნოვი-სადის უნივერსიტეტის პროფესორია. 56 წლის სრდანოვიჩი სექტემბერში „სტუდენტური სიის“ პირველ ნომრად დასახელდა.

სრდანოვიჩს პრემიერ-მინისტრობა არ გამოურიცხავს, თუმცა განაცხადა, რომ სიას „თითოეულ თანამდებობაზე ერთზე მეტი კანდიდატი ჰყავს“. მისი თქმით, გაერთიანების პრიორიტეტი „ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან“ ბრძოლა იქნება. სრდანოვიჩი მხარს უჭერს სერბეთის პრეტენზიას კოსოვოზე და აცხადებს, რომ სერბეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხს „მოქალაქეები გადაწყვეტენ“.

დეიან ბოდიროგა

დეიან ბოდიროგა

კალათბურთის ყოფილი ვარსკვლავი, რომელმაც იუგოსლავიის ნაკრებში თამაშისას არაერთი ჩემპიონობა მოიპოვა. 53 წლის ბოდიროგა ამჟამად საკალათბურთო ევროლიგის პრეზიდენტია. ორგანიზაციის სათავო ოფისი ესპანეთში მდებარეობს.

სერბულ მედიაში მას სიის „ყველაზე ცნობილ სახეს“ უწოდებენ, თუმცა მისი პოლიტიკური შეხედულებები მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის. ბოდიროგამ დაგმო ხელისუფლების მოპყრობა სტუდენტი დემონსტრანტების მიმართ და მათი „ტერორისტებად“ წარმოჩენა. საპროტესტო აქციებზე ის მონაწილეებს მოუწოდებდა, ებრძოლათ „თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, საზოგადოებისთვის, სადაც სიძულვილისა და განხეთქილების ნაცვლად ურთიერთპატივისცემა, სამართლიანობა და სოლიდარობა იქნება“.

ესტელა რადონიჩ ჟივკოვი

ესტელა რადონიჩ ჟივკოვი

კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი - ის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა სკანდალში, რომელიც ბელგრადში, ნატოს დაბომბვის შედეგად დაზიანებული გენერალური შტაბის შენობის ადგილას, ტრამპის ბრენდის სასტუმროს მშენებლობის გეგმას მოჰყვა.

სერბეთის კულტურის ძეგლთა დაცვის რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას ჟივკოვმა ხელისუფლება დაადანაშაულა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის დარღვევაში, რათა პროექტისთვის მწვანე შუქი აენთო. მოგვიანებით ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მისი თქმით, „სტუდენტური სიის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პრიორიტეტი იქნება „მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუტებისთვის დამოუკიდებლობისა და პროფესიული კეთილსინდისიერების აღდგენა“. ამასთან, სპეციალისტებს უნდა შეეძლოთ გადაწყვეტილებების მიღება „მხოლოდ კანონისა და პროფესიული ნორმების საფუძველზე, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გარეშე“.

ზორან ჯაიჩი

ზორან ჯაიჩი

ინჟინერი ჯაიჩი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამოშლა და ადამიანების დაღუპვა საჯაროდ დაუკავშირა კორუფციას. სადგურზე ქვის სამუშაოების კონსულტანტად მუშაობისას, 2023 წლამდე, ის ფოტოებზე აღბეჭდავდა და შესაბამის უწყებებს ატყობინებდა მშენებლობის ხარვეზებს, რომლებიც, მისი შეფასებით, საფრთხეს ქმნიდა.

71 წლის ჯაიჩი სერბეთის ყოფილ ლიდერს, ალექსანდარ ვუჩიჩს, უკიდურესად მწვავე გამონათქვამებით აკრიტიკებდა. 2025 წლის აპრილში ის დააკავეს მას შემდეგ, რაც ხალხს მოუწოდა, ხმა მიეცათ მაშინდელი პრეზიდენტის სიკვდილით დასჯისთვის. „სტუდენტური სიის“ საარჩევნო გამარჯვების შემდეგ ჯაიჩმა განაცხადა, რომ ვუჩიჩს სახელმწიფო ღალატის ბრალდება წარედგინებოდა, და დაწერა: „სიმართლისა და სამართლიანობის დრო მოდის!“

ტიხომირ სტანიჩი

ტიხომირ სტანიჩი

დღევანდელი ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე დაბადებული მსახიობი, რომელიც 130-ზე მეტ კინო- და ტელეპროექტში მონაწილეობდა. 2025 წლის ოქტომბერში 65 წლის მსახიობმა რამდენიმე კოლეგასთან ერთად ბელგრადის ხელოვნების აკადემია დატოვა. მიზეზად მათ დაასახელეს „აკადემიური საქმიანობის ნორმებისა და კეთილსინდისიერების უხეში დარღვევა, რომელმაც კულმინაციას სტუდენტების მიმართ მუქარით მიაღწია“.

გამოცდილი მსახიობი სერბეთის კულტურის ინსტიტუტების პოლიტიკისგან გათავისუფლებას მოითხოვს. მისი თქმით, ვუჩიჩის ხელისუფლებამ „დაიწყო იმის განსაზღვრა, ვინ უხელმძღვანელებდა თეატრს, როგორ იმუშავებდა ის, ვის ექნებოდა სამუშაო და ვის - არა, ვის მიეცემოდა შესაძლებლობა და ვინ დაისჯებოდა“.


ასევე ნახეთ

ვუჩიჩმა წააგო, სტუდენტებმა გაიმარჯვეს - რა ელის სერბეთს?