ფაბერჟე და მისი სააღდგომო კვერცხები

1885 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ ოქრომჭედელ პეტერ კარლ ფაბერჟეს დედოფლისთვის სააღდგომო საჩუქარი შეუკვეთა. ფაბერჟემ ოქროს კვერცხი დაამზადა და ის თეთრი მინანქრით დაფარა. ნაკეთობა იხსნებოდა: შიგ ოქროსგან დამზადებული კვერცხის გული იდო, რომელშიც ოქროსავე ქათამი იჯდა. ქათამს ლალის თვალები ჰქონდა. დედოფალი საჩუქარმა აღაფრთოვანა, ხოლო ფაბერჟე სულ მალე რუსეთის იმპერატორის კარის ოქრომჭედლად გაამწესეს.

მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში კარლ ფაბერჟემ, რუსეთის მეფეების დაკვეთით, კიდევ 49 კვერცხი შექმნა. "ზამთრის კვერცხი" მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ის მთის ბროლისგან არის დამზადებული და გამოსახავს დნობის პროცესში მყოფ ყინულს. წყლის ნაკადები პლატინისა და ალმასებისგანაა დამზადებული. ამ 14-სანტიმეტრიან კვერცხში პლატინის კალათაშია მოთავსებული ენძელების თაიგულია.

ფაბერჟე სამუშაო მაგიდასთან. ოსტატი კვერცხებს თავისი ხელით არ ამზადებდა. თავის იდეებს ის მასთან დასაქმებულ ოქრომჭედლებს ახორციელებინებდა.

"მოზაიკური კვერცხი"

ფაბერჟეს კვერცხებთან ბევრს უჩნდება ნიკოლოზ მეორისა და მისი ოჯახის ასოციაცია. ნიკოლოზ მეორე კარგ მეოჯახედ ითვლებოდა და, როგორც ერთმა ისტორიკოსმა აღნიშნა, შესანიშნავი მამა იყო, მაგრამ მეფედ არ ვარგოდა. ყოველ აღდგომას იმპერატორი მეუღლესა და დედას ოქროთი ნაჭედ კვერცხებს ჩუქნიდა.

"ვარდის კოკორი" პირველი კვერცხია, რომელიც ნიკოლოზ მეორემ თავის მეუღლეს, დედოფალ ალექსანდრას მიართვა. კვერცხში ვარდის კოკორია ჩამალული - ახალდაქორწინებულთა სიყვარულის სიმბოლო.

1907 წელს შექმნილი, ღია მწვანე მინანქრით დაფარული ეს კვერცხი სამაღლით 7,7 სანტიმერია. მას ალმასის სალტეები და ვარდის კოკრები ამშვენებს. 
 

ფაბერჟეს სახელოსნო. საუკეთესო წლებში იქ 500-მდე ოქრომჭედელი, მჭედელი და შეგირდი მუშაობდა. ერთი კვერცხის შექმნას დაახლოებით ერთი წელი, ზოგჯერ კი უფრო მეტი დროც სჭირდებოდა. ნახელავს იმპერატორის ოჯახს თავად კარლ ფაბერჟე მიართმევდა ხოლმე.

მეფეები ფაბერჟესგან ელოდნენ, რომ კვერცხებში რაიმე "სიურპრიზი" ყოფილიყო მოთავსებული. ამ კვერცხში იმპერატორის ერთ-ერთი რეზიდენციის, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე გატჩინის სასახლის რვასანტიმეტრიანი მოდელი "დაიმალა".

კვერცხი სახელად "დაფნის ხე" კარლ ფაბერჟემ 1911 წელს დაამზადა. ნაყოფის ფუნქციას ამ ხეზე ბრილიანტები ასრულებენ. ერთ-ერთი მათგანის მეშვეობით მოქმედებას იწყებს მექანიზმი, რომელიც "აცოცხლებს" კვერცხის გულში მოთავსებულ სიურპრიზს - პაწაწინა ჩიტს: ჩიტი ხის კენწეროდან "ცაში" აფრინდება, ფრთებს იქნევს და ჭიჭკჭიკს იწყებს.

1915 წელს შექმნილ ამ კვერცხს ჰქვია "ტრიპტიქი. წითელი ჯვარი". მას ერთვის იმპერატორის ოთხი ქალიშვილისა და ბიძაშვილის მინიატურულ პორტრეტები. პირველი მსოფლიო ომის დროს ისინი მედდებად მსახურობდნენ "წითელ ჯვარში" და ამიტომ პორტრეტებზე სამედიცინო პერსონალის სამოსი აცვიათ.

"კარელიის არყის ხე" ბოლო ნაკეთობაა, რომელიც ფაბერჟემ იმპერატორის ოჯახისთვის შექმნა. კვერცხზე მუშაობა 1917 წელს დასრულდა - მას შემდეგ, რაც თებერვლის რევოლუციამ მეფეს უარი ათქმევინა ტახტზე.

ფაბერჟეს სახელოსნოში იმპერატორის ოჯახის დაკვეთით შექმნილი 50-მდე კვერცხიდან დღემდე შემორჩა 43. ფოტოზე აღბეჭდილი ეს კვერცხი ოქროდ გადადნობას გადაარჩინა ერთმა კოლექციონერმა. დღეს ამ ნაკეთობას 33 მილიონ დოლარად აფასებენ.

"შროშანებად" წოდებული ეს კვერცხი, რომელზეც გამოსახულია იმპერატორი თავის ორ უფროს ქალიშვილთან ერთად, 1898 წელს შეიქმნა.