ფარცხალაძე vs თორდია - პარლამენტმა ხელები დაიბანა

ლაშა თორდია

საქართველოს მთავარი პროკურატურის გამომძიებლებმა გამოკითხეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია, რომლის თქმითაც, 13 მაისს თბილისის ერთ-ერთ კლუბში ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 16 მაისს გამართულ ბრიფინგზე ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებმა უარყვეს ბრალდება და განაცხადეს, რომ არანაირ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია. საპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

ლაშა თორდია ამტკიცებს, რომ ოთარ ფარცხალაძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აუდიტის სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის გამო. გენერალური აუდიტორის თქმით, საუბარია ვერეს ხეობაში თბილისის მერიის მონაწილეობით მიწის ნაკვეთების გაცვლასა და სხვა სახის მანიპულაციებზე, რომლებიც კანონის დარღვევით განხორციელდა და რასაც აუდიტის სამსახური სწავლობს. გამოძიების ინერტულობა ლაშა თორდიას აფიქრებინებს, რომ პროკურატურა საქმის გახსნის ნაცვლად კვალის წაშლით არის დაკავებული:

„იმის გამო, რასაც ვუყურებ და როგორ ვითარდება მოვლენები, ნამდვილად ყველაფრის ეჭვი მაქვს. ამდენი ადამიანი სამთავრობონომრიანი ავტომობილებით მიდიან მასთან, ალბათ მეგობრები არიან, რომელთა ხელშია ყველაფერი... სადაც ინციდენტი მოხდა, იქ კამერები იყო, ალბათ ამ კამერების ჩანაწერებით მიდის ადამიანების დამუშავება“.

ჩვენ ვთლით, რომ პროკურატურა ობიექტურად არ გამოიძიებს ამ საქმეს და ეს საქმე უნდა გამოიძიოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ...
ირმა ნადირაშვილი

ლაშა თორდიას ამ ეჭვს იზიარებენ სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთა ეჭვებს ის გარემოება აძლიერებს, რომ ინციდენტიდან სამი დღე გავიდა, მაგრამ ოთარ ფარცხალაძე არ დაუკითხავთ. დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კომენტარი:

„ასეთ ვითარებაში, როდესაც არის პროკურატურის არაფორმალური მმართველი, როცა შს სამინისტროს თანამშრომლები სახლში სტუმრობენ მეგობრული ვიზიტებით ყოფილ გენერალურ პროკურორს, როცა ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია მისი ქმედებების გამართლებაში, ჩვენ ვთლით, რომ პროკურატურა ობიექტურად არ გამოიძიებს ამ საქმეს და ეს საქმე უნდა გამოიძიოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ“.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ამბობს, რომ ფლობს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ყოფილი გენერალური პროკურორი აპირებს ქვეყნის დატოვებას და ამაში მას სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ეხმარებიან. გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები, რომელთა თქმით, ასევე სიცრუეა ლაშა თორდიას ყველა ბრალდება. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ფიზიკურად არ შეხებია, ისევე როგორც არაფერ შუაშია ლაშა თორდიას მიერ დაკავებული თანამდებობა:

„ფიზიკური შეხება ბატონ ოთარ ფარცხალაძესა და ბატონ ლაშა თორდიას შორის არ ყოფილა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მისალმების ფორმა დაუწუნა ბატონმა ლაშამ ოთარ ფარცხალაძეს, რაც იყო აგრესიის საფუძველი და ეს აგრესია განეიტრალდა დაცვის თანამშრომლების მხრიდან“.

გაგი მოსიაშვილი, ერთ-ერთ მოწმეზე დაყრდნობით, ამბობს, რომ იყო მცირე ჩოჩქოლი, მაგრამ ოთარ ფარცხალაძეს ამ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია და თორდიას მხრიდან წამოსული აგრესია განეიტრალდა ფარცხალაძის პირადი დაცვის მიერ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ლაშა თორდიას სხეულზე ახლაც ემჩნევა ფიზიკური ძალადობის კვალი, რომ არაფერი ითქვას ტვინის შერყევის დიაგნოზზე, რომელიც მას სამედიცინო კლინიკაში დაუსვეს. ოთარ ფარცხალაძის კიდევ ერთ ადვოკატს, მერაბ ჩიქოვანს, საეჭვოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ ლაშა თორდიამ სამართალდამცველებს ინციდენტის დასრულებისთანავე არ მიმართა:

თუ გამოძიების მიმდინარეობისას ჩვენ დავრწმუნდებით, რომ აუცილებელია კომისიის შექმნა, ბუნებრივია, ამაზეც არ დავიხევთ უკან. ჯერ უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება...
მამუკა მდინარაძე

„ექვსი თუ ათი ადამიანის თავდასხმის შემდეგ ბატონი ლაშა თორდია რჩება ბარში, აგრძელებს სუფრასთან ყოფნას ისე, რომ თავდასხმის შემდეგ არ იძახებს ადგილზე საპატრულო პოლიციას. „112“-ში შეტყობინება შევიდა ინციდენტიდან რამდენიმე საათში. ბატონი ოთარ ფარცხალაძე გახლავთ ლაშა თორდიას მხრიდან პროვოცირების მცდელობის მსხვერპლი. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას. აგრეთვე ვითხოვ, რაც მნიშვნელოვანია, კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას“.

ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს ლაშა თორდიაც და საქმით დაინტერესებული ყველა პირი, რომლებიც მეტი ნდობისათვის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მოითხოვენ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯერ უნდა დაელოდონ ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობას. ამასვე ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე:

„თუ გამოძიების მიმდინარეობისას ჩვენ დავრწმუნდებით, რომ აუცილებელია კომისიის შექმნა, ბუნებრივია, ამაზეც არ დავიხევთ უკან. ჯერ უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება“.

დღის ბოლოს კომენტარი გააკეთა პროკურატურის გამომძიებელმა ზაზა დათუკიშვილმა, რომლის თქმითაც, ლაშა თორდიას გარდა საქმეზე დაკითხულია არაერთი მოწმე, თუმცა ჯერჯერობით მათ შორის არ არის ოთარ ფარცხალაძე.