სილამაზე ანუ თავი ტყემალში

ავტორი: კაიაფა

არ მჯერა თავდადებული ხალხის.
თუ მოასწრო და ნამუსრევზე ერთი კარგად დასდო თავი, მერე, ქვეყანაც რომ დაინგრეს, ვეღარ ააღებინებ საინიდან.

ამ გახსენებაზე, სიგიზმუნდა რომაა, ისეთი მოურიდებელი და პირდაპირი უნდა იყო, ფკხებზე რომ კიდია პოლიტკორექტულობაც და საერთოდ პოლიტიკა.

ამასწინათ იყო სწორედ, ვზივართ კაი მამაპაპურ, ტრადიციულ, ეროვნულ სუფრაზე ჩვენებურად, დარბაისლურად და აკადემიურად, ვვახშმობთ ცივილიზებულად, ქართულევროპულად, მივირთმევთ სამამულო სასმელს მცირეს, მცირე, წელში კოხტად გამოყვანილი, ასეთი შემთხვევებისთვის ფრიად მიღებული და ხმარებული ფიალებით ნება–ნება, დაგემოვნებით, რავარც წესია, წესიერად, მხატვრულად, გამოთქმით, წაკითხულად, მენტალურად ვსაუბრობთ აქეთურ–იქეთურ ლიტერატურაზე,ხელოვნებაზე, კოლაიდერზე, მადამ ბლავატსკაიაზე, შინშობილ ბლატაურჩმორულ ფილოსოფიაზე, მოკლედ, როგორც ვიცით ქართულ დალოცვილზე, სუფრაზე და რომ მივაღწიეთ მშვიდობიანად და შევყევით, აუ, რა ვართ მაინც ეს ქართველები, რა მაგრები, რა ნიჭიერები, რა მშრომელები, რა ლამაზებიო, ერთი წუთითო, ჩვეული პირდაპირობით რომ დაიძახა სიგიზმუნდამ, ყველას ერთდროულად რომ გაგვიყარა თვალებში თვალები, და ალერსიანად იკითხა, ჩვენ, აქ, ყველანი ქართველები ვართ, ხომ?! და – რავა გეკადრება, ქართველები ვართ, აბა რა ვართო! – რომ გადავირიეთ და გავგიჟდით, ჰოდა, კარგად შეხედეთ, აბა, ერთმანეთსო! – სიგიზმუნდამ.

და რომ შევაშტერდით ერთმანეთს, პირდაღებულები, –

ვინც კიდევ იტყვის, ქართველები ლამაზები ვართო, იმის ასე და ისეო! – მე შენ გეტყვი, გინება არ ეხერხება სიგიზმუნდა უბედურს...