დრო ფული კი არა, სიცოცხლეა!

ავტორი: ლალი ყიფშიძე

მე მესმის ჩვენი, ქართველთა გამძაფრებული ინტერესი პოლიტიკური პროცესების მიმართ, რადგან სახელმწიფო სისტემა (თუ გვაქვს ამგვარი) მყიფეა საიმისოდ, რომ ცვლილებებს გაუძლოს და სტაბილურობა შეინარჩუნოს... ჩვენ ყველანი დამოკიდებულები ვართ პოლიტიკაზე და ამ დამოკიდებულებაში გვავიწყდება, რომ ვკარგავთ ყველაზე ძვირფასს - დროს!

სამწუხარო რეალობაა, ადამიანი რომ მოკვდავია... “ღვთის ხატად და დარად“ შექმნილ ადამიანს კი ღმერთივით უკვდავი ჰგონია თავი და ამიტომაც ვერ აღიქვამს დროს, როგორც ყველაზე ძვირფას და წარმავალ რესურსს...ეს თვისება განსაკუთრებით ჩვენთვის, ქართველებისთვისაა დამახასიათებელი და ნიშანდობლივი... ამას ბევრი წინაპირობა აქვს, რომლის განხილვასაც ახლა არ შევუდგები, უბრალოდ თქვენი ყურადღება მინდა, გავამახვილო დროის სწორ აღქმაზე და მის მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაზე.

ჩვენ გვავიწყდება, ან უბრალოდ არასდროს დავკვირვებივართ იმას, რომ დღე-ღამეში სულ 1440 წუთია (24 სთ * 60 წთ=1440). ამ დროიდან ადამიანს ნორმალური ფუნქციონირებისთვის დაახლოებით 8 საათი ანუ 480 წუთი ძილი სჭირდება. ასე, რომ მიახლოებით 1000 წუთი რჩება ადამიანს დღე-ღამეში, რომ გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ იმის მიხედვით, თუ რა მიზანი აქვს ცხოვრებაში დასახული.

1000 წუთი მოიცავს ადამიანის ფხიზელი მდგომარეობის ყველანაირ ქმედებას: პირის დაბანიდან დაწყებული, საქმიანი ურთიერთობების ჩათვლითა და მეგობრებთან ერთად ქეიფით დასრულებული. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, რამდენად შეგვიძლია ფხიზელ მდგომარეობას მივაკუთვნოთ საკუთარი ყოფა, ეს უკვე პიროვნული უპირატესობებისა და არჩევანის თემაა, რომელსაც აქ კვლავ არ დავუთმობ ძვირფას დროს.

იმისდა მიხედვით, ვისი დრო რა ღირებულების მატარებელია, შეგვიძლია, განვსაზღვროთ მისი ფულადი გამოსახულებაც, რომ უფრო უკეთ შევიგრძნოთ დროის ხარჯვისა თუ ფლანგვის მთელი სიმძაფრე. თუ ადამიანის თვიური ხელფასი შეადგენს 2000 ლარს და იგი მუშაობს კვირაში 40 საათს ანუ დაახლოებით 160 საათს თვეში, მაშინ მისი ყოველი საათი ღირს 12.5 ლარი, ყოველი წუთი კი - დაახლოებით 21 თეთრი. ამ ადამიანის დღე-ღამის აქტიური დროის ღირებულება 1000 წთ.*0.21ლ.=210 ლარია, რაც თვის განმავლობაში იქნება 6300 ლარი. უფრო მაღალანაზღაურებადი ადამიანის დროის ღირებულება და მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ფლანგვაც პროპორციულად უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს. ამ ღირებულებიდან ადამიანმა უნდა გააკეთოს რესურსის მაქსიმალურად სწორი ინვესტიცია.

დრო რესურსია და თანაც ყველაზე ძვირფასი, მის სრბოლასთან ერთად თითოეული ჩვენგანი ვკარგავთ სიცოცხლის შესაბამის ხანგრძლივობას. არ მინდა ამ წინადადებით ვინმეს გული დავწყვიტო ცხოვრების წარმავალობაზე ფიქრებით, ეს ყველამ ისედაც კარგად ვიცით...მე უბრალოდ მინდა, უფრო მძაფრად დავინახოთ დროის სწორად მართვის მნიშვნელობა. დროის „სწორად“ მართვაში არ იგულისხმება ის, რომ ადამიანი იჯდეს მთელი დღე და ჭიასავით იქექებოდეს წიგნებში, მით უმეტეს, თუ ამგვარი ქმედება არ შეესაბამება მის ცხოვრებისეულ პრინციპებს. ყველას საკუთარი გზა და არჩევანი აქვს ამ ცხოვრებაში. ვისთვის წიგნებში ქექვაა ცხოვრების კრედო, ვისთვის კი - კლდეებზე ცოცვა. ძილი და დასვენებაც (არა ულიმიტო და დაუსრულებელი), თქვენ წარმოიდგინეთ, დროის ეფექტური ინვესტიციაა ადამიანის უკეთესი პროდუქტიულობისთვის. მთავარია, ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, ვისწავლოთ დროის სწორად დაგეგმვა და გამოყენება, შეგვეძლოს მისი, როგორც რესურსის, სწორად ინვესტირება. დრო ხომ იგივე ტიპის რესურსია, როგორც ფული, რომლითაც ბიზნესს ვიწყებთ?! თანაც ისეთი რესურსი, რომელსაც შემცვლელი ანუ სუბსტიტუტი არ გააჩნია. უბრალოდ ჩვენ ამას ასე არ აღვიქვამთ, ჩვენ გვგონია, რომ სიცოცხლე დაუსრულებელია, დრო თავზე საყრელად გვაქვს და მაინც ყველაფერს მოვასწრებთ. რომელიმე რესურსის უსაზღვროდ, ულიმიტოდ ხარჯვის ეკონომიკური ეფექტი კი მისი სრული ამოწურვაა.

ქართველებს, სამწუხაროდ, ზოგადად მართვის პრობლემები გვაქვს ბევრ სხვადასხვა სფეროში, თუმცა განსაკუთრებით თვალშისაცემი და დასანანია სახელმწიფო სტრუქტურებში რესურსების არასწორი, არაეფექტური მართვა. ეს ყოველივე იმიტომ არის განსაკუთრებულად თვალშისაცემი და გულდასაწყვეტი, რომ ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უშუალოდ შეგვეხება. არჩევანის უკვე მერამდენე წრეზე მივდივართ იმ იმედით, რომ აი, ახლა მაინც ეშველება ქვეყანას... საშველი ან მშველელი კი ჯერ არ ჩანს, არადა უკვე სიცოცხლის (ვისთვის როგორ) ალბათ, ნახევარი მაინც გავიდა და ჯერაც უკეთესი მომავლის მოლოდინით ვიმშვიდებთ თავს...

აი, ამიტომაა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსი და ამიტომაა მისი სწორად გამოყენება, ინვესტირება მნიშვნელოვანი, რომ მუდმივად არ ვიმშვიდებდეთ თავს მოლოდინით, რომ ვცხოვრობდეთ პრინციპით: აქ და ახლა, რომ სხვებს არ შევცქეროდეთ იმედის თვალით, რომ ყოველწუთიერად ვფიქრობდეთ ჩვენს პიროვნულ განვითარებაზე...დავიწყოთ საკუთარი დროის სწორად მართვით და ეს ტალღა ნელ-ნელა ყველას შეეხება. როცა ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა სწორად დაგეგმავს და გამოიყენებს დროს, ის ვეღარავის, და განსაკუთრებით რჩეულთ, ვერ მისცემს იმის ფუფუნებას, რომ დრო ფლანგონ.

თითოეულ ჩვენგანს, რა თქმა უნდა, სურს, თუ ჩვენ ვერ მოვესწრებით, შვილებს მაინც დავუტოვოთ ნორმალური, გამართული ქვეყანა. მაგრამ ჩვენ თვითონ რატომ უნდა ვთქვათ ამ სიამოვნებაზე უარი, ნუთუ არ ვიმსახურებთ ნორმალურ, დალაგებულ, გაწონასწორებულ ქვეყანას, სადაც ყოველდღე არ ელოდები ინფორმაციას ვინმეს დაკავებისა ან დასჯის შესახებ...ვოცნებობ, რომ საქართველოში მოსახლეობის უმეტესობამ არ იცოდეს საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის ან მინისტრების გვარ-სახელები და არა უინტელექტობის მიზეზით. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სისტემის ქმედების შედეგები და არა მავანთა სატელევიზიო კეკლუცობა.

და ეს ყოველივე იმიტომ, რომ დრო ფული კი არა, ყველაზე ძვირფასი და ლიმიტირებული რესურსია - სიცოცხლე!