ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 9 აგვისტო

„ყოფილი კუდ-ელები და სოდ-ელები თავდაცვის სამინისტროში“ - გაზეთ „რეზონანსის“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა „რეზონანსთან“ საუბრისას თქვა, რომ თეთრაძის საქმეში მონაწილე პირები სამინისტროში დღესაც მაღალ თანამდებობებზე არიან, რაც, მისი თქმით, უწყებაში ხელმძღვანელების მიმართ უნდობლობას აღვივებს. გაზეთის შეფასებით, საკადრო პოლიტიკა თავდაცვის სამინისტროში მუდმივად პოლიტიკური დავის საგანს წარმოადგენდა, მაგრამ ახალი ხელისუფლების პირობებში საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით თავს იჩენს ორი პრობლემა - არაკვალიფიციურობა და ინფორმაციის ნაკლებობა. „რეზონანსი“ ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს ართულებს ისიც, რომ თავდაცვის სამინისტროში ნებისმიერი შეცდომა, შესაძლოა, ქვეყნისთვისაც და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდეს. მით უმეტეს, შენიშნავს „რეზონანსი“, რომ კულუარებში უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს ყველაფერი ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიის ნაწილია.
გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ პროგნოზით კი, არჩევნების შემდეგ მთავრობაში, შესაძლოა, საკადრო კარუსელი დატრიალდეს. პირველი, ვისაც გაზეთი ამ კონტესქტში ასახელებს, არის მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. „საქართველოს რესპუბლიკა“ აღნიშნავს, რომ საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი კბილაშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და, შესაძლოა, პოსტის დატოვება რამდენიმე მინისტრთან ერთად მოუხდეს, თუმცა იმ მინისტრების ვინაობას, რომელთა მუშაობის ტემპიც, გაზეთის თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს, „საქართველოს რესპუბლიკა“ ვერ ასახელებს.

რატომ არ ამბობს სალომე ზურაბიშვილი უარს საფრანგეთის მოქალაქეობაზე? - ასე კი საკითხს გაზეთი „ახალი თაობა“ სვამს და, შესაბამისად, აღნიშნავს, რომ თუ ზურაბიშვილი საპრეზიდენტო მარათონში ვერ ჩაერთო აკრძალვების გამო, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ეჭვს, რომ იგი ივანიშვილის კოალიციისთვის ყველაზე ძლიერი კონკურენტია. აქვე გამოთქმულია მოსაზრება, რომ საფრანგეთის მოქალაქის პასპორტზე უარის თქმით სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, ამომრჩეველთა გულების მოგებასაც შეძლებდა.
რა საკითხები გაარჩიეს და რაზე შეთანხმდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან შეხვედრაზე? - ამ საკითხით დღეს გაზეთი „ალია“ ინტერესდება. „ოცნების“ დეპუტატებისა და მინისტრების დახურული შეხვედრის კულუარებს გაზეთს დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე უმხელს. იგი ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე საუბარი იყო სამართლიანობის აღდგენაზე, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე და იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქვეყნის ეკონომიკა. დეპუტატის თანახმად, შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ეკონომიკაში არანაირი ვარდნა არ არის და ამაზე საჯარო ლაპარაკი „ნაციონალური მოძრაობის“ შავი პიარია. მაგალითისთვის, დეპუტატი აღნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები ქვეყანაში შემცირებულია არა, როგორც ოპონენტების მიერ ითქვა, 42 000-ით, არამედ გაზრდილია 15 000-ით. დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ პიარის კუთხით აშკარად მოიკოჭლებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკურ ინიციატივებზე სტატიას კი გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს ეროვნული თანხმობის აქტის მიღებას და ასევე რამდენიმე ახალ ეკონომიკურ ინიციატივას სთავაზობს. ეს ინიციატივები კი, თავის მხრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საგადასახადო მიმართულებებს მოიცავს.