კანის 66-ე კინოფესტივალის დღიურები (1)

ორი სამყარო

ძალიან სახალისო იყო კანის 66-ე კინოფესტივალის გახნაზე მიმავალი პუბლიკის “დათვალიერება” - იმის ყურება, როგორ ახტებოდა წვიმის გუბეებს გამოპრანჭული ხალხი. “ქოლგების ბიზნესმა” გაიხარა - 5 ევროდ პატარა ქოლგას, 10 ევროდ უფრო დიდს შეიძენდით. ამ ქოლგებმა მთლიანად დაფარეს კრუაზეტის სანაპირო - აღარც წითელი ხალიჩა ჩანდა და აღარც მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფორუმის გახსნაზე მობრძანებული ვარსკვლავები. ქართველ მღვდლებს რომ უყვარს, ის ფრაზები გამახსენდა: “ბუნებამ დასაჯა!”, “ღმერთმა დასაჯა!”

ჩვენ, ე.ი. “პრესა”, გადავრჩით - კანის ფესტივალზე ჟურნალისტებისთვის ცალკე სეანსები იმართება და არავინ გაძალებს სმოკინგებსა და საღამოს კაბებში მისვლას. მაგრამ ოფიციალურ პრემიერაზე, ძმები ლიუმიერების უკვე გასარემონტებელ დარბაზში, სხვანაირად არავინ შეგიშვებს. ეს ტრადიციაა, რომლის ერთგულები, მოგეხსენებათ, ყოველთვის იყვნენ ფრანგები. თვით საფრანგეთის რევოლუციის დროსაც - ფორმას არ ღალატობდნენ. ამან, ე.ი. ფორმამ, და ამ ფორმასთან ბრძოლამ, მასზე ქილიკმა და, ამავე დროს, ფორმის სიყვარულმა, შექმნა გენიალური ფრანგული კულტურა. ამ ფორმის გამოა ალბათ, რომ იმავე ნიუიორკში, საიდანაც “წითელი ზონელები” ჩამოვედით, სწორედ ფრანგული მაღაზიები, რესტორნები ითვლება “მაღალ კლასად”. ამერიკელები მუდმივად სწავლობენ რაღაცას ფრანგებისგან. თავის დროზე კინოც ასე ისწავლეს და სწორედ ამერიკული ფულით ცოცხლობს პირველ რიგში კანის კინოფესტივალი.

ფესტივალის დაწყების წინ ჟიურის თავმჯდომარეს, სტივენ სპილბერგს, ფრანგულმა ჟურნალმა “კაიე დიუ სინემამ” საყვარელი 100 ფილმის სია გამოუქექა. აღმოჩნდა, რომ 100 ფილმის სპილბერგისეულ სიაში მხოლოდ 4 ფილმია ევროპული, დანარჩენი ჰოლივუდია. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ “მიუმაგრეს” სპილბერგს ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანები ჟიურიში: დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სპილბერგს გაუჭირდება კრისტიან მუნჯიუს, ან თუნდაც იმავე ანგ ლის მანიპულაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფესტივალის ბოლო დღემდე გაურკვევი იქნება, ვინ გახდება კანის 66-ე კინოფესტივალის ლაურეტი.

წვიმა და სიცივე კანის კინოფორუმზე ყოველთვის “მადლი” იყო თავად კინოსთვის. ხალხი პლიაჟზე აღარ გარბოდა და კინოდარბაზში აფარებდა თავს. მაგრამ წელს ცუდმა ამინდმა მაინც და მაინც არ გაავსო დარბაზები. ფინანსური კრიზისი აისახა არა მარტო კინოხელოვნებაზე (საკონკურსო პროგრამის ფილმების აბსოლუტური უმრავლესობა მცირებიუჯეტიანია, რაც დიდი იშვიათობაა კანის ფესტივალზე), არამედ აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობაზეც - ევროპაში შარშან რამდენიმე კინოჟურნალი გაკოტრდა. “კაიეს” ის ნომერი, რომელიც კანის ფესტივალს მიეძღვნა, კიდევ უფრო “დაპატარავდა” და რეკლამისგან თითქმის მთლიანად დაცარიელდა.

და, რაც მთავარია, კრიზისი აისახა კანის ფესტივალის ფილმების სტილისტიკასა და თემატიკაზე. პირველ დღეს ნაჩვენებ მექსიკურ საკონკურსო სურათში “ელი” (ფილმი გამოირჩევა ლათინურ-ამერიკული კინოსთვის დამახასიათებელი ზედმიწევნითი ნატურალიზმითა და გაძლიერებული სისასტიკით) ძალადობის მიზეზად სწორედაც რომ სიღარიბე და შიმშილი სახელდება. ადამიანები, მათ შორის ბავშვები, ისეთ გაჭირებაში ცხოვრობენ, რომ ფილმის მსვლელობისას შეიძლება არც დაიჯერო, რომ ეს ამბავი ნარკომოვაჭრეებსა და ნარკობანდების შურისძიებაზე 21-ე საუკუნეში ხდება. ჰოდა, ამ გარემოსთან ზიარების შემდეგ, დარბაზიდან რომ გამოდიხარ და წვიმაში გალუმპულ და გამოპრანჭულ პუბლიკას რომ ხედავ, როგორ არ უნდა გაიცინო? ან ატირდე. არ ვიცი. მართლა არ ვიცი, როგორი შეიძლება იყოს ადამიანის რეაქცია ამ კონტრასტზე - იმაზე, რასაც ეკრანზე ვხედავთ კანში და იმაზე, რაც გარეთ ხდება, წითელ ხალიჩაზე. ეკრანის და კინოდარბაზის კონტრასტზე.

ამ კონტრასტზე დაგაფიქრებდათ ფესტივალის პირველ დღეს, პროგრამით “განსაკუთრებული მზერა” ნაჩვენები სოფია კოპოლას ფილმი “ელიტური წრე” - ახალგაზრდა ქალებზე, რომლებიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს სახლებს უძარცვავენ იმ დროს, როცა მსახიობები კოქტეილებსა და მიღებებზე იმყოფებიან. სოფია კოპოლა თავის გმირებთან ერთად იჭრება ვარსკვლავების ვილებში, მათ საწოლ ოთახებში და ჩვენც, მაყურებელსაც გვაძლევს საშუალებას “დავათვალიეროთ” ეს გარემო. კოპოლა დასცინის ჰოლივუდის ვარსკვლავების გემოვნებას და სიხარბეს... თუმცა თავად, “ელიტური წრის” პრემიერაზე გამოწყობილია ისე, როგორც ეს ვარსკვკლავები - ბრჭყვიალა კაბაში, დიდი, ამოჭრილი ზურგით!

დიდი ხნის წინ ფრანსუა ტრიუფომ - სანამ კინორეჟისორობას დაიწყებდა და კრიტიკოსი იყო - დასცინა კანის ფესტივალს და იმ ხალხს, ვინც ფესტივალის მსვლელობაში მონაწილეობდა, “გამოუსწორებელი წვრილბურჟუები” უწოდა. მაგრამ ამ სტატიის გამოქვეყნებიდან 3 წლის შემდეგ, ტრიუფოს ფილმი “400 დარტყმა” კანის ფესტივალის კონკურსში ჩართეს და პრიზითაც აღნიშნეს. ტრიუფო იძულებული გახდა, სმოკინგში გამოწყობილიყო და ასე დასწრებოდა ფილმის პრემიერას... მოგვიანებით იგი თითქმის ყოველწლიურად ჩადიოდა კანში და მხოლოდ ერთხელ გამოუცხადა ბოიკოტი ფესტივალს - 1968 წელს, როცა ტრიუფოს, ლუი მალის, ჟან-ლუკ გოდარის, რომან პოლანსკის მოთხოვნით ფესტივალი დახურეს (“უბრალოდ უხერხულია კინოს ყურება და კოქტეილების მოწყობა მაშინ, როცა ევროპა ბობოქრობს” - აღნიშნული იყო პეტიციაში, რომელიც ფესტივალის გახსნიდან მესამე დღეს გავრცელდა)

ტრიუფო ცოცხალი აღარაა. მაგრამ წლევანდელი ფესტივალის კონკურსში მონაწილეობს რომან პოლანსკი, თავისი, როგორც ამბობენ, “ძალიან პროვოკაციული” ფილმით “ვენერა ბეწვებში”. პოლანსკი კვლავაც ამბოხების მომხრეა, კვლავაც მხარს უჭერს სექსუალურ რევოლუციას, მაგრამ “ტრადიციულ ფორმაზე”, ამ შემთხვევაში კანის კინოფესტივალის ტრადიციულ რიტუალებზე უარს ვერ ამბობს. ვერც ვერავინ ამბობს! ერთი შემთხვევა იყო მხოლოდ, მგონი: ფინელმა რეჟისორმა აკი კაურისმიაკიმ უარი თქვა კანის ფესტივალის “დრეს კოდზე” და თავისი ფილმის, “ჰავრის” პრემიერაზე სრულიად მთვრალი მივიდა (კინაღამ დაგორდა წითელ ხალიჩაზე). არ არის გამორიცხული, რომ მისი ასეთი ურჩობა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იმ ფესტივალის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, “ჰავრი” პრიზის გარეშე დარჩა კანის კინოფესტივალზე. ლარს ფონ ტრიერზე საერთოდ აღარაფერს ვიტყვი. ძვირად დაუჯდა არც ისე “წარმატებული ხუმრობა” - ფაქტობრივად გააძევეს კანიდან!

ასეთია ეს სამყარო - მსოფლიო კინოს სამყარო, წარმოდგენილი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე - ცოტა ფარისეველი, ცოტა კონფორმისტი, ცოტა თვითირონიული და ცოტაც თვითკრიტიკული. მაგრამ თითქმის ყოველთვის ნიჭიერი და საინტერესო. ყოველ შემთხვევაში, კინო ვისაც უყვარს, სწორედ კანის კინოფესტივალია მისთვის “სამოთხე”, სადაც არა მარტო ლაჟვარდოვანი ზღვის სანაპირო და უგემრიელესი ყავა-კრუასანი გელის, არამედ წლის საუკეთესო ფილმები, ის კინო, რომელიც მაქსიმალურად ზუსტად და მაქსიმალურად საინტერესოდ ასახავს რეალობას, რომელშიც ცხოვრობენ დღეს ადამიანები... ჰო, რეალობა კანის ფესტივალზე სწორედ ეკრანზეა. ის კი, რაც ეკრანს მიღმა ხდება - კრუაზეტის სანაპიროზე, წითელ ხალიჩაზე და კანის კაფე-რესტორნებში, უბრალოდ თამაშია, რომლითაც თავს ირთობს, თავს ვირთობთ, ცოტა არ იყოს დაღლილი და ასაკში შესული ხალხი.