ტყიდან ცხინვალის ციხეში

სოფელი კირბალი

თითქმის ერთი თვეა ცხინვალის ციხეში გორის რაიონის სოფელ კირბალის სამი მცხოვრები იმყოფება. გოგი პაპიტაშვილს, აკაკი და გიორგი აბალაკებს დე ფაქტო ხელისუფლება ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებს. კირბალელები სოფლის მიმდებარე ტყეში შეშის მოსაჭრელად წავიდნენ, რა დროსაც რუს მესაზღვრეებს გადაეყარნენ. მესაზღვრეებმა დაკავებულები ოს სამართალდამცავებს გადასცეს. ოსური მხარე მათ გათავისუფლებას აჭიანურებს და დაკავებულთა ოჯახის წევრები დახმარებას ქართველ სამართალდამცავებს სთხოვენ. დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი ერგნეთის ბოლო შეხვედრაზეც დაისვა. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ აღნიშნა, რომ ზოგიერთი დაკავებულის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მან ასევე განაცხადა, რომ ქართველმა პოლიციელებმა დე ფაქტო რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელიც შემთხვევით ქართულ სოფელ კოშკაში გადავიდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე გაკვირვებულია იმის გამო, რომ ოსური მხარე დაკავებული კირბალელების გათავისუფლებას აჭიანურებს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევებზე რეაგირება ოპერატიულად ხდებოდა ხოლმე და მხარეები ეგრეთ წოდებული საზღვრის უნებლიეთ დამრღვევებს 2–3 დღეში უშვებდნენ.

ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 13 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იხდის სასჯელს. სოფელი კირბალი ისევ ყველაზე სახიფათო ზონად რჩება, რადგან ამ სოფლიდან ბოლო წლების განმავლობაში 30-მდე ადამიანია დაკავებული. ყოველი მათგანი ტყეში შეშის მოსაჭრელად იყო წასული. ზამთარი ახლოვდება, სოფელს გათბობის ალტერნატიული საშუალება არ გააჩნია, ამიტომ იქ მცხოვრებთა ნაწილი მიმდებარე ტყეში რისკის ფასად მაინც შედის, ტყე კი რუს მესაზღვრეებს აქვთ ოკუპირებული.