სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკოლოზ ლეგაშვილი და თამარ აბაზაძე

ნიკოლოზ ლეგაშვილი და თამარ აბაზაძე

21 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნიკოლოზ ლეგაშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი და თამარ აბაზაძე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორი. მათ ილაპარაკეს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეთა საქმეებზე, რომლებზე გადაწყვეტილებებიც 20 დეკემბერს გამოაქვეყნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. ნიკოლოზ ლეგაშვილი და თამარ აბაზაძე იცავენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ლაპარაკია საქმეებზე: "შიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ", "ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ", "ძიძავა რუსეთის წინააღმდეგ" და "ჩოხელი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ". ლაპარაკია 2006 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ქართველების მასობრივ დაკავება-დეპორტაციაზე. ნიკოლოზ ლეგაშვილმა დეტალურად ილაპარაკა ლია შიოშვილის საქმეზე, რომლის დეპორტაციაც განხორციელდა მის ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. თავად ლია შიოშვილი დეპორტაციის პროცესის მიმდინარეობისას ორსულობის ბოლო თვეში იყო, დაავადებული იყო ასთმითა და დიაბეტით. საქართველოში ჩამოღწევის შემდეგ, მისი მეხუთე შვილი მკვდარი დაიბადა. თამარ აბაზაძემ ილაპარაკა თავისი დაცვის ქვეშ მყოფების ჯერ დაკავების და შემდეგ დეპორტაციის გარემოებებზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ინდივიდუალური საჩივრები 2006 წელს ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე 2007 წლის გაზაფხულზე შევიდა. საიამ წარადგინა ორი საჩივარი, რომლის ფარგლებშიც იცავდა 13 ადამიანის უფლებებს. საქმეში "ძიძავა რუსეთის წინააღმდეგ" არის ერთი მომჩივანი - გარდაცვლილი თენგიზ ტოგონიძის მეუღლე. ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთი ცნო დამრღვევ სახელმწიფოდ და დაეკისრა დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით კომპენსაციის გადახდა მომჩივნის სასარგებლოდ. გადაწყვეტილებას თამარ აბაზაძე მაღალ შეფასებას აძლევს. მეორე საქმეში "ჩოხელი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" კონკრეტულ კომპენსაციაზე ლაპარაკი არ არის, თუმცა აღიარებულ იქნა რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი რიგი დაღვევებისა. სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფოთაშორისი საჩივრის განხილვის დასრულებამდე ამ ინდივიდუალურ საჩივარზე კომპენსაციის საკითხი განხილული ვერ იქნება.

Your browser doesn’t support HTML5

ნიკოლოზ ლეგაშვილი და თამარ აბაზაძე "დილის საუბრებში"