ვინ „დართო ნება“ როჰანის ირანის პრეზიდენტი გამხდარიყო

ჰასან როჰანი

სამი დღე გავიდა ირანში პრეზიდენტად ზომიერ სასულიერო პირად შეფასებული ჰასან როჰანის არჩევიდან და არ ნელდება გაოცება, როგორ მოხდა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ „დაუშვა“ ასეთი პოლიტიკოსისთვის პრეზიდენტის სავარძლის ჩაბარება.

ხალხმა, თეირანის ქუჩებში საზეიმოდ გასულმა მასამ, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე წარმოადგინა თავისი პოზიცია. გახარებული დემონსტრანტები უცნაურ ლოზუნგს გაჰყვიროდნენ: „მადლობა დიქტატორს“, „მადლობა დიქტატორს“ - ისმოდა თეირანში და იგულისხმებოდა აიათოლა ალი ხამენეი, რელიგიური ლიდერი, რომელიც ირანის პოლიტიკას განსაზღვრავს. რატომ დართო ალი ხამენეიმ ნება როჰანის გაემარჯვა? ოთხი წლის წინ ხომ ანალოგიურ ვითარებაში არჩევნების შედეგები სასწრაფოდ გამოცხადდა და ზომიერებს არ მისცეს გამარჯვების საშუალება. 15 ივნისამდე, არჩევნების დღემდე, მიმომხილველთა უმეტესობა ვარაუდობდა, რომ ირანის ხელისუფლება როჰანის მხარს არ დაუჭერდა და მოძებნიდა გზას, რომელიმე კონსერვატორი კანდიდატი გაეყვანა. ასე არ მოხდა, როჰანი მალევე გამოცხადდა გამარჯვებულად. ახლა პოლიტოლოგები განმარტავენ, რომ რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა ასეთი მოულოდნელი შედეგის მიღწევაზე. ერთია, მაგალითად, ამომრჩეველთა აქტიურობა - ის, რომ მოქალაქეებმა, რომელთაც ფავორიტი არ ჰყავდათ, ბოლო წუთს გადაწყვიტეს კენჭისყრაში ჩართვა და როჰანისთვის ხმის მიცემა. იქნებ იმანაც უბიძგა მათ ამ ნაბიჯისკენ, რომ აიათოლა მოწოდებით გამოვიდა, მოდით საარჩევნო უბნებში, ისლამური რესპუბლიკის მომხრე თუ არ ხართ, მაინც აირჩიეთ პრეზიდენტი, მთავარია მონაწილეობაო. მიმომხილველებს როჰანის მოულოდნელი გამარჯვების მთავარ ფაქტორად მიაჩნიათ ის, რომ კონსერვატორებმა ვერ შეძლეს ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანება და, ფაქტობრივად, დაიქსაქსნენ. ამას ისიც დაერთვის, დაასკვნიან სხვები, რომ პოლიტიკურმა რეალობამ განსაზღვრა ვითარება: ირანი ეკონომიკური სანქციების სამიზნეა. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნები იქცა თავისეუბურ რეფერენდუმად, რომელზეც ხალხს თავისი აზრი უნდა ეთქვა ბირთვულ სფეროში ხამენეის მკაცრი პოლიტიკის შესახებ. ამომრჩეველთათვის მნიშვნელოვანი გამოდგა, ალბათ, როჰანის ფონიც, მით უმეტეს, ყველაზე მკაცრი ხაზის მიმდევარ, ბირთვულ სფეროში მოლაპარაკების მონაწილე საიდ ჯალილისთან შედარებით. ბევრი ირანელი აცხადებს, რომ ხმა მისცეს ჯალილის წინააღმდეგაც, ჯალილისა, რომელიც აიათოლას აზრებს ავრცელებდა კამპანიის დროს და ითვლება, რომ ალი ხამენეის რჩეული იყო. ჰასან როჰანიმ პირობა დადო, რომ ეკონომიკას მიხედავს და ზომიერ პოლიტიკას გაატარებს შინ და გარეთ. ახალი პრეზიდენტი საერთაშორისო იზოლაციიდან ირანის გამოყვანასაც აპირებს და ხაზს უსვამს ხალხისთვის ბირთვული პროგრამის მნიშვნელობას. 64 წლის როჰანის რეფორმისტს ვერ უწოდებ. ის რეჟიმის ინსაიდერია, მაღალი თანამდებობები ეკავა და, რაფსანჯანისგან განსხვავებით, 2009 წლის საპროტესტო გამოსვლებს გმობდა, რამაც მას დიდი დახმარება გაუწია. რეფორმისტების მხარდაჭერა იყო, ამას კი ახალგაზრდობის სურვილი მოჰყვა, მოხდეს ცვლილება ირანში. ირანელი ექსპერტი ალირეზა ნადერი ვარაუდობს, რომ აიათოლამ ზომიერი სასულიერო პირის გამარჯვება აღიარა, როჰანის პროფილის გამო:

ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ხამენეის ოფისმა იცოდა საზოგადოებრივი აზრი და საცეცებით გრძნობდა ვითარებას. როჰანისთვის ხელის შეშლა მას ბევრად უფრო ძვირად დაუჯდებოდა...
ესქანდარ სადეღი ბორუჯერდი
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როჰანი აიათოლას წარმომადგენელია უშიშროების უზენაეს სახელმწიფო საბჭოში. ამასთან, ის კანდიდატად აღიარა გუშაგთა საბჭომ, რაც ბევრზე მეტყველებს - რაფსანჯანი აიათოლას, ალბათ, ზედმეტად ძლიერად მიაჩნდა, როჰანი კი, უფრო მორჩილი იქნება“.

ნადერი, ამასთან, როჰანის როლზე ლაპარაკობს. ის ხელისუფლებას, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, რეფორმისტებსა და მწვანე მოძრაობას შორის ხიდის როლს შეასრულებს. რეჟიმი, ნედარის დაკვირვებით, ცდილობს შიდა განხეთქილება მოაგვაროს და ამით შეამციროს გარედან ზეწოლა. როჰანის კი ამ ორივეს გაკეთება ძალუძს ისლამური რესპუბლიკის რადიკალური ტრანსფორმაციის გარეშე. ოქსფორდის კვინის კოლეჯის თნამშრომლის, თანამედროვე ირანის ექსპერტის ესქანდარ სადეღი ბორუჯერდის აზრით, აიათოლამ შეიგნო, როჰანისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლა შეიძლებოდა ძვირი დასჯდომოდა:

„ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ხამენეის ოფისმა იცოდა საზოგადოებრივი აზრი და საცეცებით გრძნობდა ვითარებას. როჰანისთვის ხელის შეშლა მას ბევრად უფრო ძვირად დაუჯდებოდა. ვფიქრობ, ის სულელი არ არის და კარგად ახსოვს, როგორი ზიანი მიაყენა მას, რა ძვირი დაუჯდა აჰმადინეჟადის მხარდაჭერა“.

როჰანის პოპულარობამ მწვერვალს მიაღწია კამპანიის ბოლო დღეს, რასაც ადასტურებს თეირანელი ჟურნალისტი, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა, მაგრამ გვითხრა, რომ არჩევნების დღეს გადაწყვიტა ბევრმა მიმხრობოდა როჰანის და ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ როჰანისთვის მხარდაჭერა იყო სწორი გადაწყვეტილება. რეფორმისტების ყოფილი ადვოკატის, ვაშინგტონის სტიმსონის ცენტრის თანამშრომლის ფატემე ჰაღიღათუს აზრით, სასიამოვნო სიურპრიზმა გამარჯვება ყველას მოუტანა:

„რელიგიურმა ლიდერმა გამარჯვება მოიპოვა, რადგან არჩევნებში ბევრმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და ამით მისი ლეგიტიმურობა დადასტურდა. მან არჩევნებში მონაწილეობისკენ პირველად მათ მოუწოდა, ვინც არ არის ისლამური რესპუბლიკის მომხრე. ხალხმა გაიმარჯვა, რადგან მისი არჩევანი ისმინეს. ამ გამარჯვების აღსანიშნავად ხალხი ქუჩებში გავიდა. არჩევნებმა აჩვენა, რომ მწვანე მოძრაობა ცოცხალია და, რამ ყველაზე მთავარია, ირანელმა ხალხმა თავისი აზრი გამოთქვა“.

თვითონ ჰასან როჰანი თავის გამარჯვებას ირანელ ხალხს უმადლის. მის პირველ პრესკონფერენციაზე თეირანში, 17 ივნისს, ერთმა ჟურნალისტმა ქალმა უთხრა, ისლამურ რესპუბლიკაში იმედი აღადგინეთო. როჰანიმ ღიმილით უპასუხა, იმედი ხალხმა დაგვიბრუნაო.