რელიგიური ცენზის გაუქმება - ირანის დაზვერვას შესაძლოა, პირველად ჩაუდგეს სათავეში საერო პირი

ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხათიბი (ცენტრში) და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი (ცენტრში, მარჯვნივ). თეირანი, 2024 წლის 17 აგვისტოს

უშიშროების სისტემაში მომხდარი მრავალწლიანი მძიმე ჩავარდნების შემდეგ, ირანი ფიქრობს გააუქმოს პირობა, რომ დაზვერვის მინისტრი აუცილებლად ისლამისტი იურისტი უნდა იყოს.

ოპონენტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ამით პრობლემა მოგვარდება. ირანის დაზვერვის ყოფილი მინისტრი მარტში ისრაელის საჰაერო იერიშს ემსხვერპლა.

ირანის პარლამენტი ოთხი ათწლეულის წინანდელი წესის გაუქმებას აპირებს.
აქამდე დაზვერვის მინისტრი აუცილებლად კვალიფიციური ისლამისტი იურისტი (სასულიერო პირი) უნდა ყოფილიყო. ცვლილების შედეგად, 1984 წელს დაარსების შემდეგ პირველად, დაზვერვის სამინისტროს სათავეში შესაძლოა არა სასულიერო, არამედ საერო პირი ჩაუდგეს.

15 ნოემბერს კანონმდებლებმა კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს 192 ხმით 49-ის წინააღმდეგ, ოთხმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

ამ ნაბიჯს წინ უძღოდა უშიშროების სისტემაში მომხდარი არაერთი ჩავარდნა, რომლის კულმინაციაც მარტში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაზვერვის მინისტრ ისმაილ ხათიბის ლიკვიდაცია გახდა. მას შემდეგ სამინისტროს მუდმივი ხელმძღვანელი არ ჰყავს, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობაც კი არ გამოუცხადებიათ.

ინიციატივის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ცვლილება კანდიდატთა წრეს
გააფართოებს. თუმცა კანონპროექტი ასევე ანიჭებს უზენაეს ლიდერ მოჯთაბა ხამენეის უფლებამოსილებას, პირდაპირ დანიშნოს ხელმძღვანელები ამ სამინისტროს შიგნიათ ორ ახალ სტრუქტურაში. საერთოდ, სამინისტრო ფორმალურად პრეზიდენტს ექვემდებარება.

ხამენეი უზენაესი ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც თებერვალში აშშ-ისა და ისრაელის იერიშს მამამისი ემსხვერპლა. ის უკვე თვეებია საჯაროდ
არ გამოჩენილა და არც მისი ხმა გაუგიათ, რაც მისი მდგომარეობის შესახებ კითხვებს აჩენს.

ასევე ნახეთ

ირანის უზენაესმა ლიდერმა რეგიონის მუსლიმურ ქვეყნებს აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა

„დღეს ისინი ხედავენ, რომ დაზვერვის სამინისტროს სათავეში სასულიერო პირის ყოფნამ ძალიან მძიმე დარტყმები მიაყენა როგორც თავად უწყებას, ისე ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოებას“, — განუცხადა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს Radio Farda-ს, ირანელმა პოლიტიკურმა აქტივისტმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ჰოსეინ რაზაყმა.

რას შეცვლის კანონპროექტი

აღნიშნული წესი სათავეს 1983 წლის კანონიდან იღებს, რომელიც მინისტრისგან ასევე მოითხოვს, რომ იყოს სამართლიანი და ღვთისმოსავი, ჰქონდეს პოლიტიკური და მმართველობითი გამოცდილება და არ ეკუთვნოდეს არცერთ პოლიტიკურ პარტიას. ვინაიდან ეს ნორმა კანონმდებლობაშია შეტანილი და არა კონსტიტუციაში, პარლამენტს მისი გაუქმება დამოუკიდებლად შეუძლია.

პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ამირ ჰაიათ-მოყადამმა განაცხადა, რომ ეს წესი კვალიფიციურ კანდიდატთა არჩევანს ზღუდავდა.

პარლამენტის პრეზიდიუმის სპიკერის, აბას გუდარზის თქმით, რელიგიური
ცენზის გაუქმების დასაბალანსებლად, კანონპროექტი სამინისტროს შიგნით ორ ახალ სტრუქტურას - დაზვერვის დაცვის ორგანიზაციასა და იდეოლოგიურ-პოლიტიკურ ორგანიზაციას შექმნის, რომელთა ხელმძღვანელებსაც უზენაესი ლიდერი დანიშნავს.

დაზვერვის მინისტრის კანდიდატურას კვლავ პრეზიდენტი წარადგენს და
პარლამენტი დაამტკიცებს, თუმცა, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად,
კანდიდატს უზენაესი ლიდერის წინასწარი თანხმობაც დასჭირდება.

კანონპროექტს ჯერ კიდევ სჭირდება კენჭისყრა შინაარსობრივი ნაწილის გარშემო და თანხმობა „გუშაგთა საბჭოსაგან“ - ორგანოსგან, რომელიც არჩევნების კანდიდატებს ფილტრავს და კანონმდებლობაზე ვეტოს დადების უფლება აქვს.

ისლამური რესპუბლიკის ისტებლიშმენტში ამ ინიციატივას ყველა არ ეთანხმება.

ზოგიერთმა დეპუტატმა უკვე გამოთქვა გაფრთხილება, რომ ამ წესის გაუქმება
მთავრობას ზედმეტად დიდ გავლენას მიანიჭებს იმაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას.

კონსერვატიული გამოცემა Mashregh-ის საავტორო სვეტში აღნიშნულია, რომ
ისლამურ იურისპრუდენციაში განათლების არმქონე მინისტრი ვერ შეძლებს
განსაჯოს, თვალთვალისა და დაკითხვის რომელი მეთოდებია რელიგიურად
დასაშვები. სტატიის ავტორის მტკიცებით, ამ მოთხოვნის გაუქმება კომპეტენციის გაზრდის ნაცვლად, უწყებას, რელიგიურად დამცავ მექანიზმს გამოაცლის.

ასევე ნახეთ

„საზოგადოება დათრგუნვილია“ - ირანელი ხელოვანი თეირანში ცხოვრებაზე

დაარსების დღიდან სამინისტროს ყველა მუდმივი ხელმძღვანელი სასულიერო პირი იყო. აქტივისტმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა რაზაყმა აღნიშნა, რომ 1980-იან წლებში სამინისტროს შექმნისას კანონმდებლებმა სათავეში შიიტი ისლამისტი იურისტი მუჯთაჰიდი იმ მიზნით ჩააყენეს, რომ ოფიციალურ პირებს „უსაფრთხოების საკითხებზე - ფარული მოსმენებიდან დაწყებული, წამებითა და მკვლელობით დამთავრებული - ფატვას
(რელიგიურ-იურიდიული დასკვნა თუ განჩინების) მიღება", სწორედ მისგან შესძლებოდათ.

რაზაყმა გაიხსენა 1990-იანი წლების ბოლოს დაზვერვის აგენტების მიერ დისიდენტების გახმაურებული „ჯაჭვური მკვლელობები“, რომლის წლისთავიც სწორედ ამ თვეში აღინიშნება, და განაცხადა, რომ ამ დანაშაულში მონაწილე პირებმა ფატვები მაღალი რანგის სასულიერო პირებისგან მიიღეს.

უშიშროების სისტემის მრავალწლიანი რღვევა

აღნიშნული ინიციატივა მოჰყვა სისტემაში მომხდარ არაერთ მძიმე შეცდომას თუ ჩავარდნას, რასაც ისრაელის სპეცსამსახურების შეღწევას უკავშირებენ.

მათ შორისაა 2018 წელს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ბევრი დოკუმენტისა და ფაილის მოპარვა, 2020 წელს ბირთვული ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობა და 2024 წელს თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია.

ასევე ნახეთ

დაცინვიდან ძალაუფლების მწვერვალამდე: ირანის უშიშროების სამსახურის უფროსის, მოჰსენ რეზაის აღზევება

2025 წლის ივნისში ისრაელის საჰაერო იერიშებს არაერთი მაღალი რანგის
სამხედრო და უშიშროების უწყებების მაღალჩინოსანი ემსხვერპლა, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის ხელმძღვანელი მოჰამად ქაზემი და კორპუსის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ამირ ალი ჰაჯიზადე.

28 თებერვალს დაწყებულ ომს კი მაშინდელი უზენაესი ლიდერი და თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე შეეწირნენ. რამდენიმე კვირის შემდეგ დაზვერვის მინისტრი ხათიბიც მოკლეს.

რაზაყის თქმით, ისლამური რესპუბლიკა სამინისტროს სტრუქტურის ძირეულ
რეფორმირებას „საკუთარი გადარჩენის გარანტირებისთვის“ ცდილობს. მისივე შეფასებით, ხათიბი და მისი წინამორბედები ქვეყნის შიგნით „ოპონენტების რეპრესიებზე“ იყვნენ კონცენტრირებული, რის გამოც საგარეო მტერი უყურადღებოდ დარჩათ. მან პრობლემების მიზეზად უწყებების ფუნქციების დუბლირებაც დაასახელა.

„პარალელიზმმა დააზიანა ყველა ინსტიტუტი, რომელიც ისლამურმა რესპუბლიკამ შექმნა, უშიშროების აპარატს კი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა მიადგა“, განაცხადა მან.

გარდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის
ორგანიზაციისა, რომელიც უშუალოდ უზენაეს ლიდერს ექვემდებარება,
საკუთარი სადაზვერვო ქვედანაყოფები აქვთ პოლიციას, გასამხედროებულ
ფორმირება „ბასიჯსა“ და სასამართლო სისტემასაც. რაზაყმა გაიხსენა 2018 წლის შემთხვევა, როდესაც დაზვერვის სამინისტრომ დაკავებული გარემოსდამცველების ჯგუფი ჯაშუშობაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა გუშაგთა კორპუსის დაზვერვამ ისინი პატიმრობაში მაინც დატოვა.

ასევე ნახეთ

ირანში მოკლულია „გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალი ხადემი

მისი თქმით, ეს კანონპროექტი შესაძლოა გახდეს უწყებების გვერდზე გაწევის ან სამინისტროს ქვეშ მათი გაერთიანების მცდელობის დასაწყისი, რაც შექმნის „უშიშროების ცენტრალიზებულ ძალას“, რომელსაც „ქვეყნის შიგნით
რეპრესიების ბევრად უფრო მკაცრად გატარება“ შეეძლება.

„ერთგულება პროფესიონალიზმზე მაღლა“

თუმცა, რაზაყს ეჭვი ეპარება, რომ ეს ცვლილებები შექმნის ისეთ სადაზვერვო
სამსახურს, რომელიც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შეღწევის შეჩერებას
შეძლებს. პრობლემის სათავეს იგი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ აიათოლა მოჰამად ბეჰეშთის მიერ დამკვიდრებულ პრინციპში ხედავს, რომელსაც მაღალჩინოსნები მას შემდეგ განუხრელად მისდევენ: ერთგულება პროფესიონალიზმზე მაღლა დგას.

რაზაყის თქმით, სამინისტროს გამომძიებლებსა და თანამშრომლებს შორის
იყვნენ ერთობ პროფესიონალი კადრებიც, თუმცა დაწინაურებას ხშირად ისინი ახერხებდნენ, ვისაც სადაზვერვო უნარები აკლდა. „აშკარა იყო, რომ ისინი ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ, ან ყოველ შემთხვევაში, თავს ასეთებად აჩვენებდნენ, და სწორედ ეს აძლევდა მათ მაღალი თანამდებობების დაკავების საშუალებას“, - აღნიშნა მან.

მისი შეფასებით, კანონპროექტი შესაძლოა ცვლილებების „დასაწყისი“ იყოს,
მაგრამ მოიტანს თუ არა ის ხელისუფლებისთვის სასურველ შედეგს, ეს უკვე სხვა საკითხია.

„ისლამურ რესპუბლიკას მსგავსი რამის გაკეთება რომ შესძლებოდა, აქამდე
აუცილებლად გააკეთებდა“, - განაცხადა რაზაყმა.