ირანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

ირანი აცხადებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადეს რამდენიმე რეგიონში, სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტო "ისნა"-ს ცნობით, 8 მარტს ჩატარებული გამოცდების მიზანია აჩვენოს "ირანის ძალა მოწინააღმდეგის შესაკავებლად და ასევე ისლამური რესპუბლიკის უნარი, დაუპირისპირდეს ნებისმიერ საფრთხეს". აშშ-მა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის მომარაგებისათვის იანვარში ახალი სანქციები დააწესა 11 კომპანიისა და პირის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯი გადაიდგა იმავე პერიოდში, როცა ვაშინგტონმა ირანს ბევრი სანქცია გაუუქმა ბირთვული პროგრამის შეკვეცასთან დაკავშირებით. ირანმა შარშან ოქტომბერში გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანის საშუალება აქვს. გაეროს აკრძალული აქვს ასეთი რაკეტის გამოცდა.