სამედიცინო გამოკვლევები კონფლიქტის ზონის მოსახლეობისთვის

კონფლიქტის ზონა, სოფელი დვანი

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში იქ მცხოვრები ადამიანების სამედიცინო გამოკვლევა მიმდინარეობს. თბილისიდან სხვადასხვა პროფილის ექიმები სოფლებში ჩადიან და მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევენ. ბოლო ასეთი აქცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში გაიმართა. ადგილობრივი მცხოვრები დარეჯან გოგოლაძე დიდი ხანია ექიმთან არ ყოფილა. როცა გაიგო, რომ ექიმები სოფელში ჩადიოდნენ, სოფლის სკოლას მიაშურა, სადაც სამედიცინო გამოკვლევები ტარდებოდა.

წითელუბნელები აცხადებდნენ, რომ დიდი ხანია მათ ექიმთან მისვლის შესაძლებლობა არ ჰქონიათ და ამ მომსახურებით ყველა სარგებლობს.

წითელუბანში იყო ჩასული ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო. მისი თქმით, ეს აქცია იმ აქტივობის ნაწილია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში ადგილებზე სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების სახით დაიწყო.

სამედიცინო გამოკვლევა გორში მცხოვრებ დევნილებსაც უტარდებათ. მათ გორში ორი კლინიკის სამედიცინო პერსონალი მოემსახურება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელი თამაზ გვიმრაძე აცხადებს, რომ აღნიშნული აქცია სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა და დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს აქციები ერთჯერადი არ იქნება და ის სხვა სოფლებსა და დასახლებებში გაგრძელდება.