ლაგოდეხში საპროტესტო აქციებს აანონსებენ

ლაგოდეხში მოსახლეობა მოითხოვს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქში წყლის ძველი მაგსტრალიც დარჩეს, საიდანაც ქალაქი ტექნიკური წყლით მომარაგდება. შექმნილია საინიციატივო ჯგუფი. დახმარების თხოვნით წერილები დაგზავნილია თითქმის ყველა სამთავრობო უწყებაში. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მოსახლეობის ამ კონკრეტული მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია. ადგილობრივები საპროტესტო აქციებსაც აანონსებენ.

Your browser doesn’t support HTML5

ლაგოდეხში საპროტესტო აქციებს აანონსებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 20-წლიანი პრობლემის მოსაგვარებლად 2015 წლის გაზაფხულიდან სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ევროპის საინვესტიციო ბანკმა 9 მილიონი ლარი გამოყო. პროექტი ითვალისწინებს ახალი მაგისტრალის გაყვანას, ჭაბურღილებისა და წყლის შემგროვებელი რეზერვუარის მოწყობას. სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ლაგოდეხის საინიციატივო ჯგუფისგან წერილი კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამაც მიიღო. გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველმა გვითხრა, რომ მოსახლეობა ტექნიკურ წყალში, სავარაუდოდ, სარწყავ წყალს გულისხმობს...

ის, რომ მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი ექნება, თითქმის ყველა ადგილობრივს ახარებს, მაგრამ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის ნაწილს პრეტენზიები აქვს.

ადგილობრივი ალიკა კურტანიძე საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად ითხოვს, რომ ლაგოდეხში წყლის ის ძველი მაგისტრალიც დარჩეს, რომლითაც ქალაქი ახლა მარაგდება. კურტანიძის თქმით, ამ ქალაქში მოსახლეობას განსაკუთებით უჭირს და წყლის საფასურის გადახდას ვერ შეძლებენ. ახალი პროექტით, ონკანებზე მრიცხველებსაც ამონტაჟებენ.

ლაგოდეხში შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელსაც ლალი ევტუშენკო ხელმძღვანელობს, დახმარების თხოვნით თითქმის ყველა სამთავრობო უწყებას მიმართა. წერილები, ადგილობრივი და რეგიონის პირველი პირების გარდა, გაიგზავნა საქართველოს პარლამენტში, მთავრობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიაში, თუმცა ლალი ევტუშენო ამბობს, რომ ვერც ერთი უწყებისგან კონკრეტული პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღეს, დარჩება თუ არა ლაგოდეხში წყლის ძველი მაგისტრალი, საიდანაც მოსახლეობას ტექნიკური წყლის მიღება შეეძლება. საინიციატივი ჯგუფი ითხოვს ასევე, რომ ლაგოდეხში სპეციალური შეხვედრა დაიგეგმოს პრობლემის მოგვარებაზე სალაპარაკოდ.

ლაგოდეხის საინიციატივო ჯგუფისგან წერილი კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამაც მიიღო. გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველმა გვითხრა, რომ მოსახლეობა ტექნიკურ წყალში, სავარაუდოდ, სარწყავ წყალს გულისხმობს, სარწყავი წყალი კი ადგილობრივებს სამელიორაციო სამსახურმა არხების საშუალებით უნდა მიაწოდოს.

როდის დასრულდება ლაგოდეხში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაითვალისწინებენ თუ არა მოსახლეობის მოთხოვნას? - ამ შეკითხვით ჩვენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. მერის მოადგილე ალექსანდრე ჭანკოტაძის თქმით, სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება მოსახლეობის ამ კონკრეტულ მოთხოვნას, მისი შესრულება შეუძლებელია.

ჩვენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიასაც დავუკავშირდით. უწყების წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიგა ნადირაძის თქმით, უწყებაში ლაგოდეხელების წერილი ნამდვილად შევიდა და სპეციალური სხდომაც მოიწვიეს, თუმცა ამ საკითხის გადაჭრა მათ კომპეტენციაში არ შედის.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ იქნება გათალისწინებული და ახალთან ერთად წყლის ძველი მაგისტრალიც არ დარჩება, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ.