მედეა ტურაშვილი – ომბუდსმენის მრჩეველი

2 ივლისი, კვირა

„დღიურები“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რუბრიკაა რადიო თავისუფლებაზე. ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ და ძალიან გამიხარდა შემოთავაზება, ამ კვირის განმავლობაში დამეწერა ჩემი დღიური. თუმცა, გარკვეული გამოწვევაცაა, რა თქმა უნდა: იქნება კი ჩემი კვირა ისეთივე საინტერესო საკითხავი, როგორიც სხვა რესპონდენტებისა?

თბილისის სიცხისგან თავის დასაღწევად დღეს მთელი ოჯახი სოფელში ვიხიზნებით – მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში მისასვლელად ყოველდღე ორი საათი მაინც მომიწევს გზაში ყოფნა და მაინცდამაინც არც ბენზინის ხარჯვის პერსპექტივა მხიბლავს. მაინც, სულ სხვაა სოფლის სიმწვანე, სიგრილეში დაძინება და, რაც მთავარია, რასაც მთელი წელი ველოდები ხოლმე – დილით ჩიტების ჟრიამულის ხმაზე გაღვიძება. თბილისში მანქანების ხმაური თუ გაგაღვიძებს, ან „ზომიერად“ შეზარხოშებული მოჩხუბარი მამაკაცების „ტკბილი“ ურთიერთმოკითხვა.

ავიბარგეთ, გავუდექით გზას. მაიკო, ჩემი უფროსი შვილი, საღამოობით ბავშვების „ბირჟაზე“ გასვლაზე მითანხმდება. ჩემი დისშვილი ლილუ ამ იდეას სკეპტიკურად უყურებს, თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მაინც ჩამოჯდება ხოლმე მტვრიან ქუჩაში. „ბირჟაზე“ შეკრებილ ბავშვებს დღეს სერიოზული საფიქრალი გასჩენოდათ: ორი კაცი და ერთი ქალი დადიან თეთრი მანქანით, თეთრეულს ჰყიდიან, მაგრამ თან ბავშვებსაც იტაცებენო. უკვე იმერეთშიც მოუტაციათ ბავშვები, კახეთშიც და რუსთავშიცო. ჩვენც ვიგონებდით ხოლმე საშიშ რაღაცებს ბავშვობაში...

Your browser doesn’t support HTML5

თავისუფლების დღიურები - მედეა ტურაშვილი

3 ივლისი, ორშაბათი

ორშაბათი დილა ტრადიციულად იწყება ჩვენს სამსახურში. თანამშრომლები ვიკრიბებით და განვიხილავთ გასული კვირის საქმიანობას და მიმდინარე კვირის გეგმებს. ბევრი საგულისხმო თემაა, რომლებზეც სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადებები. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს ათი სსიპ-ის ხელმძღვანელები სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის (მათ კანონით გათვალისწინებულ 20 დღის ვადაში არ წარმოუდგინეს სახალხო დამცველს პასუხი მისი რეკომენდაციის განხილვის შედეგების შესახებ).

ამ კვირის გეგმებს რაც შეეხება, გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში უნდა გავგზავნოთ ალტერნატიული ანგარიში, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციულ პოლიტიკას ეხება. თვალწინ მიდგას 12 წლის მარიამი, რომელიც თბილისში დაგეგმილ ოპერაციაზე მოდიოდა, მაგრამ დოკუმენტების არქონის გამო რუსმა მესაზღვრეებმა დედასთან ერთად დააკავეს და 5 საათი სამხედრო ბაზის გაყინულ სარდაფში გამოკეტეს. ბავშვი გაცივდა, სიცხემ აუწია და რამდენიმე თვით მოუწია ოპერაციის გადადება. ასევე არ მავიწყდება დედამისის ხმა, ტელეფონით დახმარებას რომ მთხოვდა ბავშვის გადმოყვანაში.

არის შემთხვევები, როდესაც უსუსურობის განცდა მაქვს: შეუძლებელია, დაეხმარო ყველას, ვინც მოგვმართავს, იქნება ეს მკურნალობის დაფინანსება, გამყოფ ხაზზე უსაფრთხო გადაადგილება, სოციალური პრობლემები თუ სხვა. მაგრამ ყველაზე მეტად ის მაბრაზებს, რომ პოლიტიკური პოზის გამო, სრულიად გაუმართლებელი და ხელოვნური პრობლემები ექმნებათ მათ, ვინც ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს.

ამ კვირაში ასევე უნდა დავგეგმოთ შემდეგი კვირის გასვლითი ვიზიტები სამეგრელოსა და შიდა ქართლის სოფლებში.

4 ივლისი, სამშაბათი

6 საათზე გამაღვიძა ნიკუშას ტირილმა. მაღალი სიცხე ჰქონდა. ალბათ გაცივდა. ჯერ წლინახევრისაა და ვერ ერევა გაციებას. მთელი დღე გაუგრძელდა მაღალი ტემპერატურა. ამიტომ სამსახურიდან ადრე მომიწია წამოსვლა და გვიან ღამემდე საავადმყოფოში ყოფნა. ძალიან წუხდა. ბავშვის ტირილი საშინლად დამთრგუნველია. მაიკოც ძალიან განიცდიდა: „ხომ არ ტირის ნიკუშა? საავადმყოფოში ხომ არ უნდა დატოვოთ?“

მთელი ღამე ისევ გამოუძინებელი დავრჩი, არადა ხვალ რადიო თავისუფლებაში უნდა მივიდე და „დილის საუბრებში“ ვილაპარაკო სახალხო დამცველის ანგარიშზე კონფლიქტით დაზარალებულთა უფლებების მდგომაროების შესახებ. მინდა, ცოტა აზრები დავალაგო. რაზე გავაკეთებ აქცენტს? სოფელ ზარდიაანთკარის ომის დროს დაზიანებულ სახლებზე ვისაუბრო? სოფლის მოსახლეობა დღემდე გორის საბავშვო ბაღში რომ ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელს სრულად აკონტროლებს საქართველოს პოლიცია? თუ გამყოფ ხაზზე სასწრაფო მანქანების შეუზღუდავ გადაადგილებაზე, რათა გადაუდებელი დახმარების შემთხვევებში აღარ იყოს საჭირო პაციენტის გადასმა მანქანიდან მანქანაში.

5 ივლისი, ოთხშაბათი

გარდა იმისა, რომ რადიო თავისუფლებაში, ნინო გელაშვილთან ერთად დილის საინტერესო საუბარი მქონდა, მარინა ვაშაყმაძისგან ასევე მივიღე არაჩვეულებრივი საჩუქარი – რადიო თავისუფლების მაისური. მარინა ვერც კი წარმოიდგენს ალბათ, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის ამ ჟესტით გამოწვეულ დადებით განცდას და დილის პოზიტივს მთელი ღამის დაძაბულობისა და უძილობის შემდეგ. სწორედ ასეთი პატარ-პატარა პოზიტივები ქმნის დიდ ბედნიერებას საბოლოო ჯამში, მით უმეტეს, თუ ის მაშინ მოგისწრებს, როცა ყველაზე მეტად გჭირდება.

რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოკვლევის შედეგებს ბედნიერების შესახებ. მეცნიერები 70 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ ადამიანთა ჯგუფს – ბავშვობიდან მოხუცებულობამდე. ეს ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი ექსპერიმენტი იყო უნივერსიტეტის ისტორიაში. მკვლევრები აცხადებენ, რომ თუ სოციოლოგიური გამოკითხვების დროს, ადამიანი ამბობს, რომ ბედნიერება მოაქვს ფულს, ძალაუფლებასა და პოპულარობას, 70-წლიანმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ რეალური ბედნიერება მოაქვს მყარ და ხარისხიან ადამიანურ ურთიერთობებს. ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს მეგობრული, ცოლ-ქმრული, სამსახურებრივი – ნებისმიერი! მთავარია, ეს ურთიერთობა იყოს მყარი და ხარისხიანი.

ჰოდა, ამ ხარისხიან ურთიერთობაზე გამახსენდა: რამდენიმე კვირის წინ აფხაზ კოლეგებს შევხვდით საზღვარგარეთ. ოფიციალური ნაწილის დამთავრების შემდეგ, სეირნობისას, ვთქვი, ფარფლებიანი საზაფხულო ქუდი მინდა ვიყიდო-მეთქი. ვეძებეთ ქალაქის ქუჩებში, მაგრამ ვერ ვნახეთ. საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, დათქმულ დროს შევიკრიბეთ სავახშმოდ, და ვხედავ, ერთ-ერთი აფხაზი კოლეგა მოდის ორი დიდი ულამაზესი ფარფლებიანი ქუდით. სიხარულისგან ლამის გული გამიჩერდა! ჩემთვის სწორედ ეს არის ხარისხიანი ადამიანური ურთიერთობა, გულისხმიერება და ყურადღება, რომელსაც ბედნიერების მოტანა შეუძლია.

…პატარა ნიკუშას ისევ მაღალი სიცხე აქვს.

6 ივლისი, ხუთშაბათი

დღეს მე და ქეთიმ მომავალი კვირები დავგეგმეთ. გვინდა, მცირე გამოკვლევა მოვამზადოთ გამყოფი ხაზის სოფლებში ახალგაზრდების უფლებრივ მდგომარეობაზე და მიგრაციის საკითხებზე. ყველა სოფელში, სადაც კი ადგილობრივ მოსახლეობას შევხვედრივართ, გვეუბნებიან, ახალგაზრდები სოფელში აღარ ჩერდებიანო. ბავშვების რაოდენობა გამყოფი ხაზის სკოლებში ყოველწლიურად მცირდება. ახალგაზრდებისთვის კი არ არსებობს თვითრეალიზების, განვითარებისა და დასაქმების თუნდაც მინიმალური შესაძლებლობები, განსაკუთრებით – სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ეს მაშინ, როცა ჩვენ ბუნებრივი საზღვარი ვართ აქო, გვითხრა სოფელ წითელუბნის ერთმა მკვიდრმა.

დღეს ვესაუბრე აფხაზეთიდან გადმოსულ ერთ განმცხადებელს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება და ჯანდაცვის პროგრამებში ჩართვა სურს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ომის გამო მას არც დაბადების მოწმობა აქვს, და არც რაიმე სხვა დოკუმენტები, 1993 წლამდე აფხაზეთში მის ცხოვრებას რომ დაადასტურებდა. იქნებ მშობლების საბჭოური პასპორტები გქონდეთ-მეთქი, ვკითხე. მშობლების პასპორტები კი არა, სურათებიც არ მაქვსო. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა აფხაზეთში დარჩენილებსა და აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალი პირებისთვის. შევთანხმდით, რომ ორშაბათს ერთად მივალთ იუსტიციის სახლში და გავარკვევთ, რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ სიტუაციაში. პირადობის მოწმობის გარეშე მის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს. ერთი ასეთი ცუდი გამოცდილება უკვე გვქონდა, როდესაც ცხინვალში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა ვერ მიიღო შესაბამისი დოკუმენტები, ვერ იმკურნალა და გარდაიცვალა. ასეთი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს!

ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ქმედითად ვერ პასუხობს მავთულხლართების გავლებას, მწვანე ბანერების ჩადგმას, ადგილობრივი მოსახლეობის დაკავებას და ა.შ. რა იქნებოდა ქმედითი ნაბიჯი? ჩემთვის ხელისუფლების ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა, ამ რთულ ვითარებაშიც კი, ისეთივე ზრუნვა აფხაზებსა და ოსებზე, როგორც სხვა დანარჩენ საკუთარ მოქალაქეებზე. სახელმწიფო პოლიტიკა და ისსახელმწიფო პროგრამები, რომლებიც არსებობს საქართველოს მოქალაქეებისთვის, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თითოეული მცხოვრებისთვისაც.

არ ვიცი, მაინცდამაინც ახლა რატომ გამახსენდა ერთი აფხაზი კოლეგის ნათქვამი: ჩემი ყველაზე საყვარელი ფრაზა ქართულ ენაში არის „ღმერთო ტაბურეტკა გვესროლეო“.

7 ივლისი, პარასკევი

დღეს შინ დავრჩი ნიკუშას ავადმყოფობის გამო. მახსოვს, სახალხო დამცველის აპარატში მუშაობა სულ ერთი კვირის დაწყებული მქონდა, როდესაც გოგონა ავად გამიხდა და მომიწია, ხელმძღვანელისთვის გათავისუფლება მეთხოვა. შემდგომ ეს არცთუ იშვიათად მეორდება. ძალიან მიხარია, რომ სახალხო დამცველის აპარატში მომუშავე დედებს აქვთ სრული მხარდაჭერა, ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლონ გათავისუფლება ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.

გამონაკლისი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ბავშვების კვების, განათლების, ტრანსპორტირების, აღზრდის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობა, ძირითადად, მე მაქვს აღებული. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, რადგან ბავშვებთან მეტი დროის გატარების შესაძლებლობას მაძლევს. თუნდაც მაიკოსთან ერთად, საცობში გაჭედილ მანქანაში სიმღერა – და ხანდახან ცეკვაც კი! – რად ღირს. თუმცა, მეორე მხრივ, ეს გარემოება განსხვავებულ და არათანაბარ პირობებში მაყენებს სამსახურში, არა მხოლოდ მამაკაც თანამშრომლებთან, არამედ იმ ქალ თანამშრომლებთანაც, რომელთაც 18 საათის შემდეგ სახლში არ მიეჩქარებათ. მათ შეუძლიათ, მეტ საათს იმუშაონ, რაც თავისთავად აისახება მათ შედეგებზე და შემდგომ კარიერულ წინსვლაზეც. სხვათა შორის, დამსაქმებლებმა ეს ვითარება იციან და უარს ეუბნებიან ორსულ ქალებს ან მცირეწლოვანი ბავშვების დედებს დასაქმებაზე ან დაწინაურებაზე. ასე უფრო მარტივად არ მოგვარდება პრობლემა?

ბევრმა, ალბათ, არც ის იცის, რომ მცირეწლოვანი შვილების დედებს ღამე მხოლოდ 4-5 საათს სძინავთ.

8 ივლისი, შაბათი

კვირის მანძილზე იმდენად დიდი უკმარისობა მაქვს ხოლმე ოჯახის წევრებთან ყოფნის მხრივ, რომ უქმე დღეებს, ძირთადად, მათთან ვატარებ. დღესაც ასეა, მით უმეტეს, რომ პატარა ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. უამრავმა მეგობარმა, ნათესავმა თუ ახლობელმა მოგვიკითხა ნიკუშას ავად ყოფნის პერიოდში. ეს არის კიდევ ერთი დასტური ხარისხიანი და მყარი ურთიერთობებისა. ნამდვილად ბედნიერებაა, გეგულებოდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, იზრუნონ შენზე, გვერდში ამოგიდგნენ ან, უბრალოდ, მოგიკითხონ.

დღეს აფხაზმა კოლეგებმაც მომიკითხეს. მათთან ძირითადად დისტანციური ურთიერთობა მაქვს ხოლმე სოციალური ქსელების მეშვეობით. მაგალითად, შუა ქეიფში „ვაიბერით“ ჩავრთულვარ სადღეგრძელოში მონაწილეობის მისაღებად. ასევე, პირადადაც ვხვდებით ხოლმე დიალოგის სხვადასხვა ფორმატში.

აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის პროცესში 2009 წლიდან ვმონაწილეობ და ეს, ალბათ, ჩემი სამუშაოს ყველაზე რთული, საინტერესო და, ამავდროულად, ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. ერთმანეთზე გავბრაზებულვართ, ცხარედაც გვიკამათია, რჩევა გვითხოვია, ერთად დაგვილევია და კარგი მუსიკაც მოგვისმენია. თუმცა, მოგვისმენია ომის ძალიან მწარე ამბებიც და გვიმსჯელია მშვიდობის მნიშვნელობაზე. არცთუ დიდი ხნის წინ ვიყავი ბოლოს ასეთ შეხვედრაზე, სადაც ერთმა მონაწილემ მკითხა, კიდევ ხომ აღარ იომებთ ჩვენთანო? შეიძლება ვინმე გააკვირვოს შეკითხვის აბსურდულობამ, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელშიც აფხაზები და ოსები ცხოვრობენ. მათ დღემდე აქვთ განცდა, რომ, შესაძლოა, განმეორდეს ის, რაც ისედაც არ უნდა მომხდარიყო. ეს განცდა, ალბათ, ჩვენც გვაქვს.

წინა დღეებში ადამიანურ ურთიერთობაზე ვწერდი და ხშირად მიფიქრია, როგორ ან როდის უნდა აღდგეს ადამიანური ურთიერთობები მათთან? ალბათ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გადავლახავთ ერთმანეთის მიმართ შიშს და მოვახერხებთ, დავიბრუნოთ ერთმანეთის პატივისცემა.

Your browser doesn’t support HTML5

თავისუფლების დღიურები