სალომე ჭინჭარაული - სტუდენტი

1 ივლისი, კვირა
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ ცხელ საღამოს, როცა, ჩვეულებისამებრ, ფეისბუკ-სივრცეში „დავეხეტებოდი“, რადიო თავისუფლების გვერდს წავაწყდი. ჩემი მეგობრების უმეტესობას მოწონებული ჰქონდა, სიახლეების მხოლოდ ნაწილს მიხსნიდა და მეც მოვიწონე, რომ რიგიანად დამეთვალიერებინა. საინტერესო და აქტუალური სიახლეები ვნახე. სხვათა შორის, ლიტერატორებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი სტატიაც იყო მოტანილი. მეორე დილას გავიგე, რომ თურმე მე-10000 ვიყავი!

რედაქციაში მიმიწვიეს და საჩუქრად „თავისუფლების დღიურები 2011“ გადმომცეს. აქამდე არაფერი ვიცოდი მსგავსი ლიტერატურის შესახებ. წიგნის წყალობით, საინტერესო ადამიანები გავიცანი და საინტერესო ისტორიები ამოვიკითხე. „თავისუფლების დღიურები“ 2006 წლიდან იწერება და მათ შორის ჩემთვის ძალიან ბევრი საყვარელი ადამიანის დღიურიც არის. აუცილებლად მოვიძიებ და ამოვიკითხავ მათ ყოველდღიურობას.

მერე ქალბატონმა მარინა ვაშაყმაძემ, როგორც საიუბილეო სტუმარს, მეც შემომთავაზა დღიურის დაწერა: ეს შენი კვირააო! ყურებს არ დავუჯერე: ამდენი მარადიულობას მიტანებული ადამიანი და მე - ერთი უბრალო სტუდენტი გოგონა! უნდა აღვწერო ჩემი ჩვეულებრივი, ერთობ არაბანალური, მაგრამ ცალსახად უბრალო შვიდი დღე და სხვებმა ჩემი მონათხრობი უნდა მოისმინონ! ამ რამდენიმე წუთმა იმაზე მეტი განცდა მომიტანა, ვიდრე მთელმა განვლილმა წელმა. ყოველ შემთხვევაში ამ გადმოსახედიდან ასე მგონია... ამაზე ბევრი რომ ვიფიქრო, შეიძლება საერთოდ შევწყვიტო წერა, მაგრამ ის მომენტი, რომ მე, სალომე ჭინჭარაული, იმავე პროექტის მონაწილეთა სიაში ჩავირიცხები, რომლის ძვირფასი მარგალიტებიც ვახუშტი კოტეტიშვილი, ნაირა გელაშვილი, ჯემალ აჯიაშვილი არიან, მმატებს პასუხისმგებლობის გრძნობას. ნებისმიერ შემთხვევაში, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ!

Your browser doesn’t support HTML5

თავისუფლების დღიურები - სალომე ჭინჭარაული


2 ივლისი, ორშაბათი
დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მაქვს დაგეგმილი - მხოლოდ უბრალო, ყოფითი ფორმალობები. ვიცი, რომ რთული საღამო მელის: ხვალ გამოცდა მაქვს და ვცდილობ, დღე შედარებით მსუბუქად გავატარო.

შუადღისას, ჩვეულებისამებრ დაგვიანებით, მივედი საჯარო რეესტრში, რომელშიც სამი დღის წინ ჩემი ე.წ. „აიდი-ბარათი“ მქონდა დატოვებული მასზე სტუდენტური „კარდის“ ფუნქციების ჩასატვირთად. ჯერ იყო და ნახევარი საათი რიგში მხოლოდ იმისთვის ვიდექი, რომ გამეგო, ვისთან მივსულიყავი ბარათის ასაღებად, მერე ერთმა დალოცვილმა მუშაკმა 21 სამომხმარებლო ფანჯრიდან სწორედ იმაზე მიმითითა, რომელთანაც ყველაზე მეტი ადამიანი იდგა. ტანჯვისა და მოუთმენლობის 47 წუთი (დრო წინასწარ დავინიშნე ინტერესის გამო) და დამატებული „ბონუს-წუთები“, ანუ ის დრო, რომელიც, ჩემი პირადობის ყუთის ძებნისთვის დასჭირდათ და ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს მოწმობას დამატებოდა სტუდენტის სტატუსი და სიტყვიერი განმარტება, რომელიც ჯერაც არ ვიცი, როდის შევა ძალაში და რა პრივილეგიები მექნება, როგორც სტუდენტს.
გვიანი საღამო იყო, როცა გამოვფხიზლდი. სხეულიდან ძლივს ჩამოვიბერტყე მთელი დღის დაღლა. საკმაოდ გრილოდა და მეც ჩემი დაუსრულებელი სურვილი ავისრულე და შუა ზაფხულში ჩაი დავაყენე. ჩემი საყვარელი ჩაი, რომელიც თავისი დაუვიწყარი გემოთი და არომატით ნახევარ სამყაროს მერჩივნა. მისი სურნელება ოთახებს მოედო და მეც ძველი ჩვევები გამახსენდა. ხელი დავავლე ფურცელს და კალამს და... აზრების ზღვა ნაკადი მომადგა გონებაში. ძლივს ვასწრებდი მათთან გამკლავებას. ვერც კი გავიაზრე, ისე დავწერე ნახევარი მოთხრობა. საათს რომ ავხედე, ორშაბათი ფეხაკრეფით მიიპარებოდა. ნაწერი გადავიკითხე და საკუთარი თავი მომეწონა. ამან დროის შეგრძნება დამაკარგვინა და წერა განვაგრძე. ბოლო წერტილი რომ დავსვი, ეზოში გავედი. ჩემს „მთვარით განათებულ ბაღში“ უკვე სამშაბათი იდგა...

3 ივლისი, სამშაბათი
დილას დედამ გამაღვიძა, მე და დალი (დეიდაჩემი) საყიდლებზე მივდივართ და შენი დახმარება დაგვჭირდებაო. სახლიდან რომ გავედით, დილას ჯერ ისევ სისხამი სიგრილე მოჰყვებოდა.

ყოველთვის უცნაური შეგრძნება მაქვს, როცა ბაზარში შევდივარ. მგონია, თითქოს სხვა სამყაროში ვადგამ ნაბიჯს. მეუცნაურება იქაურობა, ჩემთვის საინტერესო ადამიანები მხვდებიან. ხშირად მათ მძაფრი განცდა და ემოცია მოუტანიათ, იმდენად, რომ წერა დამიწყია, ჩამინიშნავს მათი ხასიათის შტრიხები და მერე აღმიწერია. ოღონდ ყოველთვის ფრთხილად, შეფარვით აღვწერ, იმისათვის, რომ ვერ მიხვდნენ, ვისზე ვსაუბრობ. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ჩემს ინტერესს იწვევენ. ბევრი საინტერესო სახეა, თუნდაც ფოტოგრაფიული თვალსაზრისით. ბევრჯერ წავსულვარ კამერით და არაერთი ემოციური კადრი გადამიღია. ის სამყარო ხომ ნამდვილია, ის არის ჩვენი კარგად შეფუთული ცხოვრების მეორე მხარე. ის მხარე, სადაც - სანამ დილის ძილით განებივრებული ზოგიერთი ადამიანი ადგომას არ ჩქარობს - რომელიღაც სოფელში, რომელიღაც გლეხი უკვე კარგა ხანია ფეხზეა და ქალაქისკენ მოემართება ორიოდე დღის საარსებო პურის საშოვნელად. ზოგი კი იღვიძებს და ქალაქში წამოსვლაზე სულაც არ ფიქრობს. უბრალოდ დგება, მთებს ესალმება და თავის ყოველდღიურ საქმეს შეუდგება.

ზუსტად არ ვიცი მათი ცხოვრება - მე ქალაქში გავიზარდე. მაგრამ ეს ხალხი ბავშვობიდან მაინტერესებს და ყოველთვის, როცა ბაზრის ზღურბლს გადავაბიჯებ, გონებაში ათასგვარი წარმოდგენა მიცოცხლდება და ყოველთვის მაინტერესებს მათი ცხოვრება...

4 ივლისი, ოთხშაბათი
გუშინ გვიანობამდე ვიმეცადინე - ჯერ მელოდიურად ვიკითხე კონსპექტები, მერე კი მთელი თავით „გადავეშვი“ ნიკო მარის წერილში. დილას გვიან გამეღვიძა და უნივერსიტეტშიც გვიან მივედი. ჯგუფელებს შევუერთდი ბიბლიოთეკაში და ერთად გადავხედეთ მომავალი გამოცდის საკითხებს. რამდენიმეზე ვერაფერი მოვიძიეთ და რაკი ჩვენი ლექტორი, ეკატერინე ნავროზაშვილი, უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს, მე და ჩემი მეგობარი იმ წიგნის გამოსართმევად გადავედით, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაში არ აღმოჩნდა. მასთან საუბარი ყოველთვის მსიამოვნებდა, ახლა კი, მომავალ გეგმებზე საუბრისას, ახალი მასშტაბები და პერსპექტივები დაგვისახა.

ყოველთვის რაღაც ახლის მომტანია საინტერესო ადამიანებთან საუბარი. მით უმეტეს, როცა ეს საუბარი შენ გეხება. დღეს ერთი სიახლე შევიტყვე ჩემ შესახებ. თურმე ჰაერში ვცხოვრობ - ერთი ილუზიიდან მეორემდე. და მაქვს კითხვა ადამიანებთან - რა არის სინამდვილე, სუბიექტური ეგოიზმისგან დაცლილი სინამდვილე? ისეთი, რომელშიც არ იქნება არც ერთი მიკერძოებული შეხედულება.

განცდა ყველაზე უკეთ მოვლენასთან უშუალო შეხებას მოაქვს. ჰოდა მეც შევეხე შუაგულ ზაფხულისთვის უჩვეულოდ ცივ წვიმას და გონებიდან ყველა ნეგატივი განვდევნე, იმდენად, რამდენადაც ბუნებასთან სიახლოვე ყოველთვის მაახლოვებს სამყაროსთან. ასეთ შემთხვევაში უკეთ შემიძლია მივიღო და გავიგო საზოგადოების აზრი. რთული დღე მქონდა, მაგრამ არა უსასრულო...

5 ივლისი, ხუთშაბათი
საბუთების მზადება დილიდანვე დავიწყე. ხევსურეთის ერთკვირიან ტურში მივდივარ. ზუსტად ისე, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე: ავდგები, ზურგჩანთას გადავიკიდებ და ფეხით მოვივლი ჩემი სამშობლოს ყველაზე ახლობელ ადგილს, ჩემს მამულს - ხევსურეთს. გაზრდილი თვალით შევხედავ და უფრო მეტად შევიყვარებ ჩემს მთებსა და მდინარეებს, უფრო დავაფასებ კლდეზე თითო-ოროლად ამოსულ ყვავილებს და უფრო ღრმად და მსუბუქად ვისუნთქებ, ვიდრე ოდესმე... ჩემი ხევსურეთი ხომ ჩემი სულის გამოძახილია. გარდასული ამბებისა და წინაპრების მიწა-წყალი, ხმით ნატირლებად რომ გაისმის ქედებს მიღმა და მაგიურ განწყობას გიქმნის იქ მოხვედრილს. თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ შატილში, აუცილებლად ჩაგესმებოდათ დროში განფენილი წინაპრების და მათ შორის, ალბათ, ჩემი წინაპრის აკვნესებული ფანდური და სევდიანი ხმით ნამღერი ბალადა...

ბედნიერი ვარ! რომ არა ხევსურეთის ტური, ალბათ დღესვე გადავიხვეწებოდი კოჯორში და უკვე დანათესავებულ ხეებს შევეფარებოდი ქალაქის ქაოსისგან დასაცლელად...

ყველა საბუთი მივიტანე, რაც ტურისათვის იყო საჭირო და როდესაც ჩემი გვარი სიაში ამოვიკითხე, კმაყოფილებით გამოვედი ოთახიდან. უკვე საჭირო ნივთებზე დავიწყე ფიქრი.

ცოტა ხანში სამეცადინოდ მოსული ჩემი მეგობარი ავიყოლიე და ახლა უკვე ერთად ვიბოდიალებთ - ის, ჩემი ძლივს დაბრუნებული მეგობარი, და მე...

საღამო მშვიდი და უშფოთველი მქონდა. ჩემს დისშვილს საყვარელი მულტფილმი, „ქალთევზა არიელი“ ჩავურთე და დავიძინეთ: მან სასიამოვნო განცდით, მე - ბავშვობის მოგონებებით...

6 ივლისი, პარასკევი
ისევ უნივერსიტეტში ვარ, ბიბლიოთეკაში. ისევ ვცდილობ ვიმეცადინო და ისევ რაღაც მიშლის ხელს...

ჩემ წინ ბიჭი ზის და მეგობარს ამბავს უყვება. ის უსმენს. გვერდით კი შეყვარებული უზის და ძალდატანებულ ღიმილს აყოლებს მონაყოლს... ბიბლიოთეკის დაცვას საქმე არა აქვს და ვიდეოპორტალის თვალიერებით გაჰყავს შინ წასვლამდე დარჩენილი დრო. მე და ჩემი მეგობარი ვსხედვართ და კონსპექტებში ვიხრჩობით. ის ჩუმადაა. ვრცელი ლექცია წამიკითხა საჩუქრად ბოძებულ შემთხვევით მოულოდნელობაზე და გამოუყენებელ შანსებზე. ჰოდა, მეც მივუჯექი კომპიუტერს და დავიწყე ტექსტის აკრეფა. რთულ საქმეს შევეჭიდე: უკვე პარასკევია, არადა, კვირიდან მოყოლებული, პერიოდულად უნდა მებეჭდა ჩემი დღიური: ეს კვირა ხომ ისე სავსეა მოვლენებით, რომ მგონია, არც ერთი წვრილმანი არ დამავიწყდება.

შუქი წავიდა... კაფე „ლიგამუსში“ მივდივართ. და სანამ „ლიგამუსის“ ნარინჯისფერ ბიბლიოთეკაზე ვცვლით ჩვენს ახალ, მწვანე ბიბლიოთეკას და სანამ მოღალატეობას დაგვწამებენ, მე ვიწყებ უკუსვლას, კვირის ბოლო დღისკენ, რომ დავიწყო თქმა და თხზვა, ჩემი არაორდინარული, ნამდვილი და ნაფიქრალი ცხოვრებისა. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მიყვარს ჩემი პირველი კორპუსი და მაშინვე დავუბრუნდები უნივერსიტეტს, როგორც კი სინათლე მოვა...

7 ივლისი, შაბათი
დღეს ჩემი „დღიურობანა“ სრულდება.

მახსოვს, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, ერთმა მნიშვნელოვანმა ადამიანმა მირჩია ყოველდღიური განსაკუთრებულობის აღწერა და პირადი მოგონებების უკვდავყოფა. ჩემს შემთხვევაში ამან გაამართლა. ვისაც დღიურის წერა არასოდეს უცდია, უნდა იცოდეს, რომ დარდისა და ნაფიქრალის ფურცლისთვის გაზიარება გადასარევი საშუალებაა ცხოვრების გასამარტივებლად. ის ყოველთვის მოგისმენს და არასოდეს გისაყვედურებს.

ჩემი წასვლის დროც მოვიდა, შიშნარევი გამბედაობით მივდივარ ყურადღებიან და ღიმილიან ქალბატონ მარინასთან. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება...