მაია მგელიაშვილი - მენეჯერი

მაია მგელიაშვილი

კვირა, 18 თებერვალი

წუხელ სტოკჰოლმიდან ჩამოვფრინდი, ცოტათი დაღლილი და გაციებული, მაგრამ, წინააღმდეგობრივი ემოციებით გადატვირთული. გლობალურ სამიტზე „დავასრულოთ ბავშვთა მიმართ ძალადობა“ საქართველოს წარვადგენდი, უფრო სწორად, საქართველოს ბავშვების იმ 50 პროცენტის ინტერესებს, რომლებიც ყოველდღე ძალადობრივ სიტუაციებში არიან, იმ 2 500 ბავშვს, რომელიც ყოველდღიურად ქუჩაში საკუთარი თავის გადასარჩენად და დასამკვიდრებლად იბრძვის, მათ, ვინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს ყველანაირი ოცნებისა და მომავლის გარეშე. რიცხვებისა და პროცენტების მიღმა ბევრი საფიქრალი ჩნდება... ჩემთვის ამ რიცხვებსა და პროცენტებს, დიდი ხანია, სახელები ჰქვიათ. მე ჩემი საკუთარი გმირები მყავს. ამ გმირებს, უკვე 17 წელია, ჩემს სამუშაო გარემოში, ჩემს ბავშვებს შორის ვპოულობ და მინდა მივცე ყველაზე მთავარი - არჩევანის თავისუფლება, იმ არჩევანისა, რომელიც მათ ოჯახმა და საზოგადოებამ დაბადებისთანავე წაართვა.

ამ დილითაც, ჩვეულებრივ, მრავალი ემოციით გავიღვიძე, მაგრამ სახლში ვარ და სიცოცხლეც ლამაზია ჩემს პატარა მარიამთან ერთად. მარიამი ჩემი ცხოვრების მთავარი ღერძია და მეც ისევე ვბრუნავ მის გარშემო, როგორც დედამიწა. 11 წელია, მილამაზებს ყოველდღიურობას. ვცდილობ მთავარი ვასწავლო და ეს მთავარი ისევ არჩევანის თავისუფლებაზე გადის. მინდა საკუთარი თავი იყოს და სხვის ცხოვრებას არ შეედაროს, მინდა თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები მიიღოს და, უბრალოდ, იყოს ბედნიერი. ყველაზე დიდი გამარჯვება ხომ საკუთარ თავთან კომპრომისია, რაც მე, სამწუხაროდ, ვერ შევძელი.

ჩემი დილის ტრადიციული დაწყებაც, ალბათ, არაფრით განსხვავდება სხვა მილიონობით თუ მილიარდობით ადამიანების დილისაგან, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ განსხვავებული ცხოვრებით ვცხოვრობ და იმიტომ არა, რომ ჩემი დილა, სავარაუდოდ, ყავით და სიგარეტით იწყება, არამედ იმიტომ, რომ მე ადამიანების ღირსების აღდგენისათვის ვიბრძვი და მჯერა, რომ მათში არსებული პოტენციალი აუცილებლად იპოვის გზას. გაძლიერება - ეს უმთავრესი სიტყვაა, რომელსაც ჩვენ, სოციალური მუშაკები, პროფესიის გზამკვლევად ვიყენებთ. მიყვარს ცნობილი ადამიანების აფორიზმები და გამონათქვამები და ახლაც, ამ დღიურის წერისას, მეხსიერებაში ამოტივტივდა რაინჰოლდ ნიბურის სიტყვები: „ღმერთო, მომეცი მოთმინება ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია, გამბედაობა - შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რომ პირველი მეორისაგან განვასხვავო“. როდესაც მომავალ სოციალურ მუშაკებს ლექციებს ვუკითხავდი, ადვოკატირებისა და სოციალური ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრისას არც ეს გამონათქვამი მავიწყდებოდა იმის საილუსტრაციოდ, რომ ყოველთვის ღირს ბრძოლა საიმისოდ, რისი შეცვლაც შეგვიძლია. ჩემი ცხოვრების უმძიმეს წუთებში, მაშინ, როცა ვფიქრობ, რომ ვერავინ გადავარჩინე, რომ დამაგვიანდა, რომ არ დამიფასდა, რომ სისტემასა და ბუნებასთან ბრძოლა კრახით დასრულდა, მახსენდება 21 წლისას როგორ მომართვა მადლიერმა ბავშვმა ვარდები და კიდევ მახსენდება პავლე, რომელმაც გლდანის კრიზისულ ცენტრში მუშაობისას თავდაყირა დააყენა ჩემი რწმენა, თითქოს მე უკეთ ვიცოდი, რა სჭირდებოდათ ბავშვებს. ასე გახდა ის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გმირი, რომელიც დღეს უკვე ჩემთან ერთად ცდილობს დაანახვოს საზოგადოებას, რომ მშრალი ციფრების იქით ღირსებაწართმეული, გაყინულხელებგაწვდილი და იმედგამოცლილი ბავშვები არიან, ის ბავშვები, რომელთაც არჩევანის თავისუფლება წავართვით.

დიდი ხანია, დღიურები არ მიწერია. ახლა კი ძალიან დიდი მისია დამეკისრა. ვზივარ ჩემს სახლში, ნაძალადევში, საღამოს 10 საათზე, სრულიად უბრალო ცხოვრებით მცხოვრები და ყოველდღიურობის ამაოებაში დაძირული ქალი და ვცდილობ ადამიანების გულებამდე მთავარი სათქმელი მივიტანო, რომ ქუჩაში ბავშვების გაწვდილ ხელს ხურდა ფული კი არა, ჩვენი თბილი ხელი სჭირდება, რომ ეს გაწვდილი ხელი ხვალ ჩვენსავე შვილებს მძიმე მუშტად არ მოუბრუნდეთ. საკვირველია, არა? არასოდეს რომ არ ვფიქრობთ ჩვენს საკუთარ წვლილზე პრობლემის არსებობაში და გვირჩევნია ისევ მშრალი სტატისტიკით გამოწვეული აღშფოთება ვინმე სხვას გადავაბრალოთ. მე, დიდი ხანია, დავემშვიდობე პოზიციას „მე რა შუაში ვარ?“ და ვთვლი, რომ ცვლილებაში ერთი აგური მეც უნდა დავდო. სხვანაირად არ მექნება უფლება ჩემს მარის ღირებულებებზე ვესაუბრო ან ჩემს მშობლებს შევხედო, მათ, ვინც სიყვარული მასწავლა და ყველაზე მთავარი მომცა ცხოვრებაში - არჩევანის თავისუფლება.

ორშაბათი, 19 თებერვალი

ტრადიციულად, 7 საათზე დარეკა მაღვიძარამ და ახალი სამუშაო კვირის დასაწყისი მამცნო. უცნაური ის არის, რომ, ჩემი თითქმის 17-წლიანი უწყვეტი სამუშაო სტაჟის მიუხედავადაც კი, დილით ჩემით გაღვიძებას და ადგომას ვერ მივეჩვიე, ამიტომ მაღვიძარას ზარს ყოველთვის მტკივნეულად აღვიქვამ. 10 წუთი გავწელე ადგომა და შემდეგ სამზარეულოსკენ წავედი ყავის მოსამზადებლად და დილის რიტუალის გასავლელად. დილის რიტუალში წყლის გადავლება, ფინჯანი ყავის მირთმევა, ფეისბუქის დათვალიერება და მარის სკოლისათვის მომზადებაში დახმარება შედის. დღევანდელი მოსწავლეობა ძალიან განსხვავდება ჩემი დროის მოსწავლეობისაგან, რომლის დიდმა ნაწილმა 90-იან წლებში ჩაიარა და ამიტომაც დილით გაღვიძება მუდამ ე.წ. „კერასინკის“ სუნსა და დაუძლეველ სიცივესთან ასოცირდება. არ ვიცი, ეს რატომ გამახსენდა, მაგრამ ჩემში სულ ცოცხლობს ის, რასაც „90-იანების შტამს“ ვუწოდებ, ვირუსის იმ ტიპს, რომელიც მეოთხე თუ მეხუთე კლასიდან შემეყარა და დღემდე ვერ დავძლიე-ამ ვირუსს სიბნელის, სიცივის, ომის, ნგრევის, შიმშილისა და, ზოგადად, მოსალოდნელი უბედურების შიში ჰქვია. შეიძლება ზუსტად ამიტომ ძალიან კარგად მესმის, თუ რისი შეიძლება ეშინოდეთ ბავშვებს.

დღეს ის დღეა, როდესაც ყოველთვიურად იმართება ქ. თბილისის მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს სხდომა. საბჭო სოციალური მომსახურების სააგენტოში ტარდება და მიზნად ისახავს გადაწყვიტოს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის დროებითი ზრუნვის ფორმის შერჩევის საკითხი. საბჭოს სხდომებს ზოგჯერ ვერ ვესწრები და დასწრების შემთხვევაშიც ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები ერთმანეთს ენაცვლება. ჩვენ, საბჭოს წევრები ხომ სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე ბავშვის მომავლის შესახებ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ჩვენმა მცდარმა ნაბიჯმა კი, შესაძლოა, მათი ისედაც წართმეული ბავშვობა მთლად დაასამაროს. აი, ანანოს, დათოს, მიას და ნინოს ქეისები, ტკივილით სავსე ფურცლები, ადამიანური ტრაგედიებით და ხანდახან იმედის ნაპერწკლით - აი, გადარჩა! „გადარჩენა“ ჩემი პროფესიული მოღვაწეობის გზამკვლევია, ამ გადარჩენისთვის ვიბრძვი ყველგან - ინდივიდუალურად ბავშვებთან, როცა ვცდილობ იმედი ჩავუსახო და ცუდს გავარიდო, ახალი პროექტებისა და იდეების წერისას, რითიც მათთვის უკეთესი ყოველდღიურობის შეთავაზებას ვცდილობ და სახელმწიფო მოხელეების კაბინეტებშიც, სადაც მინდა მათი ჩამქრალი თვალებიდან წამოსული უიმედო მზერა კედლებს ხვრეტდეს. საბჭოზე ყოფნა ხანდახან, ჭადრაკის ანალოგიით, ისეთ განცდას იწვევს, თითქოს წარმოსახვით დაფაზე რაღაც სვლებით ბავშვებს სისტემაში ვამოძრავებთ, სისტემაში, რომელიც სოციალურად ობლებისათვის ან დედა უნდა გახდეს, ან დედინაცვალი.

სამშაბათი, 20 თებერვალი

დღეს აღმაშენებლის გამზირის 61 ნომერში მივდივარ, იმ ადგილას, სადაც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ძალიან კარგი ორგანიზაცია - „World Vision საქართველო“ - არის განთავსებული. ეს ორგანიზაცია, მეექვსე წელია უკვე, ჩემი სამუშაო ადგილია და მაძლევს იმის საშუალებას, განვახორციელო ის, რაც ჩემთვის პირადად და პროფესიულად უმნიშვნელოვანესია, ანუ დავეხმარო და გადავარჩინო ყველაზე მოწყვლადი და ყველაზე დაუცველი ბავშვები. ეს არაა მხოლოდ სამუშაო ადგილი. აქ ის გარემოა, სადაც სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები კარგი საქმის კარგად კეთებას ცდილობენ. მე მიყვარს World Vision-ი, რადგან ეს საერთაშორისო ორგანიზაცია, უკვე 20 წელია, ქართველი ბავშვების კეთილდღეობის სადარაჯოზე დგას. ამ სიტყვებს ვწერ და თან ვფიქრობ, რომ შეიძლება ტრაფარეტულად გამომივიდეს , მაგრამ სრული გულწრფელობით ვამბობ: ამ ორგანიზაციას ჭეშმარიტად ჰუმანური მიზნები აქვს, რომელთა მიღწევას ჩვენი ეთიკური ქცევით ვცდილობთ. აქ მომუშავე ადამიანები ჩემი მეგობრებიც არიან და ამ მეგობრობასაც ჩვენი საერთო ღირებულებების სისწორის რწმენა განაპირობებს.

საქმე მართლაც ბევრია - ადმინისტრაციულიც, შინაარსობრივიც. მე მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებისა და 24-საათიანი თავშესაფრების მართვა მავალია. ჩემი ორგანიზაცია 2013 წლიდან თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან და ერთობლივად ვცდილობთ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს მობილური ჯგუფებისა და ცენტრების საშუალებით უკეთესი ალტერნატივები შევთავაზოთ. გარდა ამისა, გვინდა საზოგადოების წევრებს და კორპორაციულ სექტორს მივაწვდინოთ ხმა, რომ ქუჩაში ცხოვრება ბავშვების არჩევანი არ არის. შარშან კამპანია „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ წამოვიწყეთ, რომ საზოგადოებამდე მიგვეტანა გზავნილი: ქუჩაში ცხოვრება არჩევანი არ არის და მას ძალიან ბევრი სისტემური ფაქტორი განაპირობებს. ქუჩაში ბავშვის რეაბილიტაცია ურთულესი საქმეა, მრავალწახნაგოვანი პრობლემაა, რომელიც ქვეყანაში პრევენციის არარსებობის, უკიდურესი სიღარიბის, ალტერნატივების ნაკლებობისა და დაბალი ცნობიერების შედეგია. ამ ბავშვების ცხოვრებაც მუქი ფერების ერთობლიობაა, რომელსაც ძალადობა და ჩაგვრა გასდევს ლაიტმოტივად. ჩვენი ბავშვები ქვიშის კარიერის გენერლები არიან, კარიერისა, რომელშიც ყველაზე ძლიერი ყველაზე სუსტს ჩაგრავს და ეს სოციალურად დასწავლილი ძალადობრივი წრე თაობიდან თაობას გადაეცემა.

„ცენტრი“ ჩემი საყვარელი ადგილია. ჩემს ორგანიზაციას მიუსაფარ ბავშვთა ასეთი სამი ცენტრი და მობილური ჯგუფი აქვს. აქ კარგი ადამიანები მუშაობენ, რომელთაც თავის თავზე გადააქვთ ბავშვების ტკივილი და ხშირად დაუფასებელი შრომისა და მინიმალური ანაზღაურების პირობებში მაინც არ კარგავენ იმედს, რომ ბავშვების მომავალი ლამაზი ფერებით გაფერადდება. ნდობა აქ მუშაობის საკვანძო სიტყვაა. ძნელია მოიპოვო მათი ნდობა, ვინც ყველამ უარყო, ვისაც თავისი თავი უუნაროდ მიაჩნია, ვისაც წართმეული აქვს იმედი. მადლობა მათ იმისთვის, რომ იბრძვიან ბავშვების საკეთილდღეოდ, რომ მათი ადამიანური ტკივილი აქვთ გაშინაგნებული, რომ მათ ყოველდღიურობაში სამსახური მხოლოდ სამსახური არ არის.

ოთხშაბათი, 21 თებერვალი

გათენებისას სომხეთში გავფრინდით. მომდევნო ორ დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად ქალაქ ერევანში გავატარებ. სომხეთისა და საქართველოს World Vision-ის ოფისები სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში ერთიანდება. იქაურებთან ერთად ორგანიზაციის სამომავლო სტრატეგიაზე უნდა ვიმსჯელოთ. სახლიდან შორს ყოფნა ხშირად მიწევს და რომელ ქვეყანაშიც არ გინდა ვიყო, გული მაინც სახლისკენ მეწევა. ახლაც ასეა. ორი დღე ვითომ არაფერია, მაგრამ როდესაც სახლის კარებს გამოვკეტავ, წამიერად არდაბრუნების ქვეცნობიერი შიში ჩნდება და კიდევ - ფრენისწინა შფოთვა, რომელიც ვერასოდეს გადავლახე.

მარის მძინარეს ვტოვებ და ვფიქრობ, რომ დედობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემს ცხოვრებაში, რომ მარი ჩემი სიცოცხლის უმთავრესი პროექტია, რომელიც ძალიან მინდა, რომ წარმატებულად დაგვირგვინდეს; მინდა, რომ შვილის თვალებში არეკლილი ჩემი სახე ყოველთვის პოზიტიური იყოს, რომ მის გზაზე შეხვედრილი ადამიანების დაფასება და მათი პატივისცემა შეეძლოს. ამ ფიქრებით ვტოვებ სახლს და აეროპორტისაკენ მივდივარ.

ხუთშაბათი, 22 თებერვალი

ერევანში სტრატეგიული დაგეგმარება ემოციურად მიმდინარეობს. ჩვენი სამსახურისათვის ახალი რეალობა უნდა გავითვალისწინოთ: დონორები გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს პრიორიტეტად აღარ აღიარებენ. გასაკვირიც არაფერია თითქოს: საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ თითქმის 25 წელი გავიდა და ჩვენც ნელ-ნელა უნდა შევძლოთ საკუთარი რესურსით არსებობა, მით უმეტეს, რომ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების, კატასტროფებისა და უთანასწორობების ფონზე საქართველოს სტატისტიკა იმედისმომცემად გამოიყურება. მართლაც რომ, გამოიყურება, თორემ მე ხომ შესანიშნავად ვიცი, რა მძიმე რეალობაში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა. არასოდეს დამავიწყდება, ამ ზაფხულს ბათუმიდან 6 კილომეტრში „ოცნების ქალაქი“ რომ მოვინახულე. ეს სახელიც ირონიულად შეურჩევიათ, თორემ ამ დასახლებას მე „ოცნებების სასაფლაოს“ უფრო დავარქმევდი. დაახლოებით 6 000 ოჯახი არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს 21-ე საუკუნეში. ვნახე ბავშვი, რომელსაც ძაღლმა ცხვირი მოაჭამა. ეს კადრები ჩემს გონებაში მუდმივად ცოცხლობს და ახლაც, სტრატეგიული დაგეგმარების დროს, გონებაში ტივტივებს. დონორები ადგილობრივი ფონდების მოძიებას და კორპორაციული სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის გააქტიურებას გვთავაზობენ. დრო დადგა, რომ თევზი კი აღარ მოგვცენ, არამედ თევზის ჭერა გვასწავლონ. ჩვენც ვცდილობთ ვისწავლოთ და მოვერგოთ, რომ ჩვენს ცენტრებსა და პროგრამებს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ ბავშვთა კეთილდღეობისათვის. ციფრები არასოდეს იყო ჩემი ძლიერი მხარე. მიუხედავად იმისა, რომ იდეალიზმისაგან უკვე ძალიან შორს ვარ, მაინც ღრმად მწამს, რომ ერთი ბოლომდე გადარჩენილი სიცოცხლე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზედაპირულად შექმნილი სტატისტიკა. ხარისხზე ორიენტაცია ჩემი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომაც გავჩერდი აქ ამდენი წელიწადი.

პარასკევი, 23 თებერვალი

სახლში დავბრუნდი და დღიურების დარჩენილი ნაწილი დავასრულე. ყურადღებით გადავიკითხე და მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რამ შეიძლება მკითხველს უიმედოდ მოეჩვენოს. მინდა სწორად გამიგოთ: ადამიანური ტკივილის დროს თანადგომა მარტო იმ ადამიანს კი არა, ჩვენც გვაძლიერებს. მაგრამ მხოლოდ თანადგომაც არ ყოფილა საკმარისი. მე სოციალური მუშაკი ვარ. ჩემთვის ყველა ადამიანი რესურსია, რომელიც ჩემმა ქვეყანამ უკეთესი მომავლის შესაქმნელად უნდა გამოიყენოს. უკვე გაგიმხილეთ, რომ ცნობილი ადამიანების გამონათქვამების კითხვა და დამახსოვრება ძალიან მიყვარს და აქაც მინდა მაჰათმა განდის სიტყვები გავიხსენო : „ჯერ ყურადღებას არ გაქცევენ, შემდეგ დაგცინიან, შემდეგ გებრძვიან და, ბოლოს, იმარჯვებ“. ჩემი პროფესიული თემის ადამიანებისათვის, ალბათ, ეს გამონათქვამი ძალიან ნაცნობია, მაგრამ ჩვენ დადებითი მოტივები გვამოძრავებს და როგორი სირთულეებიც უნდა იყოს, ბავშვებისათვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

შაბათი, 24 თებერვალი

დღევანდელი დღე ჩემი თავისუფლების დღიურის ბოლო ფურცელია. ჩვეულებრივ, თითქოს არაფრით გამორჩეულ დასვენების დღეს ცოტა მღელვარება ახლავს. დღეს ჩემი საზოგადოებრივი, ცოტა პირადულით, ჩემი მსმენელის სამსჯავროზე უნდა გამოვიტანო. იმედია, უბრალო ადამიანების მოღვაწეობა არანაკლებ საინტერესო იქნება და ჩემი თავისუფლების დღიურებიც ჩემს მთავარ სათქმელს თქვენამდე მოიტანს. ეს სათქმელი კი ერთი წინადადებით უნდა ჩამოვაყალიბო: ყველა ბავშვი არჩევანის თავისუფლების ღირსია.