რეპორტაჟი მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო უბნებიდან

27 ოქტომბერს თბილისელმა ამომრჩევლებმა დილაადრიან დაიწყეს საარჩევნო უბნებზე მისვლა. ამომრჩეველთა უმრავლესობა, მათი სიტყვებით, უკეთეს მომავალს უჭერს მხარს, უკეთესი მომავალი კი ყველას თავისებურად წარმოუდგენია.

თბილისში გახსნილი 725 საარჩევნო უბნიდან ერთ-ერთში - 27-ე საარჩევნო უბანზე -მისული ამომრჩეველი ქალი ჯერ მეზობელ ბიჭებს ესალმება, რომლებიც დილით ძაღლებს ასეირნებენ, ერთი - გერმანული ნაგაზის ლეკვს, მეორე - ჰასკის ლეკვს. ქალი უბანზე შედის, პროცედურების დაცვით აძლევს ხმას და, უკან გამობრუნებული, რადიო თავისუფლებას ეუბნება:

„ამ დილაადრიან იმან მომიყვანა, რომ მინდა ჩემი შვილები და ჩემი შვილიშვილი თავისუფალ, წყნარ და გემრიელ ქვეყანაში გაიზარდოს, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდეს“.

ამავე უბანზე მისული კიდევ ერთი ამომჩეველი გვეუბნება, რომ არჩევნებში მონაწილეობით ის, მოქალაქეობრივი ვალდებულების შესრულების გარდა, საქმის კეთების სურვილსაც გამოხატავს:

„ყველამ უნდა ვისწავლოთ ქვეყნის მშენებლობა და უნდა გამოვიდეთ ამ კოლონიური აზროვნებიდან“.

წინა არჩევნებთან შედარებით, განსხვავება დიდია, უფრო თავისუფალია. აი, ხომ ხედავთ, ხალხი თავისუფლად საუბრობს. შარშან არჩევნებზე ხალხი ერთმანეთს საერთოდ არ ელაპარაკებოდა...
51-ე სკოლის შენობაში გახსნილ საარჩევნო უბანთან ამომრჩეველთა პატარა რიგია. 11 საათისთვის მისული ამომრჩევლები ერთმანეთში პოლიტიკურ პროცესებზე ცვლიან სიტყვას. ამ უბანზე მისული ამომრჩევლები წინა წლებში ჩატარებულ და ამჟამინდელ საარჩევნო პროცესს ადარებენ ერთმანეთს:

„ალბათ, უფრო მშვიდია, წყნარია და ძალთა ბალანსიც მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულია“.

„წინა არჩევნებთან შედარებით, განსხვავება დიდია, უფრო თავისუფალია. აი, ხომ ხედავთ, ხალხი თავისუფლად საუბრობს. შარშან არჩევნებზე ხალხი ერთმანეთს საერთოდ არ ელაპარაკებოდა“.

ამომრჩევლები თავის თავს ეძებენ 22-ე სარჩევნო უბნის გარეთ გამოკრულ სიაში, პოულობენ, შემდეგ შიგნით, უბანში ინაცველებენ. მარკირება, რეგისტრაციის გავლა, კაბინაში შესვლა, სასურველი კანდიდატის შემოხაზვა, ბიულეტენის კონვერტში ჩადება და საარჩევნო ყუთში მოთავსება - ეს არის ერთი რიგითი ამომრჩევლის გზა საარჩევნო უბნის შესასვლელი კარიდან გამოსასვლელ კარამდე. მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცილებენ, რომელთაც ღია მწვანე ფერის სპეციალური ჟილეტები აცვიათ. კომისიის წევრები და დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე მედიასთან არ საუბრობენ, კომენტარს მხოლოდ შენობის გარეთ აკეთებენ.
მედეა გოგელია 22-ე საარჩევნო უბანზე პროცესის დაკვირვებით მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

„წყნარად, მშვიდად მიდის ყველაფერი, პროცესი ზუსტად 8 საათზე დაიწყო და არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მომხდარა. ჯერჯერობით მხოლოდ სიმშვიდეა“.

კიდევ ერთი დამკვირვებელი „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან“ საარჩევნო პროცესს ნომერ მე-6 საარჩევნო უბანზე აკვირდება, საკუთარ სახელს და გვარს არ ამბობს:

„ხალხმრავლობაა. დაიწყო 10-ის ნახევრიდან. ჯერჯერობით ნორმალურად მიმდინარეობს პროცესი. უბრალოდ, ძალიან ბევრი ხალხია“.

საერთაშორისო დამკვირვებლები თავიანთ სიტყვას რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე მხოლოდ არჩევნების შემდეგ იტყვიან. როგორც ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორი იანეზ ლენარჩიჩი ამბობს, საარჩევნო პროცესს ამ ორგანიზაციის 300 დამკვირვებელი ადევნებს თვალს - მათ შორის, 28 გრძელვადიანი დამკვირველი, რომელიც საქართველოში სექტემბრის დასაწყისში ჩამოვიდა. იანეზ ლენარჩიჩი ამბობს, რომ ამ დროისთვის მხოლოდ ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მომზადებული იმ დასკვნის შესახებ შეუძლია ისაუბროს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს შეეეხებოდა.

„თუ თქვენ გაეცნობით ჩვენს ანგარიშს, იქ ნახავთ, რომ საკმაოდ დადებითად ვაფასებთ წინასაარჩევნო პერიოდს“, - ამბობს იანეზ ლენარჩიჩი, ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორი.

მას შემდეგ, რაც 20 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურება და ცესკო ბიულეტენებს დათვლის, გაირკვევა ქვეყანას ახალი - რიგით მეოთხე - პრეზიდენტი ეყოლება, თუ გაიმართება მეორე საარჩევნო ტური.