საქმე ეხება 2017–2024 წლებში მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვისთვის გამოცხადებულ 27 ტენდერს. მათი საერთო ღირებულება 145,4 მილიონი ლარი იყო. გამოძიების ვერსიით, ამ თანხიდან ბრალდებულებმა 41,1 მილიონი ლარი მიითვისეს - მთლიანი თანხის დაახლოებით 28%.
დაკავებული არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთ რეალურ მფლობელად დასახელებული პაატა სვანიძე და კომპანიების, „საჩინოსა“ და „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.
როგორ მუშაობდა სავარაუდო სქემა
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს კომპანია „საჩინო“, რომლის სახელითაც მეტროს ვაგონების ნაწილები საქართველოში ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტებით შემოჰქონდათ. გადაზიდვას კომპანია „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა.
შემდეგ, გამოძიების თანახმად, „საჩინოდან“ იმპორტირებულ საქონელს ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ სამმაგ ფასად აწვდიდნენ.
ოთხივე პირს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება, ასევე ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება. პროკურატურის ცნობით, წარდგენილი ბრალდებები 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი - 2 მილიონი ლარის გირაო. უწყება არ აკონკრეტებს, რომელ ბრალდებულს შეუფარდეს გირაო.
გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პროკურატურას მანამდე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული ჰქონდა, რომ საქმის ფარგლებში 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. უწყების განცხადებით, გამოძიება სხვა შესაძლო მონაწილეების გამოსავლენად გრძელდება.
ასევე ნახეთ
პროკურატურა იძიებს ელექტრომოძრავი სარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ თანხის მითვისების საქმესვინ არის გელა ძიძიკაშვილი
გელა ძიძიკაშვილი მეტროს ვაგონების შეკეთებაზე პასუხისმგებელი კომპანიის დირექტორად 2015 წელს დაინიშნა. 2017 წლის აგვისტოში მან „ქართულ ოცნებას“ 40 ათასი ლარი შესწირა.
ძიძიკაშვილი 2010 წლიდან კომპანია „გეორგიას“ 100%-იანი წილის მფლობელიცაა. სწორედ ამ კომპანიის გავლით ყიდულობდა საქართველოს რკინიგზა რუსული Уральские локомотивы-სგან 184 მილიონი ლარის ელმავლებს, 2023 წელს გამოცხადებული ტენდერით.
Уральские локомотивы-ი რუსული Sinara Group-ის ნაწილია, მისი ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი პუმპიანსკი კი სანქცირებულია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, კანადისა და ახალი ზელანდიის მიერ.