ნატო პოლონეთში გახსნის კონტრდაზვერვის ცენტრს

ნატო წლის ბოლომდე პოლონეთში გახსნის კონტრდაზვერვის ცენტრს. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იაცეკ სონტას განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ახალი ობიექტი სახელწოდებით „ნატოს კონტრდაზვერვის მოწინავე გამოცდილების ცენტრი“ სამხრეთ პოლონეთში მდებარე ქალაქ კრაკოვში შეიქმნება.

სონტას განმარტებით, მიზანია სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობების გაუმჯობესება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით.

განცხადების ფონია დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობის გამწვავება უკრაინის კონფლიქტის გამო. გასულ თვეში ნატომ გახსნა ექვსი მომცრო შტაბ-ბინა ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის გასწვრივ, ადგილზე წვრთნების და ოპერაციების დაგეგმვის ხელშესაწყობად.