ყირიმელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი რუსეთის ციხეში 40 წლის გახდა

ოლეგ სენცოვი

13 ივლისს ოლეგ სენცოვის მზარდამჭერები მის მეორმოცე დაბადების დღეს აღნიშნავენ. ყირიმელი კინორეჟისორი მესამე წელს ატარებს რუსეთის ციხეში - მას ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ტერორისტული აქტების მომზადება ედება ბრალად. სენცოვი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ შეუძლებელია ოკუპანტების სასამართლო სამართლიანი იყოს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სენცოვისათვის გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

Your browser doesn’t support HTML5

ყირიმელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი რუსეთის ციხეში 40 წლის გახდა

უკრაინა ოლეგ სენცოვის დაბადების დღეს კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე აღნიშნავს. ღონისძიების ერთ-ერთი თაოსანი ორგანიზაციის, „სოლიდარობის კომიტეტის“, განცხადებით, შეკრების მიზანია გამოხატოს მხარდაჭერა ოლეგ სენცოვისა და სხვა ყირიმელებისთვის, რომლებსაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. მათ შორისაალექსანდრ კოლჩენკო, რომელიც სენცოვთან ერთად გაასამართლეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სენცოვი და კოლჩენკო, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსეთის კომუნისტური პარტიისა და „ერთიანი რუსეთის“ ოფისებისათვის ცეცხლის წაკიდებაში, ასევე სიმფეროპოლში მდგარი ლენინის მონუმენტისა და მარადიული ცეცხლის ობელისკის აფეთქების მცდელობაში.

სოლიდარობის კომიტეტის წარმომადგენელმა პოლინა ბროდიკმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უკრაინა არც ერთ მათგანს არ დაივიწყებს:

„ჩვენი ამოცანაა ვაჩვენოთ, რომ მათი ბედი ჩვენთვის სულ ერთი არ არის. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინა თავის შვილებს არ ივიწყებს. ასევე გვინდა შევახსენოთ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ეს ხალხი არავის დავიწყებია და ჩვენ მათ გასათავისუფლებლად ვიბრძოლებთ“.

პატიმრების მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავს ფოტოგრაფი ყირიმიდან, გენადი ათანასიევი. თავის დროზე სწორედ ის იყო მთავარი მოწმე, რომლის ჩვენებაც გახდა სენცოვისთვის განაჩენის შეფარდების საფუძველი, თუმცა მან მალევე უარყო საკუთარი ჩვენება და თქვა, რომ ის წამების შედეგად მისცა. მანვე განაცხადა, რომ ციხეში სენცოვსაც აწამებდნენ.

მოედანზე შეკრებილებს მიმართავენ ასევე სენცოვის ნათესავები და სხვა გამომსვლელები. გალინა ბროდიკმა თქვა, რომ აქციაზე წაიკითხავენ სენცოვსა და მის საქმესთან დაკავშირებულ ნაწერებს; ბოლოს გალიებიდან ბუშტებს გაუშვებენ, რითაც სიმბოლურად გამოხატავენ სურვილს, რომ სენცოვი გათავისუფლდეს.

სენცოვისა და კოლჩენკოს სასამართლოს საერთაშორისო თანამეგობრობის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მათ გათავისუფლებას ითხოვენ პოლიტიკოსები, ოფიციალური პირები, კულტურის მოღვაწეები.... ევროპის ცნობილმა რეჟისორებმა კენ ლოუჩმა, ვიმ ვენდერსმა, მაიკ ლიმ და სხვებმა მათი გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, მიმართეს. მოთხოვნას შეუერთდნენ რუსი რეჟისორებიც - ალექსანდრ სოკუროვი და ანდრეი ზვიაგინცევი.

მოთხოვნას შედეგი არ გამოუღია. 12 ივლისს მოსკოვმა სენცოვი და უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე დაბადებული 21 ადამიანი „ტერორისტად და ექსტრემისტად“ შერაცხა. რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციასა და ანექსიას აპროტესტებდნენ.