საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე და გაერთიანებული საამიროები კატართან ურთიერთობას წყვეტენ

კატარის დედაქალაქი დოჰა

ოთხმა არაბულმა ქვეყანამ გაწყვიტა, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს კატართან. მათ მიზეზად მოიტანეს ამ ქვეყნის მიერ, სავარაუდოდ, ისლამისტური ჯგუფების მხარდაჭერა და ახლო ურთიერთობა ირანთან. საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეთანხმებულად გამოაცხადეს 5 ივნისს, რომ კატარიდან გაჰყავთ თავიანთი დიპლომატები და წყვეტენ კონტაქტებს ამ ქვეყანასთან, რითაც გაზით მდიდარი სახელმწიფო, სადაც აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ბაზაა განთავსებული, იზოლაციაში მოექცევა. ეს ქვეყანა 2022 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს მასპინძლობს. სპარსეთის ყურის პირა ქვეყნები თვლიან, რომ კატარი ირანთან არის დაახლოებული და ახლო კონტაქტები აქვს ისლამისტურ მოძრაობებთან, როგორიცაა „მუსლიმთა საძმო“, რომელსაც მმართველი ოჯახები რეგიონში საფრთხედ განიხილავენ. საუდის არაბეთმაც გამოაცხადა, რომ კეტავს საზღვრებს კატართან, რითაც ეს ქვეყანა მოსწყდება არაბეთის ნახევარკუნძულის დანარჩენ ნაწილს. ერ-რიადი კატარს ადანაშაულებს, რომ მხარს უჭერს „ტერორისტულ ჯგუფებს“, როგორებიც არიან „მუსლიმთა საძმო“, „ისლამური სახელმწიფო“და „ალ-ყაიდა“.