უკრაინელების გენოციდი წარსულსა და აწმყოში - გარდაუვალია სასჯელი მოსკოვისთვის?

ჰოლოდომორის ამსახველი დოკუმენტური ფოტო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი - 1932–33 წლების მასობრივი შიმშილობა, რასაც 4 მილიონამდე ადამიანი შეეწირა - აღიარა გენოციდად და ასევე დაგმო რუსეთის მიერ ახლად ჩადენილი დანაშაულები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

12 ოქტომბერს სტრასბურგში მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიზანმიმართული აგრესიის პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ არის „უკრაინელი ერის განადგურების წინა მცდელობის ტრაგიკული შეხსენება. ამაზე დაყრდნობით, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას, აღიაროს ჰოლოდომორი, როგორც გენოციდი, რომელიც მიმართული იყო უკრაინელი ერის, ენისა და კულტურის საფუძვლების გასანადგურებლად და პატივს მიაგებს მის მსხვერპლთა ხსოვნას“.

PACE-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) დაწერა:

„მადლობელი ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა, რომ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ისტორიული სამართლიანობისა და ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის აღდგენა მკაფიო სიგნალია: გარდაუვალია სამართლიანი სასჯელი მოსკოვის მიერ წარსულისა და ამჟამად ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის“.

„ჭეშმარიტების საათი“ უწოდა PACE-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, რომლის თქმითაც, ლოგიკურია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის ფონზე, სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად.

„24 თებერვლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ადამიანი, ყოველი სახელმწიფო დადგეს სიმართლის მხარეს. ბოლშევიკები სპეციალურად, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ ადამიანებს, რომლებშიც საფრთხეს ხედავდნენ, რომლებიც ქონებას, მიწას ფლობდნენ. ჩვენმა ქვეყანამაც იგივე გაიარა, ამიტომ აღიარა ლიეტუვამ ჰოლოდომი გენოციდის აქტად. ახლაც იმავეს აკეთებს რუსეთი [უკრაინის] ოკუპირებულ ტერიტორიებზე“

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე

სწორედ უკრაინელების ახალი გენოციდის თავიდან ასაცილებლად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 12 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, ხელი შეუწყოს კიევის სამხედრო და პოლიტიკურ გამარჯვებას.

„უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულის ბუნება, მათ შორის უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და სექსუალური ძალადობა, ასევე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა, მოწმობს რუსეთის ფედერაციის მცდელობაზე გაანადგუროს უკრაინელი ერი მის წინააღმდეგ გენოციდური ომის წარმოებით, - წერია PACE მიერ მიღებულ რეზოლუციაში, - უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბები და სიმძიმე, ხოლო უკრაინის გამარჯვებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას და აღმოუჩინონ უკრაინის ხელისუფლებას სამხედრო, ფინანსური, პოლიტიკური და დიპლომატიური დახმარება“.

უკრაინელების ახალი გენოციდი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ერთიანი ფრონტით უნდა შეაჩეროს რუსული აგრესია და მიაღწიოს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას, რომელიც დაფუძნებული იქნება კანონის და არა ძალის უზენაესობაზე.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება უნდა წარიმართოს „მხოლოდ უკრაინის მიერ განსაზღვრულ პირობებზე და მისი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის სრულად გაყვანის შემდეგ“. სტრასბურგში მიღებული რეზოლუციის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას იძულებით გაჰყავს უკრაინელი ბავშვები სამშობლოდან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

„ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ათასამდე 70 წლისა და მეტი ასაკისა, გაიტაცეს და გადაიყვანეს საფილტრაციო ბანაკებში“, - ნათქვამია დოკუმენტში, - გარდა ამისა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დღიდან, რუსეთი „საბრძოლო იარაღის სახით იყენებს ენერგეტიკას, ეკოციდს, ეკონომიკურ ბერკეტებს, უკრაინის მოქალაქეების პასპორტიზაციას, ყალბ უკანონო არჩევნებსა და რეფერენდუმს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის რეჟიმი აწარმოებს „გენოციდურ ომს“ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.

სპეციალური ტრიბუნალი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიბაძონ მის მაგალითს. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყებით, რუსეთის ფედერაციამ „აშკარად და ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები და მოახდინა გაეროს უშიშროების საბჭოს პარალიზება“.

„საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე განსაზღვრავს ევროპის ისტორიის კურსს და გავლენას მოახდენს გლობალური მმართველობის სისტემაზე მომდევნო წლებში, - დარწმუნებულები არიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები, რომლებიც მოითხოვენ შეიქმნას რაც შეიძლება სწრაფად უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო რუსეთის ხელისუფლების პასუხისგებაში მიცემის მექანიზმი, რისთვისაც „ჩართულმა ქვეყნებმა სწრაფად უნდა შეათანხმონ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის სამართლებრივი ფორმა, გადაწყვიტონ მისი საერთაშორისო ლეგიტიმურობის საკითხი და მოახდინონ პოტენციური სამართლებრივი პრობლემების, მათ შორის ძირითადი ეჭვმიტანილების მიერ პერსონალური ან ფუნქციური იმუნიტეტის შესაძლო გამოყენების მინიმიზაცია“.

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებული აქვს 31 ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც. პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 2005 წლის 20 დეკემბერს მიიღო.

ამერიკელი ისტორიკოსისა და ჟურნალისტის ენ ეპლბაუმის წიგნი "წითელი შიმშილი. სტალინის ომი უკრაინასთან" მთლიანად ეძღვნება 1932-33 წლების მასობრივი შიმშილობის ისტორიას, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჰოლოდომორის მიზეზების კვლევისას, მეცნიერი მიდის დასკვნამდე, რომ ბოლშევიკურმა მთავრობამ უკრაინელი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიზანმიმართულად გაანადგურა.

ჰოლოდომორი, ხარკოვი. 1932 წელი.

ისტორიკოსები და დემოგრაფები ჯერ ისევ კამათობენ შიმშილისგან საშინელი სიკვდილით დახოცილი ადამიანების რაოდენობაზე. სანდო სტატისტიკა არ არსებობს, რადგან საბჭოთა ხელისუფლება მალავდა მონაცემებს. დაღუპულთა რიცხვი 3 მლნ-დან 7 მლნ-მდე მერყეობს.

"წითელი შიმშილის" ავტორი 3,9 მილიონს ასახელებს: 3,5 მილიონი სოფლად, 400 ათასი ქალაქებში. იმის გათვალისწინებით, რომ 1931 წელს უკრაინის მოსახლეობა 31 მლნ იყო, გამოდის, რომ შიმშილისგან დაიღუპა სულ ცოტა მთელი მოსახლეობის 13%.

„ხარკოვის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე ქალი ყველაფერს აკეთებდა უპატრონო ბავშვების მოსავლელად. როგორც ერთ-ერთი მათგანი იხსენებდა, მათ ობოლთა თავშესაფრის მსგავსი რამ გააკეთეს. მათი პალატა, რა თქმა უნდა, საცოდავ მდგომარეობაში იყო: „ბავშვებს გასივებული მუცლები ჰქონდათ, იარებითა და ფუფხებით სავსე; ერთი სიტყვით, ტანი გასკდომაზე ჰქონდათ. ჩვენ ისინი გარეთ გაგვყავდა, ზეწრებზე ვსვამდით. გაუთავებლად ტიროდნენ ხოლმე. ერთ დღეს ბავშვები უცნაურად გაჩუმდნენ. გამოვიხედეთ და დავინახეთ, რომ ყველაზე პატარას პეტრუსს, ჭამდნენ; კანს აძრობდნენ და ჭამდნენ. პეტრუსიც იმავეს აკეთებდა, თავის თავს აცლიდა კანს და ჭამდა, რამდენიც შეეძლო, იმდენს. სხვა ბავშვებმა მის ჭრილობებს პირი მიადეს და სისხლის წოვა დაიწყეს. ჩვენ სასწრაფოდ გამოვაცალეთ პეტრუსი დამშეულ ბავშვებს და მთელი დღე ვტიროდით“, - ფრაგმენტი ტიმოთი სნაიდერის ისტორიული ნაშრომიდან „სისხლიანი მიწები“, რომელშიც ვრცელი ადგილი ეთმობა ჰოლოდომორს.

საიდან ჩანს, რომ შიმშილი ხელოვნურად იყო გამოწვეული?

ენ ეპლბაუმის თქმით, რომ არა საბჭოთა მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკა, ჰოლოდომორი არ მოხდებოდა, რისი მტკიცების საშუალებასაც ორი გარემოება იძლევა:

  • I - 1932 წელს სსრკ-მ ექსპორტზე გაიტანა 1,73 მილიონი ტონა მარცვლეული, 3500 ტონაზე მეტი კარაქი და 586 ტონა ლორი. 1933 წელს ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა: ექსპორტზე გავიდა 5433 ტონა კარაქი და 1037 ტონა ლორი. გაგანია შიმშილის დროს საბჭოთა კავშირს საზღვარგარეთ გაჰქონდა ხორცისა და თევზის კონსერვები, კვერცხი, ქათამი, ხილი და ბოსტნეული. „წითელი შიმშილის" ავტორი ფიქრობს, რომ სტალინი მიზანმიმართულად ცდილობდა, შიმშილის გზით გაენადგურებინა ე.წ. მტრული ელემენტები.
  • II - შიმშილობა მხოლოდ მარცვლეულის რეკვიზიციით არ იყო გამოწვეული.

გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ОГПУ) შეიარაღებული თანამშრომლები უკრაინელ გლეხებს ართმევდნენ ყველა სახის სურსათს: კარტოფილს, ფრინველს, ხორცს, ბოსტნეულს, ხილს. არაფერს უტოვებდნენ.

გადასახადების გადაუხდელობის საბაბით ართმევდნენ ფულს, ძვირფასეულობას, საოჯახო რელიკვიებს - ყველაფერს, რასაც რამე ღირებულება ჰქონდა. ОГПУ-ს მეთოდები უაღრესად სასტიკი იყო: ცემა, წამება, ადგილზე დახვრეტა. არავის ინდობდნენ, სასტიკი წამებით მოიპოვებდნენ ინფორმაციას გადამალული საკვების შესახებ. რეკვიზიტორები დარწმუნებული იყვნენ, რომ გლეხები მარცვლეულს მალავდნენ, ამიტომ ყველას აწამებდნენ. რეკვიზიციებს სამხედრო ოპერაციების სახე ჰქონდა, ეს იყო ომი ოკუპანტსა და დაპყრობილ ხალხს შორის.

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის ჰოლოდომორის საიდუმლოდ გადაღებული ფოტოები

მიზეზები

სტალინს ეშინოდა კონტრრევოლუციის, განსაკუთრებით უკრაინაში, სადაც ნაციონალისტური და სეპარატისტული განწყობები ძლიერი იყო. გარდა ამისა, სწორედ უკრაინაში შეხვდა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა იძულებით კოლექტივიზაციას. სტალინი ასევე უფრთხოდა უკრაინის ნაციონალისტურად განწყობილ ინტელიგენციას, რომელსაც პოლონეთის აგენტურად მიიჩნევდა.

ამერიკელი ისტორიკოსი და ჟურნალისტი ენ ეპლბაუმი

სტალინის შიშებზე მეტყველებს 1932 წლის აგვისტოში უკრაინის კომუნისტური პარტიის მაშინდელი ხელმძღვანელისათვის, ლაზარე კაგანოვიჩისათვის გაგზავნილი წერილი - ფაქტობრივად დავალება, დათრგუნოს უკრაინელების ძალისხმევა, მიმართული გასაბჭოების, სურსათის რეკვიზიციებისა და ძარცვის წინააღმდეგ:

ენ ეპლბაუმის წიგნი "წითელი შიმშილი. სტალინის ომი უკრაინასთან"

„ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა უკრაინაა. უკრაინაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა (...) თუ ჩვენ ახლა არ მოვკიდებთ ხელს უკრაინაში მდგომარეობის გამოსწორებას, შეიძლება უკრაინა დავკარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ პილსუდსკის (იუზეფ პილსუდსკი იყო პოლონელი სამხედრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაური და პრემიერ-მინისტრი - რ.თ.) არ სძინავს, ხოლო მისი აგენტები უკრაინაში ბევრჯერ უფრო ძლიერები არიან, ვიდრე რედენსს ან კოსიორს ჰგონიათ. მხედველობაში იქონიეთ, რომ უკრაინის კომუნისტურ პარტიაში ბევრია (დიახ, ბევრი!) დამპალი ელემენტი, შეგნებული თუ შეუგნებელი, მათ შორის არიან პეტლიურისტებიც - პილსუდსკის პირდაპირი აგენტები. როგორც კი ცუდად წაგვივა საქმე, ეს ელემენტები არ დააყოვნებენ ფრონტის გახსნას პარტიის შიგნით და პარტიის წინააღმდეგ“.

მაქსიმ გორკი (მარცხნივ), ლაზარე კაგანოვიჩი, კლიმენტი ვოროშილოვი, იოსებ სტალინი. 1931 წელი

ენ ეპლბაუმის წიგნის მიხედვით, სტალინი განსაკუთრებული მონდომებით დევნიდა უკრაინის ინტელიგენციას, რადგან სწორედ ინტელიგენცია ინახავდა ეროვნულ იდეას და უპირისპირდებოდა საბჭოთა სისტემას. ეროვნული იდეა, უკრაინული კულტურული იდენტობის გარდა, ასევე გულისხმობდა ოცნებას უკრაინის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე. უკრაინული სეპარატიზმი, რაშიც საბჭოთა ხელისუფლება უკრაინის კულტურულ ელიტას ადანაშაულებდა, გარე მტრებზე მეტად აშინებდა სტალინს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის გამოყოფის შემდეგ საბჭოთა კავშირი ვერ გადარჩებოდა და კომუნისტური სისტემა დაინგრეოდა.

„1932-1933 წლებში უკრაინაში 2505 ადამიანი დააკავეს კანიბალიზმის ბრალდებით, თუმცა უკრაინაში ხალხს კანიბალიზმი მისაღებად არასოდეს ჩაუთვლია. უმეტესობამ გაუძლო კანიბალიზმის ცდუნებას. ობოლი ბავშვი იმას ნიშნავდა, რომ მშობლებმა ის არ შეჭამეს, თუმცა ზოგი დედა და მამა საკუთარ შვილს კლავდა და ჭამდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბავშვი იყო მსხვერპლი. ზოგჯერ კი მშობლები თავად სთხოვდნენ საკუთარ შვილებს, რომ მათი ხორცი შეეჭამათ, თუ რომელიმე გარდაიცვლებოდა. ბევრ უკრაინელ ბავშვს მოუწია თავისი პატარა დისთვის ან ძმისთვის ეთქვა: „დედას უნდა, რომ სიკვდილის შემთხვევაში ჩვენ ის შევჭამოთ“. ეს არა დანაშაული, არამედ ზრუნვა და სიყვარული იყო“, - ფრაგმენტი ტიმოთი სნაიდერის ისტორიული ნაშრომიდან „სისხლიანი მიწები“.

ჰოლოდომორის ხსოვნამ დიდი გავლენა იქონია უკრაინის ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაზე. ისტორიკოსების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ უკრაინის საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედაც რომ ჰოლოდომორის ხსოვნაა, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ქცევას კი დიდწილად იგივე შიშები განაპირობებს, რომლებმაც სტალინსა და მის გარემოცვას გენოციდთან გათანაბრებული დანაშაული ჩაადენინა.