ადამიანის უფლებათა 12 დამცველი 2012-ში

აუნ სან სუჩი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბირმა. პატიმრობიდან გათავისუფლებულია. სუ ჩი ორ ათწლეულზე მეტ ხანს უდგას სათავეში ბირმაში პროდემოკრატიულ მოძრაობას. 1989-დან 2010 წლამდე პერიოდში მან 15 წლამდე გაატარა შინაპატიმრობაში. წელს მან პარლამენტში მოიპოვა ადგილი მას მერე, რაც ბირმის სამხედრო ხელისუფლებამ რეფორმები დაიწყეს. ნოემბერში მან საკუთარ სახლში უმასპინძლა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბირმაში ობამას ისტორიული ვიზიტის დროს. დემოკრატიისთვის დაუღალავმა ბრძოლამ მრავალი ჯილდო მოუპოვა, მათ შორის 1991 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია.

ჩენ გუანჩენი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი, ჩინეთი. პატიმრობიდან განთავისუფლებულია. საკუთარი ინიციატივით იმყოფება ემიგრაციაში. უსინათლო, თვითნასწავლმა იურისტმა საერთაშორისო სახელი მოიხვეჭა მას მერე, რაც ხმა აღიმაღლა ჩინეთში შობადობის შეზღუდვის პოლიტიკის, მათ შორის ორსულობის მოგვიანო სტადიაზე ძალდატანებით აბორტისა და სტერილიზაციის წინააღმდეგ. ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ ჩენი შინაპატიმრობიდან გაიქცა 2012 წლის აპრილში და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა პეკინში, აშშ-ის საელჩოში, რასაც დიპლომატიური დაძაბულობა მოჰყვა. მომდევნო თვეში მას საშუალება მიეცა, შეერთებულ შტატებში წასულიყო ემიგრაციაში თავის მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად.

ალეს ბელეცკი, ოპოზიციის ლიდერი, ბელორუსია. იმყოფება პატიმრობაში. ბელეცკი ამჟამად ოთხწელიწადნახევრიან პატიმრობას იხდის. დასავლეთი აკრიტიკებს გადასახადისთვის თავის არიდების ბრალდებას, რომელიც მას წაუყენეს, და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მას. ბელეცკიმ დააარსა ბელორუსიის პირველი პროდემოკრატიული მოძრაობა, ბელორუსიის სახალხო ფრონტი, და სათავეში უდგას მის ყველაზე გავლენიან უფლებადამცველ ჯგუფს, ადამიანის უფლებების ცენტრ "ვიასნას". 2012 წელს ის იყო სახაროვის სახელობის "თავისუფალი აზრის" პრემიის ფინალისტი.

ნასრინ სოტოუდეჰი, ადამიანის უფლებების დამცველი, ადვოკატი, ირანი. იმყოფება პატიმრობაში. სოტოუდეჰი აქტიურად იცავდა ოპოზიციონერ პატიმრებს, ქალებს და მოზარდებს, რომლებსაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი. ამჟამად ის ექვსი წლით იხდის პატიმრობას სახელმწიფო უშიშროებისთვის საზიანო პროპაგანდისა და კონსპირაციის ბრალდებით. ის იყო სახაროვის სახელობის "თავისუფალი აზრის" პრემიის ერთ-ერთი ლაურეატი 2012 წელს.

აი ვეი, ხელოვანი და პოლიტიკური აქტივისტი, ჩინეთი. საერთაშორისო აღიარების მქონე კონცეპტუალისტმა ხელოვანმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის "ჩიტის ბუდის" სახელით ცნობილი სტადიონის პროექტის შექმნაში, კორუფციისა და სიმართლის მიჩქმალვის გამო კრიტიკისთვის განარისხა ჩინეთის ხელისუფლება. გასულ წელს ის თითქმის სამი თვით დააპატიმრეს გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით, რასაც ის პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. პეკინის საგადასახადო სამსახურმა მას 15 მილიონი იუანის (2,4 მილიონი დოლარის) გადახდა დააკისრა გადასახადებისა და ჯარიმის სახით.

პიტერ ბუკერტი, "ჰუმან რაიტს უოჩის" დირექტორი საგანგებო საკითხების სფეროში, ამერიკის შეერთებული შტატები. პიტერ ბუკერტი აქტიურად იბრძვის კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევათა გამოვლენისთვის. წელს "ჰიუმან რაიტს უოჩმა" გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ადასტურებს მეამბოხეთა მიერ ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფის ბადრაგის წევრთა მასობრივი დახოცვის ფაქტს. ანგარიშში, რომელიც ბუკერტის მიერ მოპოვებულ ფაქტებს ემყარება, ნათქვამია, რომ ლიბიაში რვათვიანი კონფლიქტის განმავლობაში ესაა პატიმართა ყველაზე ფართო მასშტაბის ხოცვა კადაფის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების მიერ.

დენის მუკვეგე, ექიმი, კონგო. რეაბილიტაციას გადის თავდასხმის შემდეგ. მუკვეგე, გინეკოლოგი და ქირურგი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყოფილი ნომინანტი, ხელმძღვანელობს კლინიკას, რომელიც კონგოს ხანგრძლივ ომში სექსუალური ძალადობის მსხვერლთ მკურნალობს. ოქტომბერში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ მის სახლში, იარაღით დაემუქრნენ მის შვილებს, მოკლეს მისი დაცვის წევრი და თავად მუკვეგესაც ესროლეს. არც ის და არც მისი შვილები არ დაშავებულან ამ, როგორც ვარაუდობენ, მკვლელობის მცდელობისას, რომელიც დაგმო „ამნესტი ინტერნეიშნალმა“ და „მხეცური“ უწოდა მას. თავდასხმის შემდეგ მუკვეგე და მისი ოჯახი უცხოეთში გადიან რეაბილიტაციას.

ვლადიმირ კოზლოვი, ოპოზიციის ლიდერი, ყაზახეთი. პატიმრობაში იმყოფება. ვლადიმირ კოზლოვი სათავეში უდგას ყაზახეთის პარტია „ალგა!“-ს („წინ!“) და ოპოზიციურ მოძრაობა სახალხო ფრონტს. პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის უკომპრომისო კრიტიკოსს შვიდიწლინახევრით პატიმრობა მიესაჯა ოქტომბერში. მას ბრალად ედება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ქალაქ ჟანაოზენში გაფიცულ მენავთობეებსა და პოლიციას შორის სისხლიანი შეტაკებებისას. საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო მისი დაპატიმრება, რასაც „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ შუა აზიის ქვეყანაში „გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის მიყენებული დარტყმა“ უწოდა.

მალალა იუსაფზაი, განათლების უფლებებისთვის მებრძოლი, პაკისტანი. თავდასხმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. 14 წლის სკოლის მოსწავლე გოგონა ცნობილია, როგორც ბავშვთა უფლებებისა და გოგონების განათლების უფლებებისთვის მამაცი მებრძოლი თავის მშობლიურ პაკისტანში. ოქტომბერში, როცა სკოლიდან შინ ბრუნდებოდა სვატის რეგიონში, შეიარაღებულმა თალიბებმა მას კისერსა და თავში ესროლეს. ამჟამად დიდ ბრიტანეთში მკურნალობს.

იდრაკ აბასოვი, ჟურნალისტი, აზერბაიჯანი. აბასოვი აპრილში საავადმყოფოში მოათავსეს მას შემდეგ, რაც საშინლად სცემეს ოცამდე პოლიციელმა და სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარის“ დაცვის წევრებმა. ის ბაქოს გარეუბანში ვიდეოფირზე იღებდა „სოკარის“ მიერ სახლების დანგრევის პროცესს. ადამიანის უფლებათა დამცველებმა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ დაგმეს მასზე თავდასხმა. აბასოვი მუშაობს აზერბაიჯანის მცირერიცხოვან თავისუფალ მედიასაშუალებათაგან ერთ-ერთში, გაზეთ „ზერკალოში“. ის არის ჟურნალისტების თავისუფლებებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დამაარსებელი. თავისი რეპორტაჟებისთვის მან მარტში სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი ჯგუფის, „ცენზურის ინდექსის“ ჯილდო მიიღო.