ლტოლვილთა მსოფლიო დღე: თქვენ რას წაიღებდით თან?

20 წლის მაგბოლა ალჰადი თავის სამ შვილთან ერთად გაიქცა სუდანის ერთ-ერთი სოფლიდან, როცა იქ ჯარისკაცები შეიჭრნენ. მან თან წაიღო ქვაბი, რომელიც იმდენად პატარა იყო, რომ შეიძლებოდა მისი ტარება და, ამავე დროს, საკმარისად დიდი იყო შვილებისთვის საჭმლის მოსამზადებლად.

სომარსტს და ნურს ერთი წლის შვილი დაეღუპათ სირიაში მიმდინარე ომში. როცა დარჩენილ ორ შვილთან ერთად ბულგარეთში მოიპოვეს თავშესაფარი, თან წაიღეს ჩარჩოში ჩასმული საოჯახო ფოტო.

ვაისმა ავღანეთი 15 წლის ასაკში დატოვა. ახლა ის ვარშავაში ცხოვრობს. ”დედამ ბეჭედი და ოჯახის ფოტოები გამომატანა. ისინი ჩემთვის სახლთან დაკავშირებული ყველაზე ძვირფასი ნივთებია,” ამბობს ვაისი.

ლინა 2010 წელს გაიქცა ღაზის სექტორიდან. სანამ რუმინეთში თავშესაფარს მოიპოვებდა, ლინას დიდი გზის გავლა მოუხდა ეგვიპტეში, ლიბიასა და იორდანიაში. მარტოხელა პალესტინელი დედისთვის ყველაზე ძვირფასი მისი შვილების წერილები და ნახატები აღმოჩნდა. ლინას 9 თვით მოუხდა მათი მარტოდ დატოვება იორდანიაში, სანამ ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებდნენ რუმინეთში.

სირიელ ლტოლვილებს, მარიანსა და აჰმედს ადგილობრივ ჯგუფებს შორის გაჩაღებული კონფლიქტის გამო იემენის დატოვებაც მოუწიათ, სადაც ისინი თავს აფარებდნენ. მარიანმა თან ცოტა თანსაცმელი და თავისი საყვარელი თავსაბურავი წაიღო.

ვარვარა საქართველოდან მას შემდეგ გაიქცა, რაც მისი ერთადერთი ძმის მკვლელობის შესახებ შეიტყო გაზეთით. ის ამბობს: ”ყველაზე მნიშვნელოვანი? დედებისთვის არჩევანის გაკეთება იოლია. თან ჩემი შვილები წავიყვანე. მათ გარეშე არსად წავიდოდი.”

მბელამ კონგო 1997 წელს დატოვა მეუღლესთან ერთად, რომლის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ორიენტაციამ საფრთხე შეუქმნა წყვილს. მბელასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონგოს ნაციონალური სამოსის წამოღება იყო. ”ეს კაბა მახსენებს დედაჩემს, რომელიც მეუბნებოდა, რომ ნამდვილმა აფრიკელმა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ ატაროს ნაციონალური სამოსი, რათა ხელი შეუწყოს თავისი კულტურისა და ღირებულებების გავრცელებას.”

”ძალზე სახიფათო იყო ჩემოდნის ჩალაგებაზე დროის დაკარგვა. როდესაც მეამბოხეთა რაზმი სამხრეთ სომალიში მდებარე ჩემს სოფელში შემოიჭრა, მაშინვე დავავლე ხელი ჩემს ქურთუკს და გავიქეცი. ქურთუკი ცოტა მოძველებულია, მაგრამ ეს სულაც არ მაწუხებს. ეს ქურთუკი ერთადერთია, რაც ჩემს წინა ცხოვრებას მახსენებს,” ამბობს აბასი, სომალელი ლტოლვილი, რომელიც ახლა პოლონეთში ელოდება ლტოლვილის სტატუსის მიღებას.

ალი რეზა დურანი ავღანეთში სოციალურ მუშაკად მუშაობდა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ ცენტრში. მას შემდეგ, რაც მას სავარაუდოდ თალიბანთან დაახლოებული პირები დაესხნენ თავს, ალიმ გაქცევა გადაწყვიტა. უნგრეთში წასვლისას, თან წაიღო თავისი ოჯახის ტელეფონის ნომერი, რომელიც გაქცევისას დაიზეპირა.

რუმინეთში წასაღებად ჟან-ლუისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი საოჯახო ფოტოალბომი გამოდგა. კონგო ჟან-ლუიმ 1996 წელს დატოვა, როცა ქვეყანა სამოქალაქო ომისკენ მიექანებოდა. ჟან-ლუის კარგად ახსოვს, როგორ გადაარჩინა სახლის ნანგრევებში ნაპოვნი ალბომი. ”მას შემდეგ, რაც კონგო დავტოვე, ჩემი ძმა მალევე დაიღუპა. მისგან მარტო ეს ფოტო დამრჩა,” ამბობს ჟან-ლუი.

საიდმა თალიბანისგან თავის დახსნა და ავღანეთიდან გაქცევა შეძლო. მანამდე ის დააკავეს და მძევლად აიყვანეს, როცა მიდიოდა სამსახურში - ადგილობრივ კომპანიაში, რომელიც საკონტრაქტო შეკვეთებს ასრულებდა აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის. უნგრეთში წასვლისას მან თან წაიღო დედამისის ძველი ბეჭედი. ”როდესაც ბეჭედს ვუყურებ, ყოველთვის დედაჩემი მახსენდება,” ამბობს საიდი.

სომალიდან გაქცევისას, მაჰადმა ყურანი წაიღო თან. ახლა მაჰადს იმედი აქვს, რომ მისი დახმარებით ისევ იპოვის თავის ოჯახს.

ფარაჰნაზს ავღანეთის დატოვება მოუწია, რადგან მუდმივი მუქარის ქვეშ იყო, როგორც ქმარს გაცილებული ქალი და ჟურნალისტი, რომელიც უცხოელებთან თანამშრომლობდა. მან თან წაიყვანა ყველაზე უმცროსი შვილი, ალი, რომელიც მაშინ მხოლოდ ექვსი წლის იყო. ”ჯერ კიდევ პატარა იყო და თავს ვერ მოუვლიდა,” ამბობს ფარაჰნაზი შვილზე. მათ დიდი და სახიფათო გზის გავლა მოუხდათ, სანამ უნგრეთს მიაღწევდნენ თურქეთის, საბერძნეთისა და სერბიის გავლით. უნგრეთში გადასახლების შემდეგ ფარაჰნაზი, საბოლოოდ, თავის დანარჩენ შვილებსაც შეხვდა.