რატომ აძლევს პრეზიდენტი მილიონს მედიასა და სამოქალაქო სექტორს

მიხეილ სააკაშვილი

არაერთი ეჭვი და კითხვის ნიშანი გააჩინა პრეზიდენტის ბრძანებულებამ მედიისა და არასამთავრობო სამოქალაქო სექტორისთვის მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე. მაგალითად, გაჩნდა ინტერესი, თუ რა უდევს საფუძვლად პრეზიდენტის მიერ უპრეცედენტო გადაწყვეტილების სწორედ ახლა მიღებას; რამდენად სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს პროცესი, როცა მილიონი ლარის გამანაწილებელი ორგანიზაციის შერჩევა პრეზიდენტმა თავის გარემოცვას დაავალა და, საერთოდ, რამდენად კანონიერია ეს პროცესი.

ნინო კალანდაძე, ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, ვერა ქობალია, ნატალია
ყანჩელი - ისინი ამჟამად პრეზიდენტის მრჩევლები არიან და სწორედ მათ დაავალა პრეზიდენტმა სააკაშვილმა კონკურსის წესით იმ არაკომერციული იურიდიული პირის შერჩევა, რომელსაც ის თავად დაამტკიცებს და შემდეგ საკუთარი ფონდიდან მილიონი ლარის განაწილების პროცესსაც მიანდობს. თანხა გამიზნულია მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო სექტორისთვის და ეს თანხა კონკურსის წესით უნდა განაწილდეს.

პრეზიდენტის 1112-ე ბრძანებულებაში, რომელიც ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” 17 დეკემბერს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, ნათქვამია, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის შემდგომ ხელშეწყობას, რადგანაც სამოქალაქო სექტორსა და თავისუფალ მედიას დიდი როლი ეკისრება ”საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესების განმტკიცების საქმეში”.
წლების განმავლობაში რა პრაქტიკაც იყო და რაც ჩვენ გვინახავს, იყო ის, რომ ამ თანხების ხარჯვა არ იყო გამჭვირვალე, იყო პრობლემური ყოველთვის ...
ეკა ფოფხაზე

სამოქალაქო სექტორსა და მედიას განვითარებისთვის ფული რომ ესაჭიროება, ამაში ეჭვი არავის ეპარება და, მათ შორის, არც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა ფოფხაძეს, თუმცა პრეზიდენტის ბრძანებულების შინაარსმა მას არაერთი შეკითხვა გაუჩინა და, ძირითადად, პროცესის გამჭვირვალობის ჭრილში.

”წლების განმავლობაში რა პრაქტიკაც იყო და რაც ჩვენ გვინახავს, იყო ის, რომ ამ თანხების ხარჯვა არ იყო გამჭვირვალე, იყო პრობლემური ყოველთვის და თუნდაც როცა არასამეწარმეო იურიდიული პირები ახდენდნენ სახელმწიფოსგან მიღებული თანხების ხარჯვას, არც ეს იყო გამჭვირვალე. ჩნდება კითხვის ნიშნები: რა პროცესით მოხდება ამ იურიდიული პირის შერჩევა? როგორ მოხდება ამ თანხის ხარჯვა? რა პროცესით მოხდება იმ სამოქალაქო სექტორისა თუ მედიაორგანიზაციების შერჩევა, რომლებსაც გადაეცემა ეს თანხა? საერთოდ, მთავარი კითხვაა - რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში დღეს? რამ განაპირობა ამის აუცილებლობა?” - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა ფოფხაძემ, რომლის ორგანიზაციასაც მუდმივად ექმნებოდა პრობლემები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მონიტორინგის პროცესში.

შეკითხვებზე ჯერჯერობით პასუხს არ იძლევიან საკონკურსო კომისიის წარმომადგენლები. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ვან ბაიბურთმა უთხრა რადიო თავისუფლებას 18 დეკემბერს, კონკრეტული დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი:

”ჩვენ შევთანხმდით, რომ დღეს არც ერთ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაკეთებთ. და უკვე ხვალ, ზეგ შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარები”.

სხვა შეკითხვების მსგავსად, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რატომ მიიღო პრეზიდენტმა მედიისა და სამოქალაქო სექტორის დაფინანსების უპრეცედენტო გადაწყვეტილება სწორედ ახლა და, ამ შეკითხვის საფუძველზე, საიას აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე აბსოლუტურად ლეგიტიმურად მიიჩნევს ეჭვებს, რომლებიც საზოგადოების ერთ ნაწილს მილიონი ლარის სავარაუდო მიმღებთა მისამართით გაუჩნდა.
არც ერთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და არც მეორესთან, ამიტომ იმთავითვე ეს ბრძანებულება არის კანონის დარღვევა ...
თამარ კორძაია

ხომ არ დაფინანსდება საბიუჯეტო თანხებით ლოიალურობა ძველი ხელისუფლების მისამართით?

”ბევრი ადამიანი, ვინც იყო წინა ხელისუფლებაში, დღეს გადავიდა სამოქალაქო სექტორში, ანუ მათ დააფუძნეს არასამთავრობო ორგანიზაციები და დღეს საზოგადოებაში აზრს გამოხატავენ როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც არიან ყოფილი ხელისუფლების დროს მაღალჩინოსნები. ეს ეჭვები გაჩნდა, ამ სამოქალაქო სექტორის თუ ძველი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებების დასაფინანსებლად ხომ არ მოხდება ამ თანხების გამოყენებაო. მგონია, რომ ამ კითხვებს და ეჭვებს აქვს ლეგიტიმური საფუძველი”, - აცხადებს ეკა ფოფხაძე.

ეჭვების შესახებ არაფერს ამბობს, მაგრამ ”ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორის თამარ კორძაიას შეფასებით, პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება პირდაპირ არღვევს კანონს და, კერძოდ, კანონს ”გრანტების შესახებ”, რადგანაც, ამ კანონის მიხედვით, გრანტის გაცემა საბიუჯეტო თანხებით მხოლოდ ორ შემთხვევაშია დასაშვები:

”ეს არის, როდესაც თვითონ სამინისტრო გასცემს გრანტს და მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გასცემს გრანტებს. არც ერთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და არც მეორესთან, ამიტომ იმთავითვე ეს ბრძანებულება არის კანონის დარღვევა”.

ამასთან, თამარ კორძაიას შეფასებით, გაუმართლებელია მედიის დაფინანსება საბიუჯეტო სახსრებით, რადგანაც ეს მედიის თავისუფლების ხარისხს კი არ გაზრდის, არამედ შეამცირებს. ეკა ფოფხაძე კი მიიჩნევს, რომ, საბიუჯეტო ფინანსების მიღების შედეგად, არაჯანსაღი ანგარიშვალდებულება, მედიის მსგავსად, არასამთავრობო სექტორსაც გაუჩნდება.

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ბრძანებულებაში არ არის ნათქვამი, თუ როდის აპირებს პრეზიდენტი მილიონი ლარის გამოყოფას. გავიხსენოთ, რომ, სახელმწიფო ბიუჯეტის 2013 წლის პროექტის თანახმად, წინასწარი გათვლით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 5-ჯერ, ანუ 10 მილიონ ლარამდე, შემცირდა.