ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 8 ნოემბერი

დღევანდელი პრესა არჩილ კბილაშვილის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილებას ეხმაურება და ცდილობს განჭვრიტოს მომავალი მთავარი პროკურორის ვინაობა. თუმცა პრესის არც ერთი პროგნოზი არ გამართლდა. დღეს უკვე ცნობილი გახდა, ვინ იქნება მომავალი მთავარი პროკურორი. ოთარ ფარცხალაძე სავარაუდო კანდიდატებს შორის პრესაში არავის დაუსახელებია.

რაც შეეხება არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებას, „რეზონანსი“ წერს: „კბილაშვილი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა, თუმცა ირკვევა, რომ მისი გადაყენება მმართველ გუნდში უკვე განიხილებოდა“. „ალიაში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი წერს: „ჯერ კიდევ 3 თვის წინ ვწერდი, რომ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი თანამდებობას დატოვებდა და მას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც მიჰყვებოდა. ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილის კარზე მართლაც 3 თვის წინ გადაწყდა... მაშინ „ალიას“ ინკოგნიტო წყარო ამტკიცებდა, რომ პრემიერს საკუთარმა გარემოცვამ ურჩია, ადვოკატი კბილაშვილი, რომელმაც თავი ვერაფრით გამოიჩინა, გადაეყენებინა, მაგრამ ბოლოს შეთანხმდნენ, არჩევნებამდე ყველაფერი ძველებურად დაეტოვებინათ“.

„ალიას“ ყოფილი პროკურორი მირიან ნიკოლაძე კბილაშვილზე ეუბნება: „მან რომ ვერ გაამართლა საზოგადოების მოლოდინი, ეს არჩილის ბრალი და მისი გადასაწყვეტი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა არსებობდა მის მიმართ გარკვეული საყვედურები როგორც საზოგადოებისგან, ასევე შიდა წრეებიდან“.

„ვერსია“ წერს: „კოჰაბიტაცია დასრულდა. პრემიერი მიდის, ქვეყნის მთავარი პროკურორი გადადგა... ჩანს, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ახალი ეტაპი იწყება. ამ ეტაპზე კი, სავარაუდოდ, ისეთი პორკურორია საჭირო, რომელიც, კბილაშვილისგან განსხვავებით, სათანადო სიმკაცრეს გამოიჩენს, სამართლიანობას აღადგენს, „დამნაშავე ნაციონალებს გაასამართლებს“ და იქნებ მიხეილ სააკაშვილიც კი დასვას საბრალდებო სკამზე“.

„ახალ თაობას“ ეუბნება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე: „აი, ამ მიმართულებით შიმშილი საზოგადოებაში, რომ სამართლიანობის აღდგენა არ ხდება, ეს ნამდვილად არის. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება ეს ასე? თუმცა, ვფიქრობ და ასეთი აზრი მაქვს, რომ ეს არის დასავლეთის სერიოზული ზეწოლა, მაგრამ ეს არანაირად არ ჯდება ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს ინტერესებში. თუნდაც ის, რომ არ ხდება ხელისუფლებაში მყოფი პირების დასჯა, სამართლიანი დასჯა მათი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს ძალიან ცუდი წახალისებაა თუნდაც ახალი ხელისუფლებისთვის“.

ისევ „რეზონანსს“ მივუბრუნდები. ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მომავალ პრემიერ-მინისტრზე ამბობს: „ორი რამ მაწუხებს: 1. ის, რომ ღარიბაშვილს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, არადა პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა და არა სამეურნეო, მან პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და არა ის, თუ სად რა მოხნან და სად ააშენონ ქარხანა. 2. ის, რომ 31 წელი პირველი კაცობისთვის ძალიან ცოტაა“.

„საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე მომავალ „მმართველ სამეულს“ აფასებს: „საინტერესო სამეულია - საინტერესო ყველა გაგებით. მარგველაშვილი ახალი ფიგურაა, მაგრამ უდავოდ სამოქალაქო ტიპის, ის არ შემოსულა პოლიტიკაში ინტრიგების გრძელი გზით, ის მოვიდა სამოქალაქო სექტორიდან. არც ღარიბაშვილი მოსულა პოლიტიკური ინტრიგების გრძელი გზით, ის მოვიდა ამ შემთხვევაში ეკონომიკური სექტორიდან. ეს ორი ფიგურა უდავოდ იქნება ჰარმონიული. უსუფაშვილი, უბრალოდ, დაბადებულია პარლამენტის თავმჯდომარედ და იმ ფუნქციის შესასრულებლად, რომელსაც ის ასრულებს. არ მგონია, რომელიმე მათგანს მოუნდეს საკუთარი მოქმედების არეალის ფარგლებიდან გასვლა, რომელიც გამოიწვევს სახელმწიფოში დესტაბილიზაციას“, - ეუბნება რამაზ საყვარელიძე „საქართველოს რესპუბლიკას“.