რუსეთის პრესის მიმოხილვა, 18 დეკემბერი, 2012 წელი

რუსეთში გამოსული გაზეთები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრის შესახებ წერენ. საქმე ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის დიპლომატები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს შუამავლის გარეშე, თუმცა არც საქართველოში და არც რუსეთში არავის ჰქონია ილუზია, რომ ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი პირველივე შეხვედრაზე მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას შეძლებდნენ. გაზეთი „კომერსანტი“ ციტირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, რომლის თქმითაც, პირველი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო და შემდგომი შეხვედრების ფორმატის განსაზღვრას ემსახურებოდა. გაზეთის ცნობით, ქართველი და რუსი დიპლომატების პირისპირ შეხვედრა უფრო მეტად რუსეთის ინტერესშია, ვიდრე საქართველოსი, რადგანაც კრემლის მიზანია მოიხსნას საქართველოს საკითხი საერთაშორისო ამბების დღის წესრიგიდან. ცნობილია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართული არიან ამერიკა, ევროკავშირი, ეუთო და გაერო. რუსეთის სურვილია, აჩვენოს, რომ თბილისი და კრემლი შუამავლების გარეშეც შეძლებენ ურთიერთობის გარკვევას. ამასთან, როგორც „კომსომოლსკაია პრავდისათვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ოფიციალური თბილისის გასაგონად ამბობს, მხოლოდ მოლაპარაკების დაწყება და ურთიერთობის გამოსწორების სურვილიც არ კმარა: „მზად ვართ დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ორიენტაცია უნდა ავიღოთ არა მარტო საქართველოს ხელისუფლების განცხადებეზე, არამედ იმ რეალურ ნაბიჯებზე, რომლებიც მან უნდა გადადგას. სამწუხაროდ, თბილისი არაფერს ამბობს რუსეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი ქყვენების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ“. პატრუშევი ასევე ხაზს უსვამს საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარების არაერთგვაროვნებას. მისი თქმით, გაურკვევლობას იწვევს ის, რომ ქვეყანას ჰყავს ორი ლიდერი, რომელთა შეხედულებები მთელ რიგ საკითხებზე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

გაზეთი „იზვესტია“ კი იმ ქართველ სამხედროებზე წერს, რომლებმაც სამომავლოდ ავღანელი მსროლელები უნდა გაწვრთნან. სტატიის მიხედვით, ავღანეთიდან ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ ავღანელ სამთო მსროლელებს საჩხერის სპეციალიზებულ ცენტრში გაწვრთნიან. „იზვესტია“ ციტირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, რომელიც ავღანეთში ყოფნისას ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდა: „განვიხილეთ ავღანელების გაწვრთნის შესაძლებლობა გორში მდებარე საქართველოს თავდაცვის აკადემიასა და საჩხერის სამთო მსროლელთა ცენტრში. მზად ვართ შევთავაზოთ ჩვენი პოტენციალი. ავღანეთის მხარე თანახმაა“. გაზეთის რედაქცია ხაზს უსვამს რამდენიმე გარემოებას: პირველი ისაა, რომ ავღანელებს გაწვრთნიან ის ქართველი სამხედროები, რომლებიც 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მეორე გარემოება კი სწავლების ენას უკავშირდება: „იზვესტიის“ მიხედვით, პირველ წელს ავღანელ სამხედროებს მეცადინეობები ინგლისურად ჩაუტარდებათ, პარალელურად ისინი ქართულშიც იმეცადინებენ. „ერთი წლის შემდეგ ავღანელები სამხედრო საქმეს შოთა რუსთაველის ენაზე შეისწავლიან“, წერს გაზეთი.

გარკვეულწილად, საქართველოს, რუსეთისა და ნატოს რთულ ურთიერთობებს შეეხება „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუ ნატოს გენერალურ მდივანთან. ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ყველა ცალკე აღებული ქვეყნის უფლებაა თავად განსაზღვროს, შეუერთდეს თუ არა რომელიმე კავშირს და როგორ მოაწყოს უსაფრთხოების საკუთარი სისტემა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოს მიღება ალიანსში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ნატოს გენერალური მდივანი გამოთქვამს იმედს, რომ პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაწყდება და იქვე დასძენს: დაუშვებელია ნატოს გაფართოებაზე რუსეთისათვის ვეტოს დადების ფაქტობრივი უფლების მიცემაო.