რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2014 წლის 4 ნოემბერი

რუსეთის ბეჭდურმა მედიამ აქტიურად გააშუქა გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის, შაქრო კალაშოვის, რუსეთში დაბრუნების ფაქტი. „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, 2010 წელს ესპანეთის სასამართლომ დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კალაშოვს 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა და 20 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, პატიმრობიდან გათავისუფლებულ კალაშოვს ეკრძალება ესპანეთში დაბრუნება ათი წლის განმავლობაში. „61 წლის კალაშოვი მოსკოვში დამოუკიდებლად, ჩვეულებრივი რეისით ჩაფრინდა. აეროპორტში მას დახვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც პროფილაქტიკური გასაუბრების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს“, ვკითხულობთ სტატიაში. „იზვესტიის“ მიხედვით, ამჟამად საგამოძიებო ორგანოები კალაშოვს ფორმალურად არ დევნიან, თუმცა წლების წინ მისი სახელი დაუკავშირდა რამდენიმე დანაშაულსა და მკვლელობას. რუსული გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ შაქრო კალაშოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა იმის გამო, რომ რუსეთის კონსტიტუცია უკრძალავს ხელისუფლებას რუსეთის მოქალაქეების სხვა ქვეყნებისათვის გადაცემას, კალაშოვს ექსტრადიციის საფრთხე არ ემუქრება. სტატიაში, რომლის სათაურია „ესპანეთმა რუსეთს გადასცა „დედ ხასანის“ შესაძლო მემკვიდრე“, გამოთქმულია ვარაუდი, რომ შაქრო კალაშოვის, იმავე „შაქრო მოლოდოის“, რუსეთში დაბრუნებას მოჰყვება დაპირისპირება მაფიოზურ კლანებს შორის და გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება. კალაშოვს განიხილავენ 2013 წლის იანვარში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის, „დედ ხასანის“, მემკვიდრედ.

გაზეთი „კომერსანტი“ კი ეხმიანება მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „ბიზნესის კეთების“ რეიტინგს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაცია 62-ე ადგილზე იმყოფება, რასაც, იმის გათვალისწინებით, რომ 2011 წელს 120-ე პოზიციას იკავებდა, რუსი ეკონომისტები წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. რეიტინგის მიხედვით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ლიდერობს საქართველო, მე-15 ადგილით. შემდეგ მოდის ესტონეთი მე-17 და ლიტვა-ლატვია, 23-ე და 24-ე ადგილებით.

რუსი ექსპერტების ვარაუდით, მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რეიტინგში რუსეთის ფედერაციის წინსვლა არანაირად არ აისახება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე. ეკონომისტი სემიონ ნოვოპრუდსკი მიიჩნევს, რომ „ბიზნესის კეთების“ რეიტინგის გაუმჯობესება ვერ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას საერთაშორისო რეიტინგული სააგენტოების შეფასებებზე მანამდე, ვიდრე არ მოიხსნება პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც ახლა იმდენად მაღალია, რომ ყველა რეიტინგს ფარავს. „კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატია მთავრდება იმით, რომ 2012 წელს რუსეთის მთავრობას „ბიზნესის კეთების“ რეიტინგის გაუმჯობესება დაავალა პრეზიდენტმა პუტინმა. 2011 წელს რუსეთი რეიტინგში 120-ე ადგილზე იმყოფებოდა, დავალების მიხედვით კი, 2018 წელს მე-20 ადგილზე უნდა აიწიოს.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ კი სტატიის სათაურად გამოტანილი აქვს ფრაგმენტი ვლადიმირ პუტინის განცხადებიდან: „სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში ახალი შეიარაღების წილი უკვე 55 პროცენტია“. პუბლიკაციის მიხედვით, კრემლში ოფიცრებთან შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინის თავდაცვით ხასიათსა და მის მთავარ ამოცანებზე - ქვეყნის სუვერენიტეტისა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე ილაპარაკა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო ძალების შეიარაღება განახლდა 35 პროცენტით, საზღვაო ძალებისა - 50 პროცენტით, ხოლო სახმელეთო ძალებში ჯავშანტექნიკა და საავტომობილო პარკი შეიცვალა 70 პროცენტით. ოფიცრებთან შეხვედრისას პუტინი ასევე შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეცსამსახურების საქმიანობას. ირკვევა, რომ 2014 წლის განმავლობაში უშიშროების სამსახურის ძალისხმევით მოხერხდა რვა ტერაქტისა და 58 მძიმე დანაშაულის თავიდან აცილება. სტატიას რუსეთის პრეზიდენტის ოფიცრებთან შეხვედრის შესახებ „ნეზავისიმაია გაზეტა“ აქვეყნებს.