სოციალურად დაუცველთა ქულებს ახლებურად დაითვლიან

ეკომიგრანტებისა და სოციალურად დაუცველების დასახლება ხელვაჩაურში ("მუყაოს სოფელი")

სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სისტემა 1 აპრილიდან ამოქმედდება და ერთი თვის განმავლობაში ტესტურ რეჟიმში იმუშავებს, განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ. მისი თქმით, სისტემა მაქსიმალურად შეამცირებს შეფასებისას სუბიექტურ გადაწყვეტილებებს და მასში პირველ ეტაპზე 5 ათასი ბენეფიციარი ჩაერთვება. ამასთან, ქულების მინიჭების სისტემა ორიენტირებული იქნება ბავშვზე. ვისთვის რას და როგორ შეცვლის შეფასების ახალი სისტემა?

რამდენიმეწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სოციალურად დაუცველთათვის - ასეთი კი საქართველოში 400 ათასზე მეტი ადამიანია - ქულების მინიჭების სისტემა ნაკლოვანებებს შეიცავდა, განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ. მისი თქმით, სისტემა სოციალურ აგენტს ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს შესაძლებლობას აძლევდა, მიუხედავად მინიჭებული სარეიტინგო ქულებისა, ერთპიროვნულად გადაეწყვიტა დაენიშნა ამა თუ იმ ოჯახისთვის დახმარება თუ არა. ახალი სისტემა ამ სუბიექტივიზმს გამორიცხავს. ამასთან, ქულების მინიჭების დროს მხედველობაში აღარ მიიღება ის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთა მოხვედრაც ჩამონათვალში ქულების მინიჭებაზე გავლენას ახდენდა - მაგალითად, ტელევიზორი, გაზქურა და ა.შ.

ზაზა სოფრომაძე

„პირველ რიგში, ქულების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ის ქონება, რომელმაც შეიძლება ოჯახს პოტენციურად შემოსავალი მოუტანოს. კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ბავშვის ელემენტი შემოდის შეფასების სისტემაში, ანუ თითოეულ ბავშვზე დამატებით ბენეფიტს მიიღებს ოჯახი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ სისტემა გახდება დიფერენცირებული“.

ანუ, თუ ამჟამინდელ სისტემაში სოციალური დახმარების დასანიშნი ზღვარი არის 57 ათასი ქულა, სატესტო რეჟიმში მყოფი სისტემის მიხედვით, ახალი ზღვრები გაჩნდება:

„პირველი ასეთი ზღვარი იქნება 30 ათას ქულამდე და ამ ქულაზე დაბალი ქულის მქონე ოჯახები მიიღებენ უფრო მეტ დახმარებას, ვიდრე შემდეგი და მისი მომდევნო, და მაქსიმალური ზღვარი იქნება 65 ათასი ქულა. ხოლო ბავშვებისთვის ეს ზღვარი იქნება 100 ათასი ქულა. ანუ თვითონ ქულების რაოდენობა იზრდება და ეს პასუხობს იმას, რომ, წინასწარი გათვლებით, გაიზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, ვინც დახმარება უნდა მიიღოს. თუმცა მე არ მინდა ცრუ მოლოდინი შევუქმნა მოსახლეობას. თავისთავად ეს არ გახლავთ ოჯახის მატერიალური კეთილდღეობის შესაქმნელი დახმარება, მას აქვს ერთადერთი მიზანი - ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა“.

ცვლილებების თანახმად, 30 ათას ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის თითოეულ წევრს დაენიშნება 60-ლარიანი დახმარება და მათ ექნებათ უკეთესი სამედიცინო სადაზღვევო პაკეტი. სატესტო სისტემაში ჩაერთვება ის 5 ათასი ადამიანი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა სიაში, თუმცა ამ დრომდე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იღებდა შემწეობას. ქონების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება უძრავ-მოძრავი ქონება, სოფლებში შინაური საქონელი, პირუტყვი. ზაზა სოფრომაძის თქმით, არსებობს შეფასების უნივერსალური ფორმულა, სადაც ყველანაირ ქონებას თავისი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული და ქულები ამ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება.

ეს 10 ლარი არაფერს არ ნიშნავს აბსოლუტურად, მით უფრო სოციალურად დაუცველებისთვის და მათთვის, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობის შვილები ჰყავს, იმიტომ რომ წამალში, პამპერსებში და ჰიგიენურ საშუალებებში იმდენი იხარჯება, რომ ეს 10 ლარი არაფერს არ წყვეტს...
ქეთევან სვანიძე

სოციალურად დაუცველი ოჯახების თითოეული ბავშვი ათლარიან დახმარებას მიიღებს, თუმცა სოციალურად დაუცველი ქეთევან სვანიძისთვის, რომელიც 15 წლის ცერებრალური დამბლის მქონე ვაჟიშვილთან ერთად გამგეობის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, დამატებით ათლარიანი დახმარება დიდი შეღავათის მიმცემი არ არის:

„ეს 10 ლარი არაფერს არ ნიშნავს აბსოლუტურად, მით უფრო სოციალურად დაუცველებისთვის და მათთვის, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობის შვილები ჰყავს, იმიტომ რომ წამალში, პამპერსებში და ჰიგიენურ საშუალებებში იმდენი იხარჯება, რომ ეს 10 ლარი არაფერს არ წყვეტს“.

ქეთევან სვანიძის შვილს სახელმწიფო თვეში 100-ლარიან დახმარებას უწევს, თუმცა, მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა სარეაბილიტაციო ცენტრისა და სხვა სამედიცინო ხარჯებს უნაზღაურებდეს.

სოციალურად დაუცველთათვის ქულების მინიჭების სატესტო სისტემის შექმნაში აქტიურად მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდი. იუნისეფის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის მაია ქურციკიძის ვარაუდით, ახალი სისტემის ამუშავების შემდეგ უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვების ოდენობა უნდა განახევრდეს, თუკი ქვეყანაში არ იქნება მნიშვნელოვანი ინფლაციური პროცესები. მაია ქურციკიძის თქმით, იუნისეფის კვლევებმა უჩვენა, რომ ბავშვიანი ოჯახები იყვნენ უფრო გაჭირვებულები და ეს იმას ნიშნავდა, რომ სოციალური დაცვის სისტემა კარგად ვერ ითვალისწინებდა ბავშვიანი ოჯახების საჭიროებას. მიზნობრივი დახმარებები არ გულისხმობდა ბავშვთა ინტერესებს და ამიტომ გახდა აუცილებელი სისტემის გადახედვა და ბავშვების ინტერესების მეტად გათვალისწინება. ბავშვთა სიღარიბის შემცირება და ბავშვიანი ოჯახების უკეთ დანახვა არის ახალი სისტემის მთავარი მიზანი, ამბობს მაია ქურციკიძე.

მაია ქურციკიძე

„50 ათასი ბავშვი ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, ანუ დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარდა და 225 ათასი ბავშვი იყო ეროვნული სიღარიბის ზღვარს მიღმა, ანუ დღეში 4 ლარს მოიხმარდა. ადრე არსებული სოციალური დახმარების სისტემის მიხედვით, 2013 წლის შემდეგ უკიდურესი სიღარიბე შემცირდა 9-დან 6 პროცენტამდე, მაგრამ ის მაინც 50%-ით აღემატება ზოგადად მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელს, ანუ ყველა კვლევით დასტურდებოდა, რომ ბავშვთა სიღარიბე უფრო მაღალი იყო მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით“.

მაგრამ, მაია ქურციკის სიტყვებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით შშმ ბავშვის ოჯახებისთვის არსებობდეს სხვა სახის დახმარებები - მათ შორის, დღის ცენტრები - და ახალმა მეთოდოლოგიამ სიღარიბის შემცირება უზრუნველყოს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, ახალი სისტემით დათვლილი ქულების მიხედვით თანხის დანიშვნა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება.