რატომ ვაპროტესტებთ რუსეთის ფედერაციის ჰიმნს?

ავტორი: ვალერიანე ბუკია

იმ დღეს თბილისის სპორტის სასახლეში რუსეთის საკალათბურთო ნაკრებმა საქართველოს ნაკრები დაამარცხა, დამწყდა გული და დამეკარგა ხმა, ხმა ჯანდაბას, მალე აღვიდგინე. უბრალოდ ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული, რომ ჩემს წინ 50-60 წლის მსხდომმა ქალბატონებმა გააპროტესტეს ჩემი სტვენა რუსეთის ჰიმნის გაჟღერებისას, დიდი მოწიწებით დავუწყე ახსნა რომ ეს კომპოზიტორ ალექსანდროვის და პოეტ მიხალკოვის მიერ შექმნილი საბჭოთა ჰიმნი პუტინმა იმიტომ დააბრუნა რომ ნოსტალგია აქვს საბჭოთა წარსულის მიმართ, რომ 2008 წელს მათმა სახელმწიფომ ისედაც დაპატარავებული საქართველო კიდევ დააპატარავა და რომ რუსეთში ისევ დაეტოვებინათ კომპოზიტორ გლინკას მიერ შექმნილი მუსიკა „სლავსია“ ჰიმნად, ადვილი შესაძლებელია არ დამესტვინა მეთქი. მიყურეს ცარიელი თვალებით და არაფერი მითხრეს, ალბათ არც გლინკა იცოდნენ არც ალექსანდროვი და მიხალკოვი, ვინანე რომ საერთოდ გავესაუბრე, ასეთ დროს მხვდება ცარიელი თვალები, ამ თვალებში იკითხება „რას ბოდავს ეს?“

ამ აზრზე მყოფები საკმაოდ არიან საქართველოში, ილიას რომ უხსენებ გენიოსია, ერის მამააო გეტყვიან, იმეორებენ სკოლაში დაზეპირებულ ფრაზებს, მაგრამ როცა მოიყვან ილიას სიტყვებს, რომელიც წმინდა ილია მართალმა ლერმონტოვის მწირის თარგმნისას თვითნებურად „გააკვეხა“

„რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა – ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს“

ისევ ცარიელი თვალები გხვდება, სადაც იკითხება „რას ბოდავს ეს უბედური“

ნეტავ ვბოდავდე მე „უბედური“, ბავშვობაში შეკითხვაზე როგორ გავჩნდი, როგორც ბავშვების უმრავლესობას მეც მატყუებდნენ რომ წერომ მომიყვანა, დიდობაშიც ხშირად შემიხედავს მაღლა ცაში აფრენილი წეროსთვის და მწარედ მინანია იმაზე, თუ რატომ მომიყვანა თავისი გრძელი ნისკარტით ამ უწყინარმა ფრინველმა ამ რუსეთის მიერ დაპყრობილ ქვეყანაში და სადაც ისეთი უსინდისო დამპყრობელი იმპერია, როგორიც რუსეთია ასე უყვართ ზოგიერთებს.

თუ მაინც და მაინც კოლონიობა გვიწერია, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი იმ იმპერიის ქვეშევრდომი სადაც არ დაჩაგრავენ ბორის პასტერნაკს, სადაც არ დახვრეტენ ნიკოლაი გუმილიოვს და არ შეავიწროვებენ მარინა ცვეტაევას, ანა ახმატოვას, სადაც თავს არ მოიკლავს ვლადიმერ მაიაკოვსკი, სადაც გაიზიარებენ ვლადიმერ ვისოცკის, ვიქტორ ცოის, იური შევჩუკის,ბორის გრებენშიკოვის, ანდრეი მაკარევიჩის და თუნდაც სერგეი შნუროვის ღირებულებებს და მოსაზრებებს, საიდანაც არასდროს მოუნდება გადაბარგება ლონდონში ბორის აკუნინს, სადაც არ კლავენ ჟურნალისტებს, ოპოზიციონერებს, სადაც არ აშინებენ თავიანთ მოქალაქეებს იმ ფაქტით რომ ევროპა და აშშ ჰომოსექსუალიზმის და გარყვნილების ბუდეა, სადაც არ შეათეთრებენ ჩვენი უძველესი მონსატრების ფრესკებსა და წარწერებს, და მათი სასულიერო პირები არ დაწყევლიან სრულიად საქართველოს, (ნათქვამია უკანონო წყევლა უკან ბრუნდებაო, ჯერჯერობით ეს არ ჩანს) სადაც არ აჩეხავენ მშვიდობიან დემონსტრანტებს სანგრის სათხრელი ნიჩბებით და არ მოაწყობენ ეთნიკურ წმენდებს ჩვენს რეგიონებში.