ღმერთის მოშინაურება ქართულად

ავტორი: გიორგი ბუხრიკიძე

პირველი დღე უნივერსიტეტში. ოთახი სავსეა ლექტორის მომლოდინე სტუდენტებით. რელიგიის არსზე უნდა ვისაუბროთ. გადის ათი წუთი. ლექტორი არ ჩანს.ზარი:
-დაგელოდოთ თუ წავიდეთ?
-რა რიცხვია დღეს?
-26.
-არ დამელოდოთ.
მივდივართ.

მივდივარ და ლექტორის უდარდელი სიზანტით ამოთქმული სიტყვები გონებაში ასოციაცებს ბადებს. ცნობიერების ზედაპირზე საკუთარ თეთრ ეტლზე ამაყად მოსაუბრე ჭყონდიდის მიტროპოლიტისა და მომღიმარი ეკა ხოფერიას სურათი იწყებს ტივტივს. რამდენიმე თვის წინათ ნანახი ვიდეო, სადაც მეუფე პეტრე მაყურებელს შემოწირულობის სახით მიღებული 15 000-იანი კარეტის ამბავს უყვება, თვალწინ გაირბენს და იმ მომენტში აღძრული ემოციაც პირში ძველებურად მწარე გემოს ტოვებს. ,,ამ კაცს სული არ აქვს”- გავიფიქრე მაშინ ნანახზე და ახლა, უნივერსიტეტიდან გამოსულს, ფიქრები საკუთარ თავში რელიგიის არსის მიგნებას მთხოვს. ,,პირველმიზეზის მარადიული ძიება”- არის პასუხი. ქართველი აღარაფერს ეძებს, რადგან ადამიანი, რომელმაც ძიების პროცესში მაძიებელსა და პირველმიზეზს შორის მედიუმის როლი უნდა იტვირთოს, საკუთარი კომფორტის ზონის იქით არ იყურება. ძიება, რომელმაც ადამიანი ღმერთამდე უნდა მიიყვანოს, მკვდარია. მკვდარია, რადგან ღარიბ ხალხში პირადი კომფორტისთვის ეტლით მორბენალი მიტროპოლიტის არსებობა მისაღებია მშიერი მოსახლეობის უმეტესობისთვის, სასულიერო წრისთვის, ხელისუფლებისა და სატელივიზიო სივრცისთვის.

მისაღებია, რადგან არაფერი ხდება რელიგიური ბირთვისგან უსასრულოდ დაშორებული მიტროპოლიტის მორალური პასუხისმგებლობის ირგვლივ მენტალურად ვიწრო, ჩახუთულ სივრცეში, რასაც ქართული კულტურა ჰქვია.

,,რაღა რჩება?”- ვეკითხებოდი მაშინ საკუთარ თავს,- ,,თუ დარჩა რაიმე, რაც ამ მანკიერ წრეს გაარღვევს?”- და ამ კითხვებმა მომიყვანეს უნივერსიტეტში.

ნუთუ, მართლა აღარაფერია დარჩენილი?