ორი ცალი ფორთოხალი/ერთი კილო თავისუფლება

ავტორი: ირინა რურუა
ხშირად წარმოვიდგენ საკუთარ თავს სხვების სხეულში და ვფიქრობ:

რამდენით მეტჯერ დავითვლიდი მოწითალო ჯამში მოთავსებულ ხურდებს,
იმ ქალის მსგავსად,
კიბის მოძველებულ საფეხურზე,
ხურდა გამოკერებული ხელების, აუტანელი სიცივითა და შიმშილით,
გრძნობებ მოშლილი, არსებობარომ მიწევდეს…

შევძლებდი თუ არა ადამიანური გრძნობების შემონახვას მომავალი ცხოვრებისათვის,
ბოშა გოგონას მსგავსად,
უსახლკაროდ,
მეტროს სადგურებში ზურგზე გაკრული ბავშვით,
ჯერ შიმშილის გაყუჩება და შემდეგ მთელი ცხოვრების ასე გაყვანა რომ მიწევდეს..

გაჩნდბოდა თუ არა საკუთარი თავის შეცნობის სურვილი,
გრძნობებზე დაკვირვების, შეგრძნებების გამოცდის აუცილებლობა
სეზონებისა და ამინდების განურჩევლად ღია ცის ქვეშ
ყოფითი პრობლემების ტყვეობაში მყოფი
დამონებული, მრუშობამდე მისული საკუთარი სხეულის ატანა რომ მიწევდეს…

რამდენად მზად შევხვდებოდი ცხოვრების მორიგ დაბრკოლებებს
ყოველდღიური ყოფის აუტანელ რუტინას
იმ ქალის მსგავსად,
ყოველ დილით, მზეს რომ ასწრებს და გათენებამდე დიდი ხნით ადრე უწევს ადგომა,
შემდეგ,
მთელი დღის ფიზიკური გადაღლით გამოწვეული ფსიქიური ცდომილებები..
ფიზიკური ტკვილებით გამაგრებული შინაგანი ხასიათი და თავდაცვის უნარი.
ქარში დახეთქილი, სითეთრემდე მისული თითქმის გამქრალი ტუჩები.
მოყინული, ძვლამდე მოყინული თითები, ძარღვებთან და მათში თითქმის გაშეშებულ სითხესთან ერთად.

ვვაჭრობთ ყველგან და ყოველთვის…
სავაჭრო დახლებთან თუ პირად ურთიერთობებში..

ორი ცალი ფორთოხალი …
ერთი კილო თავისუფლება…