ვინ აგებს პასუხს დამნაშავესა და მსხვერპლზე

ავტორი: მარიამ პირველი

2017 წლის 2 დეკემბერი არასოდეს დაავიწყდება ქალაქს, რომელსაც 16 წლის ბიჭებმა ორი თანატოლის სიცოცხლე გამოგლიჯეს ხელიდან, თავად კი, აგრძლებენ დამძიმებულ სუნთქვას, სუნთქვას, რომელიც გაჟღენთილია სისხლის, ტკივილის, ცრემლისა და დანაშაულის ელფერით.

თუმცა, ეს ყველაფერი ვერსიაა, და მეც, სწორედ იმ ხალხთა რიგებს მივეკუთნები, ვინც ვერსიებზე დაყრდნობით ანალიზის გაკეთებას ცდილობს და ამბობს, რომ დღეს ქალაქს, სახელად - სისხლიანი თბილისი, სასიცოცხლოდ უმძიმს, უჭირს და გადარჩენას ითხოვს.

თუ კი ზემოთნახსენები ფაქტები დადასტურდება, თუ კი ჩვენში არსებობენ სისხლიანი მოზარდები და მათ მხრებზე მკვლელობის საზარელი ლოდი დევს, ყელა ერთად და ცალ-ცალკე უნდა დავფიქრდეთ, ვინ არის პასუხისმგებელი დამნაშავესა და მსხვერპლზე, რატომ არსებობს მომეტებული აგრესია მოზარდებში, რომლებიც ერთიშეხედვით, უწყინარები და უცოდველები უნდა იყვნენ?

მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობა არ არსებობს, ერთხმად უნდა შევთანხმდეთ, რომ დღეს, ჩვემ ყველანი ერთად და ცალ-ცალკე პასუხისმგებელნი ვართ შეწყვეტილ და გადარჩენილ სიცოცხლეებზე, პასუხისმგებელნი ვართ დამნაშავესა და მსხვერპლზე, რადგან ჩვენ, სწორედ ჩვენ, მახინჯმა, არასწორმა და სუსტმა საზოგადოებამ შევქმენით ისინი.

და როგორ? მარტივად. ჩვენ არ მივუთითეთ მათ განათლების აუცილებლობაზე, ჩვენ არ გვივილია თეატრში, ოპერაში, კონცერტზე მათთან ერთად. არ გვივლია იმიტომ, რომ დრო არ გვქონდა ანდაც უარესი, და უფრო რეალურიც, სახსრები არ გაგვაჩნდა ამისათვის. არ გაგვაჩნდა იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენსავე დასმულსა და არჩეულ სახელმწიფოს არ მოვთხოვეთ მეტი პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, მათი დასაქმება, განვითარება და ნორმალური პირობების შექმნა. ჩვენ, როგორც ამ საზოგადოების ნაწილაკებმა არ მოვითხოვეთ ერთმანეთისაგან სიყვარული, დაგვავიწყდა ვასწავლოთ ერთმანეთს ტოლერანტობა, აღარ გვახსოვს რა იმალება სიტყვების მიღმა - დიდსულოვნება, პატიება, შემწყნარებლობა. ჩვენ, დამნაშავე საზოგადოებამ, დავკარგეთ ნდობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. დიახ, მათ მიმართ ვისთან თანამშრომლობაც „ბოზობად“ არ უნდა ინათლებოდეს და საერთოდ, რატომ უნდა არსებობდეს მსგავსი ტერმინი 21-ე საუკუნის, თანამედროვე მსოფლიოს რეალობაში? რატომ არ უნდა სწამდეთ ახალგაზრდებს, რომ მათი უფლებები დაცულია, დაუცველობის შემთხვევაში კი მათ გვერდით გამართული ინსტიტუციები დგას, და არა „ქუჩის ბირჟა“ და „ქურდული მენტალიტეტი“? რატომ აქვთ დრო ჩვენს გვერდით მყოფ ახალგაზრდებს ქუჩური გარჩევებისთვის, რატომ არ კითხულობენ წიგნებს, ფიქრობენ სტარტაპებზე, ცდილობენ გასცდნენ ქვეყნის ფარგლებს და ნახონ როგორ ცხოვრობს ცივილიზებული მსოფლიო, როგორი მრავალეთნიკურია დასავლეთი, სადაც მათ თანატოლებს ერთმანეთის კულტურა, ტრადიცია და ისტორია აინტერესებთ, უყვართ და ესწრაფვიან მის შესწავლასა და რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.

ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, დღეს ყველანი ერთად, მე, შენ, ის, ჩვენ ერთად ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ თანამედროვე მსოფლიოს პირობებში ჩვენი მოზარდები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ, პასუხისმგებლობას გაურბიან, სინანულის გრძნობა არ ტანჯავთ და აგრძელებენ დამძიმებული სულითა და ხორცით ცხოვრებას ასე უმიზნოდ, უფეროდ, უინტერესოდ. თუმცა, თუნდაც უფერული, მათი სიცოცხლის ძაფები მაინც განაგრძობენ არსებობას, მათ დედებს ისინი მაინც ეგულებათ თუნდაც ოთხკედელში გამომწყვდეულნი, მაგრამ იმედით სავსენი, რომ ოდესმე ისევ ნახავენ მზის სინათლესა და თავისუფლებას. მაშინ, როდესაც მათი თავნებობის შედეგად, დღეს თბილისს ორი შეწყვეტილი სიცოცხლე ჰყას გამოსაგლოვი...

ისინი აღარასოდეს გააგრძელებენ სუნთქვას, მათი დასახიჩრებული სხეულები აღარასოდეს შეხორცდებიან, მათი დედები ვეღარასოდეს გაიხდიან შავებს, მამები ვეღარ შეწყვეტენ მოგუდულ ბღავილს, სულისშემძვრელს, მომაკვდინებელს, დამთრგუნველს...

და მაინც, ვინ არის პასუხისმგებელი შეწყვეტილ სიცოცხლეზე, სისხლიან 2 დეკემბერზე, რომელიც არასოდეს დაავიწყდება თბილისს? უნდა შეიბრალოს ქალაქმა ისინი, ვინც ეს სიცოცხლის ძაფები თვითნებურად გაწყვიტა, გაგლიჯა და სანაგვეზე მოისროლა?

ასე მგონია, დღეს ისე, როგორც არასდროს, ყველამ ერთად და ცალ-ცალკე, პასუხი უნდა აგოს იმ შეცდომებზე, რომლებმაც საზარელ შედეგამდე მიგვიყვანა. ასეთ დროს, სასჯელი უნდა იყოს არა მხოლოდ ადეკვატური, არამედ სამაგალითო საზოგადოებისათვის, რომელიც როგორც ჩანს, სამწუხაროდ, განვითარების ჯერ კიდევ იმ სტადიაზე იმყოფება, სადაც სასჯელის შიშის გარეშე შეუძლებელია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

დღეს თბილისი შავი და მოქუფრულია. მჯერა, თბილისს და არა მარტო, არასოდეს დაავიწყდება დღე, როცა მის მიწაზე აღმოცენებულმა, გაზრდილმა, ლამაზმა ბიჭებმა ერთმანეთი სასიკვდილოდ გაიმეტეს.

დღეს, ისე როგორც არასდროს, თბილისი და არა მარტო, ვალდებულია ასწავლოს მის წიაღში აღმოცენებულებს, რომ სიცოცხლის ძაფები ყველაზე ფაქიზი, ძვირფასი და სანუკვარია ამ ქვეყნად და რომ არავის აქვს უფლება მათი დაგლეჯვის.

დღეს, ისე როგორც არასდროს, თბილისი უნდა გამაგრდეს და ფეხზე წამოდგეს, მკაცრად და ხმალამოღებით შეებრძოლოს ძალადობას, სიძულვილსა და განათლების სიმწირეს. უნდა იბრძოლოს, მთელი ძალითა და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს ძალა, რომლისაც სწამთ. სკოლა იყოს ადგილი, სადაც ასწავლიან, უყვართ, და ენდობიან. მშობლებს ჰქონდეთ საკმარისი დრო და რესურსი უზრუნველყონ საკუთარი შვილები, განათლებით, მორალური მხარდაჭერითა და სწორი ღირებულებების მიწოდებით.

დღეს, ქართული საზოგადოება, ყველა ერთად და ცალ-ცალკე პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რაც 2017 წლის 2 დეკემბერს თბილისს დაატყდა თავს. ჩვენ ყველამ ერთად ვითამაშეთ ჩვენი წილი როლი მთავარ გმირებთან ერთად სპექტაკლში, რომლის დასასრულიც ცრემლიანი აღმჩნდა როგორც მონაწილეებისათვის, ასევე მაყურებლისთვის. დედამიწაზე კიდევ ორი, უდანაშაულო მოზარდის სიცოცხლე შეწდა.