ლესტერი ჩემპიონია ანუ ოცნების სიურრეალიზმი

ავტორი: ვაკო ორმოცაძე

ჭიაყელებივით რომ გახვევია ერთფეროვანი, დროისა და სივრცის აღქმადაკარგული საზოგადოება და მასში გაჩენილ არასრულყოფილებას შენვე მოგაწერს და თავის თითქმის ცარიელ გონთან ბრძოლას შენთან დაპირისპირებას რომ ამჯობინებს, შეიძლება ითქვას იგი ამით ცოტა ხიბლს მაინც მატებს თავის ცხოვრებას, თუ რა თქმა უნდა შენც თანახმა ხარ გამოწვეულ დუელში მიიღო მონაწილეობა და ეჭვქვეშ დააყენო უკვე მრავალჯერ გადასინჯული და გამოცდილი ჭეშმარიტება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შენ გაგაჩნია და შენივე სინამდვილის სწორ აღქმას ეფუძნება.

სინამდვილის ყოველდღიურობაშიც არსებობს სადღაც გონებაში მიკარგული ცნობიერება, რომელიც ასე ემონება შენი ინტუიციისა და ლოგიკის პრინციპებს. მოდით ამ ცნობიერებას პირობითად ოცნებები ვუწოდოთ და პრინციპების დაძლევის გზებს კი აზროვნების შესაძლებლობა. ამ ცნობიერში, ანუ ოცნებებშიც იმალება ნებისმიერი ინდივიდისთვის დამახასიათებელი რეალობა, ანუ სიურრეალიზმი, ანუ არაცნობიერი სამყარო, რომლის გამოხატვაც და დაძლევაც სწორედ მიზნების დასახვით, საკუთარ თავთან ბრძოლაში ჩართვით და საზოგადოების აზრისგან განთავისუფლებით არის შესაძლებელი.

რამდენი ადამიანი დათანხმებულა დუელში მონაწილეობას, ზოგიერთი დაუფიქრებლად, ზოგიერთი კი იმის შიშით, რომ თავიანთ ღირებულებებს, რომლებიც ასე ეფუძნება და ასე ძლიერ არის გადაჯაჭვული შენს პიროვნებასთან, ბოლომდე ვერ დაიცავდნენ. აი, სწორედ აქ იმალება ლესტერის გაჩემპიონების აქსიომა, რომელიც არა რომელიმე კონკრეტული მოვლენის არსებობისა და მოქმედების შედეგია, არამედ იმ ცნობიერის გამართლების, რომელმაც ამ გუნდს საშუალება მისცა ოცნების სიურრეალიზმი რეალობაში აესახა და საზოგადოების ჰიპოთეზა, ანუ კითხვის საწყისი „თუ“ ბოლომდე დაენგრია.