ადამიანები თავისუფლებისთვის - ირმა შარიქაძის ფოტობლოგი

ადამიანები ვიბადებით თავისუფლებისთვის! ეს მარტივი ჭეშმარიტება არასდროს ასე პირდაპირ არ მიყურებდა თვალებში, როგორც საპროტესტო აქციის პირველ დღეს.

​ეს თვალები - სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა ფერის, ასაკის, ტკივილით, სევდით, იმედით, პროტესტით თუ რწმენით სავსე. ფართოდ გახელილი თვალები გვიყურებენ და ითხოვენ პასუხს!

გასაგებია, რომ საქართველოს, გაეროს მიერ აღიარებული ტერიტორიების, 20 % რუსეთს აქვს ოკუპირებული, მაგრამ მძიმეა, როდესაც აცნობიერებ, რომ საქართველოს ტერიტორიების დანარჩენი 80 % დგას დიდი საფრთხის წინაშე, იყოს ოკუპირებული ოლიგარქიული სისტემის მიერ.

სისტემა, რომელიც ერთერთი ყველაზე არადემოკრატიული მმართველობის ფორმაა, რომელიც ეროვნულ ქონებას ისაკუთრებს, უსამართლობას აკანონებს; როდესაც ხვდები, რომ ოლიგარქიისთვის არ არსებობს ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები.

მას მხოლოდ ძალაუფლება და მოგება აინტერესებს - საკუთარი მოსახლეობის კოლონიზაცია, სიღარიბისა და გაუნათლებლობის შენარჩუნება, რომ იაფი მუშახელი ჰყავდეს და არ აღელვებს, ვთქვათ, ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა.

როდესაც ყველაფერს ხვდები, გვერდზე დებ შენს ცხოვრებას, წარმოუდგენელ სამოქალაქო სიფხიზლეს იჩენ - მიდიხარ რუსთაველზე და პასუხის ნაცვლად იღებ რეზინის ტყვიას თვალში.

სანამ ტყვიების სროლას დაიწყებდნენ, ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ორი პატარა ბავშვი ჰყავდა აქციაზე, ვთხოვე სახლში წასულიყო. მან მიპასუხა - "აქ 9 აპრილის ღამესაც იდგნენ და არ ეშინოდათ."

ფოტოების და ტექსტის ავტორი - ირმა შარიქაძე, ფოტოხელოვანი