მინსკის ოლქში, ღია სააქციო საზოგადოება Kidma Tech-ში ვიზიტის დროს, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ საჩუქრად მიიღო ВСК -100Б ავტომატი. ლუკაშენკას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ეს არის „100%-ით ადგილობრივი წარმოების ავტომატი“.
ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა ალიაქსანდრ ვოლფოვიჩმა ადრე სახელმწიფო ტელეარხ „პერში ინფორმაციონალისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელარუსი გეგმავს 2026 წლის ბოლომდე დაიწყოს ВСК -100-ის ავტომატების სერიული წარმოება.
ВСК -100Б - რა იარაღია ეს?
ვოლფოვიჩის თქმით, ВСК -100Б არის „თანამედროვე ბელარუსული ტყვიამფრქვევი, 100-პროცენტიანი ლოკალიზაციით“. იარაღის მახასიათებლებად დასახელებულია: სიგრძე - 915 მმ, სიმაღლე - 265 მმ, სიგანე - 6,5 მმ. მჭიდის გარეშე ავტომატის წონა 4,3 კგ-ია. ავტომატი გათვლილია 7,62×39 მმ კალიბრის ვაზნებზე, მჭიდში კი 30 ვაზნაა. სროლის რეჟიმებია: ერთეული და ავტომატური. საკეტის ტიპი - ბრუნვადი, ხოლო ავტომატის მექანიზმი მუშაობს გაზის გვერდითი სისტემით.
ცნობილია ორი კონფიგურაცია: ავტომატური ВСК -100 და გაუმჯობესებული ვარიანტი - ВСК -100БP („ბულ-პაპი“).
უკანასკნელ ვარიანტში იარაღის სიგრძე შემცირებულია 670 მმ-მდე, სახელურის სიგრძე კი 420 მმ-ია. ამ კონფიგურაციაში იარაღი ასევე აღჭურვილია ოპტიკური სამიზნით. ეს საიერიშო შაშხანები ლუკაშენკას ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში აჩვენეს. პირველად კი ისინი 2019 წელს, MILEX-ის გამოფენაზე წარმოადგინეს. 2020 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იარაღმა წარმატებით გაიარა გამოცდა.
VSK–100, assault rifle, Belarus
ვინ დგას ამ პროექტის უკან?
ბელარუსის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა ასოციაცია „ბელპოლის“ ინფორმაციით, ВСК -100Б-ის მწარმოებელია სანქცირებული საწარმო „კიდმა ტეხი“, რომელიც ბელარუსის სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის სტრუქტურის ნაწილია.
საწარმოს სამი ძირითადი სამრეწველო ობიექტი აქვს: ადმინისტრაციული ოფისი მინსკში; ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორია სტანკოვოში, ძერჟინსკის რაიონში, სადაც საწარმოო საამქროები და პოლიგონია (სასროლეთი) განთავსებული; და ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია ორშაში, სადაც საცდელი ცენტრი მდებარეობს. იქ ტარდება საბრძოლო მასალის ბალისტიკური და ფიზიკურ-ქიმიური გამოცდები, ასევე მყარსაწვავიანი სარაკეტო ძრავების გამოცდები. გარდა ამ ავტომატებისა, „კიდმა ტეხი“ (Kidma Tech) აწარმოებს 7,62×39, 7,62×54R და 9×19 მმ კალიბრის ვაზნებს, ახორციელებს Р-60, Р-73, Р-27 ტიპის საავიაციო რაკეტების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას, ასევე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს, 9М114 „შტურმის“ მოდერნიზაციას.
კომპანია Kidma Tech-ის საწესდებო კაპიტალი სამ იურიდიულ პირს ეკუთვნის. 50% სახელმწიფო კომპანია „ბელსპეცზნეშტეხნიკას” (Белспэцзьнештэхніка) ეკუთვნის, 25% - ლატვიურ კომპანია Electrooptic-ს, ხოლო კიდევ 25% - კომპანია Sohra Overseas FZE-ს (არაბთა გაერთიანებული საამიროები). ეს უკანასკნელი ასევე სპეციალიზებულია ბელარუსული აღჭურვილობისა და სასუქების მიწოდებაზე ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ასევე სამთო-მოპოვებით მრეწველობაში.
კომპანიას აკონტროლებს Timak General Trading Co. - სტრუქტურა, რომელიც დაკავშირებულია ალექსანდრ ზაიცევთან, ლუკაშენკასთან დაახლოებულ ბიზნესმენთან.
„ავტომატ კალაშნიკოვის მოდერნიზაცია“
„ბელპოლის“ წარმომადგენელმა ულადიმირ ჟიგარმა გაზეთ „სვობოდასთნ“ ინტერვიუში განმარტა, რომ, სანქციების გამო, ავტომატის მწარმოებლებს პრობლემები შეექმნათ. 2024 წელს კომპანია Kidma Tech-ი აშშ-ისა და კანადის სანქციების ქვეშ მოექცა, ხოლო 2021 წელს ევროკავშირის სანქციებიც შეეხო.
„ეს უბრალოდ ავტომატ კალაშნიკოვის მოდერნიზაციაა იმ კომპანიის მიერ, რომელიც ოპტიკასა და სხვა დეტალებს აწარმოებს. Kidma Tech-ი ავტომატზე უბრალოდ იმავეს ამონტაჟებს, რასაც ჩვეულებრივ ამონტაჟებენ. პრობლემა სხვა რამეა - სანქციებმა დასავლური მაღალი სიზუსტის ტექნიკის მიწოდება დაბლოკა.
ასევე ნახეთ
ბელარუსი ზრდის სამხედრო ხარჯებს: რატომ და ვის წინააღმდეგ?ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავსტრიაში, საელჩოს მეშვეობით, ცდილობდა შეეთანხმებინა ჩარხის მიწოდება, რომელიც ავტომატის ძირითად ელემენტებს ამზადებს. მას შემდეგ, რაც ავსტრიაში მისი შეძენა ვერ შეძლეს, მათ კონცერნ „კალაშნიკოვს“ მიმართეს. ვერც ამჯერად მოხერხდა საჭირო აღჭურვილობის დროულად მიწოდება. ამის შემდეგ ხელისუფლებამ გააქტიურა კონტაქტები ირანთან, რომელთანაც აღჭურვილობის მიწოდებაზე შეთანხმდა“, - განაცხადა ულადიმირ ჟიგარმა.
საუბარია ირანულ კომპანია Defense Industries Organization („თავდაცვითი მრეწველობის ორგანიზაცია“), რომელიც მიწოდებას სანქციებისგან თავისუფალი სტრუქტურის, ბელარუსული კომპანია „Белзьнешпрамсэрвіс”-ის მეშვეობით ახორციელებდა.
ულადიმირ ჟიგარის თქმით, ამ იარაღში არაფერია „ინოვაციური“. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბელარუსის არმია ამ ახალი იარაღით შეიარაღებული არ იქნება. მისი აზრით, თუ სერიული წარმოების დაწყება მოხერხდება, მინსკი შეეცდება ამ ავტომატების უცხოეთში გაყიდვას.
„ეს საბჭოთა ავტომატი „კალაშნიკოვია”, გაუმჯობესებული ოპტიკური მოწყობილობებითა და აღჭურვილი დამატებითი მცირე დეტალებით, საჭის მექანიზმით, რომელიც ირანულ დანადგარზეა დამზადებული. „Kidma Tech“ 70%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული. ძირითადი მყიდველები არიან რუსეთი, ირანი, უზბეკეთი და აფრიკის ქვეყნები. ბელარუსის არმიას ასეთი იარაღი არ სჭირდება. სერიული წარმოება ჯერჯერობით არ დაწყებულა და არც არის მოსალოდნელი. თუ ის მაინც გადავა სერიულ წარმოებაში, პროდუქცია ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი. მას მიჰყიდიან ქვეყნებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით იარაღის ლეგალურად შეძენა არ შეუძლიათ“, - მიიჩნევს ჟიგარი.
ალიაქსანდრ ლუკაშენკა და ვლადიმირ პუტინი
„ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო“
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური, ანონიმურობის პირობით, ესაუბრა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ამჟამად სროლის პროფესიონალი ინსტრუქტორია. სპეციალისტი თავდაპირველად ახალი ბელარუსული ავტომატის წონამ გააკვირვა.
„ის ორიგინალზე მძიმეა. „კალაშნიკოვი” (AK-74) 3,1 კგ-ს იწონის, ეს კი - 4,3 კგ-ია. საბრძოლო პირობებში მოუხერხებელია. მასზე ზემოდან დაუყენეს სამაგრი - პიკატინის რელსი - სამიზნის დასამაგრებლად. AK-ის სერიის ავტომატებში საკეტის მექანიზმის სახურავი, როგორც წესი, ოპტიკური სამიზნეების დასაყენებლად არ არის გათვლილი. თუ მაინც გადაწყვიტეს პიკატინის რელსის დაყენება, რატომ არ შეიძლებოდა მისი წინა სახელურზე დამაგრება? რაც შეეხება კონდახის ლოყის საყრდენს - აქ საკითხი დაახლოებით 50/50-ზეა: რაღაც მომენტში მოსძვრება თუ არა?!“ - ამბობს სპეციალისტი ВСК-100-ის პირველ ვერსიაზე.
მისი აზრით, ВСК-100БП-ის მეორე ვერსია წარმოადგენს მოდიფიკაციას, რომელიც ბოლომდე არ შეესაბამება იმ მიზნებს, რისთვისაც ავტომატი კალაშნიკოვი თავდაპირველად შეიქმნა.
„უბრალოდ თვითნაკეთი “კალაშნიკოვია”. ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო მისი გაკეთება“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის რესპონდენტი.