აივნიანი, უჩადრო თბილისი

როცა ძველი თბილისის მკვიდრი უცხო ქალაქში აღმოჩნდებოდა, გაოცებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ ქალაქს არ ჰქონდა ღია აივნები. თვალებს აცეცებდა „აივნიანი ქალაქის“ პერსონაჟივით და გულმოდგინედ დაეძებდა იმას, რასაც თბილისის ყველა - დიდსა თუ პატარა ქუჩაზე ხედავდა, მაგრამ, როგორც გალაკტიონი იტყოდა, არსად იყო „ბანი წელში მოხრილ სახლის, დაირის ხმა და დივანი, ნარიყალა და ირაკლის დროინდელი აივანი...”

„მრავალაივნიანი თბილისი“ - ასე ზუსტად განსაზღვრა პოეტმა იაკოვ პოლონსკიმ XIX საუკუნის თბილისის საცხოვრებელი სახლების ძირითადი თავისებურება, რაც ყველა სხვა ქალაქისგან გამოარჩევდა საქართველოს მთავარ ქალაქს.

აივნიანი ქალაქი

თბილისს, ისევე როგორც ყველა ქალაქს, გააჩნია თავისი ტიპური, ინდივიდუალური ნიშან-თვისებები. როგორც ხელოვნებათმცოდნე რუსუდან ვაშალომიძე წერს 1979 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ხის აივნები ძველი თბილისის არქიტექტურაში“, თბილისისთვის ამგვარი ინდივიდუალური ნიშნებია უსწორმასწორო რელიეფი, მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ქუჩები, უცნაური კონფიგურაციის დახურული ეზოები და მათი განუყრელი ხის აივნები; მტკვრის ციცაბო კლდოვანი ნაპირი და მასზე მერცხლის ბუდესავით ჩამწკრივებული სახლები, მდინარეზე გადაკიდული, ასეთივე ხის აივნები.

ხის აივნები. ძველი თბილისი

საცხოვრებელი სახლების ფასადების აივნებით შემკული სახე, რომელთაც თბილისურს უწოდებენ, XIX საუკუნის ორმოციან წლებში ჩამოყალიბდა, რუსული კლასიციზმისა და ადგილობრივი ტრადიციების შერწყმა-გადამუშავების საფუძველზე.

არადა, თავდაპირველად, როცა მეფის რუსეთი ფეხს იკიდებდა საქართველოში, მთავარმართებლის ადმინისტრაცია თავდაუზოგავად ებრძოდა თბილისის აზიურ იერსახეს და ულმობლად კაფავდა ხის აივნებს. 1810-იან წლებში მთავარმართებელმა ტორმასოვმა გამოსცა „ინსტრუქციები ტიპობრივი ფასადებით შენების შესახებ“, მაგრამ ისე ხდებოდა, რომ „უზენაესად აპრობირებულ ფასადებშიც“ კი მშენებლებს ადგილობრივი, თბილისური ელემენტები შეჰქონდათ.

„არამცთუ არ უნდა შევუშალოთ ხელი, არამედ უნდა წავაქეზოთ მეპატრონე, რომელიც თავისი სახლის გარშემო გადახურული აივნის ან ფიცრული დერეფნის მიდგმას განიზრახავს. სახურავის კიდიდან გადმოწეული ფარდული, რომელიც კედლიდან ერთი არშინის ან უფრო მეტ მანძილზე მაგრდება ბოძებზე, აქაური ცხელი სარტყლის პირობებისათვის საჭირო ჩრდილს იძლევა და წინააღმდეგობას უწევს აგურის გახურებას სიცხისგან. ყველა აქაური ექიმის დამოწმებით, ეს ჯანმრთელობისათვის აუცილებელია“, - წერდა ალექსანდრე გრიბოედოვი 1827 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ დოკუმენტში.

აივნები დღევანდელ თბილისში

და მართლაც, XIX საუკუნის პირველი ნახევრის თბილისში, როცა ძირითადად რუსული კლასიციზმის ნაგებობები შენდებოდა, შესაძლებელი გახდა მეპატრონის მოთხოვნების გათვალისწინება, შესაბამისად, თბილისის ევროპულ ნაწილში გაჩნდა ეზოებზე გამოსული აივნები, შუშაბანდები, გარეთა კიბეები და ქუჩის მხარეს დაკიდებული აივნები, რაც მალე ყველა სახლისათვის აუცილებელ ელემენტად იქცა. თბილისის არქიტექტურის ცნობილი მკვლევარი, თენგიზ კვირკველია ამბობდა:

„1830-იან წლებში მკაფიოდ ვლინდება თბილისური სახლის ის ტიპი, სადაც კლასიცისტური ფორმები ორგანულად ერწყმის ადგილობრივ ელემენტებს - ვრცელ აივანს. გეგმარების საფუძველია აივანზე გამოსული ანფილატურად განლაგებული ოთახები. აივნები იმდენად დიდია, რომ ხშირად ოთახების საერთო ფართობს არ ჩამოუვარდება. აივანზე ასასვლელად ღია კიბეები ეწყობა“.

აივანი - შენობის და ქუჩის ნაწილი

„აივნები ამშვენებენ თბილისის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს, მთის კალთებზე წამოჭიმულ სახლებს განსაკუთრებულ შინაარსს სძენენ და მთელ ქალაქს საკუთარ მხატვრულ-ხუროთმოძღვრულ იერს ანიჭებდნენ“, - წერდა ხელოვნებათმცოდნე კონსტანტინე მელითაური ჟურნალ „ძეგლის მეგობრის“ 1967 წლის მე-12 ნომერში, - „მაგრამ ეს აივნები ქუჩის ცხოვრების წიაღშიც იჭრებოდნენ. აივანზე გამოსული შეიძლებოდა ქუჩაში მომხდარი ყველა ამბის მონაწილე გამხდარიყო, რადგან მაჰმადიანური სამყაროს „ეივანი“-სგან განსხვავებით მას „ჩადრი მოხსნილი“ ჰქონდა“.

ღია აივანი

აივნებით ქუჩის ცხოვრებაში შეჭრის შესაძლებლობა განსაკუთრებით ხიბლავდა წვრილი თუ მსხვილი კომერციით დაკავებულ თბილისელებს. ძველ თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ვინმე უტრუხუნეს დუქანი და ამ პოპულარობის მთავარი მიზეზი სწორედ შენობის მთელ სიგრძეზე გაყოლებული ფართო აივანი იყო:

„სწორედ აივანი წარმოადგენდა სამიკიტნოს ძირითად დარბაზს, სადაც 50-მდე მაგიდა ეტეოდა. ეს აივანი მთლიანად მტკვრის თავზე იყო გადმოკიდებული და ქვემოდან ხიმინჯებით არ მაგრდებოდა, ამიტომ ხიდიდან და მტკვრის მეორე ნაპირიდან ისე ჩანდა, თითქოს ცაში იყო დაკიდებული. ამ თავისებურების გამო თბილისელმა კინტოებმა სამიკიტნოს „აეროპლანი“ დაარქვეს. სამიკიტნოს კიდევ ერთი თავისებურება ის გახლდათ, რომ „უტრუხუნე“ პირდაპირ აივნიდან ისროდა მტკვარში ბადეს და სტუმრებს ახალი „ცოცხალით“ უმასპინძლდებოდა“.

ქარვასლები მტკვრის პირას

ფართო აივნით იწონებდა თავს იაკობ ზუბალაშვილის ქარვასლა, რომელიც ცნობილმა ვაჭარმა 1843 წელს ააშენა მტკვრის მარცხენა ნაპირზე:

„შენობის მძლავრი სამიარუსიანი დასავლეთი ფასადი თავისი ქვედა ნაწილის სამი თაღით ეყრდნობოდა ციცაბო სანაპირო ქედის კლდეებს, ზედ ავლაბრის ხიდთან. მათ ეხეთქებოდა თავის კალაპოტში მომწყვდეული მტკვარი, რომელიც განსაკუთრებით მძვინვარეა ადიდებისას. ორსართულიან ტორსულ ფასადს შემოვლებული ჰქონდა რკალისებური ხის აივანი, ფართოდ გადმოკიდებული მტკვარზე და ქუჩაზე“.

აივნებით გახსნილი თბილისი

ხელოვნებათმცოდნე ელენე მანიას მტკიცებით, ისტორიული თბილისის სტრუქტურის და მისი ცალკეული შენობების გახსნილობის მომენტს სწორედ მათი განუყოფელი ელემენტი - თბილისური ხის, გადახურული, დაკიდული აივანი ქმნის.

„სწორედ აივანი არის ის აქტიური ელემენტი, რომელიც თბილისური სივრცეების გახსნილობას და ერთმანეთში გადაღვრას და მთელი თბილისური სტრუქტურის მტკვრისკენ გახსნას უზრუნველყოფს. თბილისური ხის აივანი შენობის როგორც ეზოს, ისე ფასადის მხარეს ოთახის ინტერიერის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს, სახლის ინტერიერად არის ქცეული. გარეთა ფასადის მხარეს მოთავსებული ხის აივნის საშუალებით სახლის ინტერიერი თავისი ეზოთი უერთდება ღია სივრცეს (ქუჩა, მოედანი, მდინარე), მისი ინტერიერის ნაწილი ხდება. ეზო - აივანი - ოთახი - აივანი - ქუჩა - მოედანი, მდინარე - ამ გზით დახურული ეზოც კი უერთდება ქალაქის გარემოს. სწორედ ამ თვალსაზრისით შეიცავს იგი გახსნილობის გარკვეულ მომენტს, რომელიც თბილისური ეზოს უნიკალურ თავისებურებად გვესახება. სწორედ ამ გზით ქმნის ხის აივანი მთელი თბილისური მიკრო და მაკრო სივრცეების ერთიანობას და ანიჭებს ქალაქს ერთ არქიტექტურულ სახეს, ქმნის თბილისურ „კონტექსტს“ [ელენე მანია „რა ქმნის თბილისის არქიტექტურული სახის სპეციფიკას“. 1985 წ.].

მრავალაივნიანი თბილისი

თბილისურმა ღია აივანმა ფსევდოკლასიკისა და მოდერნის მშენებლობაშიც შეაღწია. თბილისელი მშენებლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ როგორც მთლიანად აივნის კონსტრუქციას (კონსოლებიანი და უკონსოლო), ასევე მის ცალკეულ დეტალებს: მოაჯირებს, რიკულებს, ტიმპანებს, კარნიზებს. ცალკეულ შემთხვევებში აივნებს ფერადი მინის ნაჭრებითაც („მუშარაბი“) ფარავდნენ.

უაივნო თბილისის შეუძლებლობა

თბილისური აივნებისადმი გულგრილი ვერც საბჭოთა ბინათმშენებლობა დარჩა. XX საუკუნის 40-იანი წლებიდან აშენდა საცხოვრებელი სახლები, რომელთა ფასადები დამშვენებულია თბილისური იერის კონსოლებზე დაყრდნობილი რკინა-ბეტონის აივნებით.

თბილისი დღემდე რჩება „აივნიან ქალაქად“, აივნები დღემდე სიცოცხლეს აძლევენ ძველ უბნებს, ქუჩებსა და თვით სახლებს. როგორც ხელოვნებათმცოდნე კონსტანტინე მელითაური წერდა ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ, აივნების გარეშე თბილისი აღარ იქნება თბილისი:

აივანი თანამედროვე თბილისში

„ძველი სახლი, სადაც აივანი მოაცილეს, გაშიშვლებული და უბადრუკი გახდა, რადგან თვით შენობის ხუროთმოძღვრული დამუშავება უმეტესად ღარიბი იყო და გამშვენების მთელი ძალა აივნის მოკაზმვაში გამოიხატებოდა. ამიტომ ძველი ქალაქის სახის დაცვა-შენახვა უდრის ხის აივნების, თანაც ძველი თბილისის ხუროთმოძღვრული ენის შენარჩუნებას. ჩვენი დიდი ერთგულებით უნდა დავიცვათ თბილისის ძველი უბნების ამსახველი სახლები აივნებითურთ და ისეთივე გულმოდგინებით მოვეკიდოთ მათ დაცვას, როგორც ამას თბილისის უძველესი ტაძრის - ანჩისხატის მიმართ ვაკეთებთ“.