ტაქსისტი, კურიერი, გიდი - აკრძალვა უცხოელებისთვის: რეფორმა თუ პოპულიზმი?

ილუსტრირებული ფოტო

2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხოელებისთვის და მათი დამსაქმებლებისთვის თანამშრომლობა რთულდება - შრომითი საქმიანობის უფლება აუცილებელი ხდება მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე იმიგრანტებისთვის. მათ ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ.

“არ ვიცი რა ვქნა... ლამის ვიტირო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ინდოეთის მოქალაქე, ახალგაზრდა კაცი, რომელიც თბილისში კურიერად მუშაობს.

მუშაობის უფლების მოპოვება იაფი და ძველებურად იოლი აღარავისთვის იქნება, მათ შორის - არც დამსაქმებლისთვის. კანონის დარღვევა მაღალი ჯარიმით დაისჯება. ადმინისტრაციულთან ერთად, შესაძლებელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს.

მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელებისთვის ახალ წესებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილება.

რა არის ახალი?

ახალი წესებით, მუდმივი ბინადრობის უფლების არმქონე უცხოელს აუცილებლად სჭირდება შრომითი საქმიანობის უფლება - თუკი აპირებს მუშაობას (მათ შორის დისტანციურად). ამ დოკუმენტს გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“.

მომსახურება ფასიანია: 10 სამუშაო დღე – 400 ლარი; 30 კალენდარული დღე - 200 ლარი. ამ თანხას იხდის ან დამსაქმებელი [შრომით ემიგრანტზე] ან თავად უცხოელი [თუკი თვითდასაქმებულია და შრომითი ნებართვის მოპოვებას დამოუკიდებლად ცდილობს].

მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონედ ითვლება უცხოელი, რომელსაც არა აქვს მუდმივი ცხოვრების უფლებით გაცემული ბინადრობის ნებართვა ან/და მუდმივი ბინადრობის მოწმობა [ბინადრობის მოწმობა მიიღო ბინადრობის ნებართვის გარეშე].

დასაქმების პროცედურები მნიშვნელოვნად ურთულდებათ მომავალ პოტენციურ დამსაქმებლებს - თანამშრომლისთვის შრომის ნებართვის მოსაპოვებლად, დოკუმენტაცია მან უნდა წარადგინოს ელექტრონულად - სააგენტოს პორტალზე.

მაგრამ მანამდე:

  • დამსაქმებელი ვალდებულია, 10 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ - შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.moh.gov.ge);
  • თუკი 10 სამუშაო დღის განმავლობაში მას სააგენტო ვერ შესთავაზებს სხვა კანდიდატურ[ებ]ს [საქართველოს მოქალაქეებს], დამსაქმებელს შეუძლია დაიწყოს შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურები უცხოელისთვის.


მაგრამ თუკი შესთავაზებს და დამსაქმებლისთვის სააგენტოს შეთავაზებული კანდიდატურ[ებ]ი მიუღებელი იქნება?

  • დამსაქმებელი ვალდებულია ელექტრონული ფორმით, 3 სამუშაო დღეში განმარტოს რატომ არ არის მისთვის მისაღები შეთავაზებული კანდიდატები.
  • სააგენტოსაც 3 დღე აქვს დამსაქმებლის დასაბუთების განსახილველად.
  • ამის შემდეგ, სააგენტოს შეუძლია გააგრძელოს ან არ გააგრძელოს შრომითი ნებართვის მოპოვების პროცედურები - დამსაქმებლის მიერ შერჩეული უცხოელისთვის. გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს დამსაქმებელს.
  • თანხმობის შემთხვევაში, დამსაქმებელი, წესის შესაბამისად, დაიწყებს ნებართვის მოპოვების პროცედურებს - სააგენტოს პორტალზე და გადაიხდის შესაბამის საფასურს


არის გამონაკლისები. მაგალითად, ეს არ შეეხებათ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს; ანდა როცა ვაკანსიისთვის გათვალისწინებული ყოველთვიური შრომის ანაზღაურება აღემატება 15 000 ლარს და ობიექტური მოთხოვნაა უმაღლესი განათლება, კვალიფიკაცია კონკრეტული სპეციალობით. თუმცა გარანტიას არც გამონაკლისები იძლევა - სააგენტო ამ შემთხვევაშიც იტოვებს უფლებას, კანდიდატურა მიუღებლად მიიჩნოს კონკრეტული ვაკანსიისთვის.

თუკი უცხოელი თვითდასაქმებულია - მან თავად უნდა გააგზავნოს საბუთები სააგენტოს პორტალზე, გადაიხადოს საფასური და დაელოდოს პასუხს. ის ვალდებულია გაიაროს ვიდეოგასაუბრებაც. სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია (ამისთვის აქვს 10 კალენდარული დღე). თუ ხარვეზი არ გასწორდება, იმიგრანტი მიიღებს უარს.

ნებართვა გაიცემა კონკრეტულ კომპანიაში კონკრეტულ პოზიციაზე დასასაქმებლად, სპეციალობის მიხედვით. თუკი უცხოელი სამუშაო ადგილს გამოიცვლის, ახალი ნებართვა უნდა აიღოს.

ვისზე არ ვრცელდება?

ახალი ნორმები არ ვრცელდება შემდეგ კატეგორიებზე:

  • ლტოლვილი, დამატებითი ან დროებითი დაცვით, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობით მიენიჭა;
  • საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად;
  • მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში;
  • არის საქართველოში მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი;
  • ადამიანი, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი წესი;
  • აქვს მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.


როდიდან მოქმედებს ახალი რეგულაციები?

ნორმები ძალაშია 2026 წლის 1 მარტიდან.

  • უკვე ვინც მუშაობს, მათთვის აღსრულების მექანიზმი ამოქმედდება 2026 წლის 1 მაისიდან.
  • ერთიან ბაზაში რეგისტრირებულმა აქტიურმა შრომითმა იმიგრანტებმა შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობა უნდა მოიპოვონ 2027 წლის 1 იანვრამდე.
  • შრომითი საქმიანობის უფლებაზე დაყრდნობით გაიცემა: D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა; შრომითი ბინადრობის ნებართვა და IT სფეროში დასაქმებულის ბინადრობის ნებართვა.


“რეფორმის მთავარი აზრი ის გახლავთ, რომ... ადგილობრივი ქართული კადრების წახალისება მოხდეს, მათი დასაქმებისთვის უკეთესი პერსპექტივები იქმნებოდეს”, - უთხრა მედიას “ქართული ოცნების” ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, 27 თებერვალს, ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები საქართველოში ვეღარ შეძლებენ დასაქმებას ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად. №70-ე დადგენილებით, მთავრობამ მათ წლიური ნულოვანი კვოტა დაუწესა. გამონაკლისია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდება, წლიური კვოტით – 200.

"ლამის ვიტირო" - "გავიმარჯვეთ!"

საკშიკს, ახალგაზრდა კაცს ინდოეთიდან - უკვე შეატყობინეს, რომ 1 მაისიდან კურიერად ვეღარ იმუშავებს. ინგლისურად გვიხსნის, რომ თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდა, რამდენიმე თვის წინ; კერძების დარიგებით მიღებული შემოსავალი - ყოველდღიურად 150-170-ლარი, -მას საკვებზე, ბინის ქირაზე და ტელეფონზე ჰყოფნიდა.

“არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. იქნებ მოხდეს სასწაული და შეცვალონ ეს კანონი. მითხრეს, რომ მშენებლობებზე შეიძლება მუშაობის დაწყება, მაგრამ როგორც გავიგე, იქ ანაზღაურება ნაკლებია და არ ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელო სწავლა. ლამის ვიტირო”, - საკშიკი საქართველოში ლეგალურად იმყოფება, სტუდენტური ვიზითო - ამბობს.

ჩამოვიდა თუ არა, მეორად სკუტერში 1400 ლარი გადაიხადა, აკუმულატორი ცალკე 70 ლარი დაუჯდა - 1 მაისიდან “ეს შენაძენიც აზრს დაკარგავს” და ფიქრობს, რომ გაყიდვა მოუწევს.

საქართველოში 37 ათასი უცხოელი სტუდენტია, მათ შორის 35 ათასი - სასწავლო ბინადრობის ნებართვით სარგებლობს. საქართველოში მყოფი ინდოეთის მოქალაქეების რიცხვი 23 930-ს უტოლდება - ძირითადად სტუდენტები. ეს ციფრები “ქართული ოცნების” ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 18 თებერვალს, პარლამენტის ტრიბუნიდან დაასახელა. მან ასევე თქვა, რომ - „უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში არის 1.2 მილიარდი ლარი“ და ამის შედეგად - „ბიუჯეტში ყოველწლიურად შემოდის 300 მილიონი ლარი“. „ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - თქვა კობახიძემ.

მიტანის სერვისზე მომუშავე კომპანიებმა, მათ შორის - სადაც საკშიკია დასაქმებული, პარტნიორ კურიერებს წერილობით შეატყობინეს, რომ 1 მარტიდან მათი დასაქმების შესაძლებლობები იზღუდება, ზუსტ თარიღს ეტაპობრივად შეატყობინებენ და 1 მაისიდან ურთიერთობები სრულად გაწყდება.

რადიო თავისუფლებას სურდა დეტალების გარკვევა საკურიერო სერვისის შემთავაზებელ კომპანიებთან. კონკრეტული შეკითხვებითაც მივმართეთ - მათ შორის Wolt-ს, თუმცა პასუხები ჯერჯერობით არ მიგვიღია. გვაინტერესებდა, რამდენად რეალისტურად მიიჩნევენ ზოგიერთი სპეციალისტის პროგნოზს, რომ უცხოელების მასობრივ დათხოვნას შესაძლოა მოჰყვეს კურიერების დეფიციტი და სერვისის გაძვირება.

„არამც და არამც ეს სწორი არ არის და რაღაც ფობიების დათესვა და შექმნა საზოგადოებისთვის - არაკეთილსინდისიერია“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პროსახელისუფლებო „იმედის“ ეთერში, 23 თებერვალს და დაამატა, რომ - არც კურიერები, არც გიდები და არც ტაქსის მძღოლები ქვეყანას არ დააკლდება, რადგან აკრძალვის დაწესებამდე ხელისუფლებამ გარემოებები შეისწავლა.

„ამას წინ უძღოდა კონსულტაციები. ცალკე კი არ გადაგვიწყვეტია ეს, რომ მაინცდამაინც გიდებს შეეხოს ეს და არ შეეხოს სხვას და ასე შემდეგ. არა, ამაზე მსჯელობა გვქონდა... ბევრი გარემოება შეფასდა“ - განაცხადა სარჯველაძემ.


ერთ-ერთი კომპანიის მესიჯი. კურიერს ატყობინებენ რატომ ვეღარ გაგარძელდება მასთან კონტრაქტი 1მაისიდან და მადლობას უხდიან გაგებისთვის.

ახალი კანონი ქართველ კურიერების ნაწილს გულწრფელად ახარებს.

"გავიმარჯვეთ!", "გილოცავთ!" სოციალურ ქსელების ჯგუფებში წერენ, რომ ეს მათი დიდი ხნის ბრძოლის შედეგია. ნაწილი გამარჯვების აქციის გამართვის აუცილებლობასაც ხედავს.

“3 საათია შეკვეთა არ შემომსვლია”, “მთელი დღეა ველოდები შეკვეთას” - წერენ კურიერები ჯგუფებში. აღნიშნავენ, რომ უცხოელები უფრო იაფად მუშაობენ, რაც მათ შემოსავლებზეც აისახება.

უცხოელი კურიერების მისამართით პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებსაც - ენა არ ესმით, მისამართებსაც ვერ აგნებენ.

“შრომას ფასი დაედება” - უცხოელები შემცირდებიან ტაქსებზეც

ტაქსის მძღოლი, გიორგი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უცხოელი მძღოლების დათხოვნის შემდეგ, “შრომას ფასი დაედება” - გულისხმობს მომსახურების ტარიფებისა დაშემოსავლის ზრდას.

“ხომ არ გაჩნდება მძღოლების დეფიციტი?”, “ხომ არ მოუწევთ მგზავრებს დიდხანს ლოდინი?” - არ იცის, რა იქნება.

“ისე კი მეცოდებიან ძალიან - ქართველი ემიგრანტებისთვისაც ხო აუცილებელია სამსახურის შოვნა საზღვარგარეთ… ინდოელები და ირანელები საქართველოში მუშაობით, ამ კაპიკებზე რომ კმაყოფილები არიან, წარმომიდგენია, როგორ უჭირთ თავიანთ ქვეყნებში... მაგრამ ჩვენც რა ვქნათ?!”, - ამბობს გიორგი.

მანამდე, თავისი წუხილი რადიო თავისუფლებას უცხოელმა მძღოლმაც გაანდო - ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდან. გვითხრა, რომ ისედაც ძალიან უჭირდა მუშაობა, რადგან "გატეხილი რუსულის" მეტი - ქართველებისთვის გასაგები ენა სხვა არ იცის - "ქართველები რუსულზე ღიზიანდებიან" და სწორედ რუსულის გამო ბლოკავდნენ. აპირებდა, რომ ქართული ენა ესწავლა, ცოტა მაინც. თუმცა ქვეყნიდან წასვლასაც განიხილავდა.

"საქართველო ჩემი ქვეყანაა" - აკრძალვა ეხებათ უცხოელ გიდებსაც

საქართველოს გიდების ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ახალი რეგულაციები პრობლემას არ შექმნის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი ადგილობრივი გიდების მხრივ, თუმცა მოელიან დანაკლისს ჩინური ენის მცოდნე გიდებზე, როცა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადი იზრდება.

“პირდაპირ რომ გითხრათ - ჩინურენოვანი გიდები გვყავს თითებზე ჩამოსათვლელი. იქიდან ჩამოსული ტურისტები კი, უმეტეს შემთხვევაში, არ ფლობენ არცერთ სხვა ენას”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 2010 წელს დაარსებული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირინა ივანიძე. ერთადერთი გამოსავალი - ქართველი გიდებისთვის თარჯიმნის აყვანაა.

ასევე ნახეთ თბილისში გიდები აქციას მართავენ

მთლიანობაში, ირინა ივანიძეს ახალი რეგულაციები ძალიან ახარებს - “კეთილსინდისიერი კონკურენციის” დამკვიდრების მოლოდინი აქვს, საქართველოს მოქალაქეების უფლებებიც უკეთ იქნება დაცულიო.

“2017-2018 წლიდან იზრდებოდა უცხოელების საქმიანობა. არათანაბარ პირობებში იყვნენ ადგილობრივებთან - არ იყვნენ აღრიცხული, არ იხდიდნენ გადასახადებს. ეს დარტყმას აყენებდა ქვეყნის ეკონომიკასაც. ხშირად ჯგუფებს მოჰყვებოდა თავისი გიდი და აღარ ჯავშნიდნენ ქართელ გიდებს. ასევე ძალიან მძიმე იყო ეს ეროვნული ინტერესებისთვისაც - არა საქართველოს მოქალაქე გიდები ხშირად ამახინჯებდნენ ფაქტებს საქართველოს ისტორიიდან“, - ივანიძის თქმით, ბოლო წლებში რუსეთიდან ჩამოსული მიგრანტებიდან ბევრმა სწორედ გიდობა დაიწყო. გიდობდნენ ინდოელები, პაკისტანელები, ბოლო წელია - ჩინელებიც.

„გასეირნება თბილისის ისტორიულ ცენტრში, არამოსაწყენი სიუჟეტებით, ტრადიციებით, გემოებით და ხედით მთელ ქალაქზე“ - 3.5-საათიან ტურში ერთი ადამიანის მომსახურების საფასური 17 ევროა [54 ლარი]. ბავშვები 10-12 ევრო [32-38 ლარი]. გიდი ვადიმია, ის ცდილობს ჯგუფში 20-მდე ადამიანი შეკრიბოს და სეზონზე ხშირად გამოსდის კიდეც, რაც მის დღიურ შემოსავალს მიმზიდველს ხდის.

გააჩნია მარშრუტებსაც. 2.5 საათი - თითო ადამიანზე 65-100 ევროც შეიძლება იყოს, თუკი ჯგუფში მხოლოდ 1-2 ადამიანი იქნება. ხოლო თუკი 10 ადამიანი მოგროვდება, ჯგუფის თითოეულ წევრს მხოლოდ 25-32 ევროს გადახდა მოუწევს.

ენა, როგორც წესი - რუსულია, იშვიათად - ინგლისურიც.

ტატიანა კურიატნიკოვა - ტურების ორგანიზატორი.

ტატიანა კურიატნიკოვას პოსტს ფეისბუკჯგუფში ვხვდებით - „რუსულენოვანი გიდები მთელ მსოფლიოში. ექსკურსიები რუსულ ენაზე“. წერს, რომ მეგობრებთან ერთად „შემოქმედებითი“, „საქართველოზე შეყვარებული" ადამიანების - უნიკალური ჯგუფი შექმნეს და ტურისტებს სთავაზობენ დაუვიწყარ მოგზაურობას - რუსულენოვანი გიდებით.

ტატიანას დავურეკეთ; გავარკვიეთ, რომ ასტრახანიდან არის, უკვე 6 წელია საქართველოში ცხოვრობს და თვლის, რომ მასაც, ქართველების მსგავსად, „სტუმარმასპინძლობის კოდი“ აქვს.

„ჩამოვედი და ვთქვი - საქართველო ჩემი ქვეყანაა“.

„მე არ ვარ გიდი. მე ტურების ორგანიზატორი ვარ. ჩვენი ჯგუფი - გიდები, მძღოლები, ისინი ყველანი საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი უბრალო ადამიანები არ არიან - სერტიფიცირებული, დიპლომირებული ხალხია - მეღვინეებიც არიან, დეგუსტატორებიც. ესენი უბრალო გიდები არ არიან. ისინი საქართველოს პატრიოტები არიან. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, მაგრამ მე გიდი არ ვარ და არც მინდა რომ ვიყო. ვთვლი, რომ ამის უფლება არც მაქვს, რადგან არ ვარ საქართველოს მოქალაქე“, - ასე პასუხობს ტატიანა ჩვენს შეკითხვას ახალ საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით - „ხომ არ შეუშლის ეს ცვლილებები ხელს მის ბიზნესს“.

კურიატნიკოვას თქმით, ისინი ძირითადად ისრაელიდან ჩამოსულ ჯგუფებს მასპინძლობენ და საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებენ, რადგან მის კომპანიაში „ყველაფერი კანონის ჩარჩოებშია“.

სოციალურ ქსელებში რუსეთის მოქალაქე გიდები ბოლო დღეებში სულ ВНЖ-ზე [Вид на жительство - მუდმივი ბინადრობის უფლება] ლაპარაკობენ - მსჯელობენ, ვის ექნება გიდად მუშაობის უფლება და ვის არა. ჩანს, რომ აწყობენ შეხვედრებს, ცდილობენ ერთმანეთს მომავალი გაუადვილონ, გამოცდილება გაუზიარონ და გეგმები გადააწყონ.

რა სასჯელია რეგულაციების დარღვევისთვის?

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საჯარიმო თანხამ შესაძლოა 12 ათას ლარსაც მიაღწიოს:

  • შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე საქმიანობა აჯარიმებს როგორც იმიგრანტს ასავე მის დამსაქმებელს (თითოეულ შრომით იმიგრანტზე, ინდივიდუალურად) 2 000 ლარით;
  • თვითდასაქმებული უცხოელის საქმიანობას, შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე − გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელისა და მომსახურების ორგანიზატორის დაჯარიმებას 2 000 ლარით;
  • განმერებითი დარღვევა ჯარიმდება 4 000 ლარით;
  • ხოლო თუ სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი ადმინისტრაციულ სამართალსაც დაარღვევს – ჯარიმა 12 000 ლარია.


ოფიციალური [ჯერ დაუზუსტებელი] ინფორმაციით, საქართველოში 257 ათასი უცხოელი ცხოვრობს, აქედან 20 ათასი - არალეგალურად. საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე; აქედან 29,9% რუსეთის მოქალაქეა - 32 129 ადამიანი. „მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარების მქონე პირები“, - დააზუსტა ირაკლი კობახიძემ, 18 თებერვალს.

ასევე ნახეთ ვინ ცხოვრობს საქართველოში ქართველების გარდა - კობახიძე მიგრაციაზე, შობადობასა და პატრიოტიზმზე პარლამენტში