დემოგრაფიული პრობლემების დასაძლევად, ირაკლი კობახიძე პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საჭიროებასაც ხედავს. ამბობს, რომ, ზოგადად, დემოგრაფიული სურათი ეკონომიკის ზრდის კვალდაკვალ უარესდება.
კობახიძე პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, მიგრაციის თემაზე სასაუბროდ მიიწვიეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ გაგზავნილ შეკითხვებზე საპასუხოდ. თუმცა, კითხვა-პასუხისას, ვერც შობადობს საკითხს აუარეს გვერდი.
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ - ირაკლი კირცხალიამ პლენარულ სხდომაზე განმარტა მიგრაციაზე საუბრის მიზანი - „საზოგადოება იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და არ მოხდეს პოლიტიკური სპეკულაციების გზით დეზინფორმაციის გავრცელება“.
ყველას ეშინია, რომ იგივე არ განმეორდეს ...
ირაკლი კობახიძის განმარტებებით, მიგრაციაზე დისკუსია საქართველოში ძირითადად სპეკულაციურია; რეალური სტატისტიკა საპირისპიროზე მეტყველებს; ეს თემა კი ხალხს იმიტომ აინტრესებს, რომ ეშინია, არ მოხდეს იგივე, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ხდება.
„თქვენ ხედავთ როგორ იზრდება მიგრანტების წილი ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება“, - თქვა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა 18 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე.
კობახიძის წარმოდგენილი სტატისტიკა საქსტატის ჯერ ისევ დაუზუსტებელ მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოში - მაქსიმუმ 257 ათასი უცხოელი იმყოფება, არალეგალი მიგრანტების ჩათვლით.
არალეგალი მიგრანტების რაოდენობა დაახლოებით 20 ათასს უტოლდება.
საქართველოში, 2024 წლის აღრიცხვით - 3 914 000 ადამიანი ცხოვრობს. აქ შედიან უცხოელებიც და მათი წილი [257 ათასი] მთელი მაჩვენებლის 6.6% გამოდის.
და რა ხდება ევროკავშირში?
ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტოს - „ევროსტატის“ მიხედვით, 2025 წელს ევროკავშირში მცხოვრებ 450.6 მილიონ ადამიანს შორის - 30.6 მილიონი [6.8%] არ არის ევროკავშირის მოქალაქე. ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში მიგრირებულთა რიცხვი კი -დამატებით 14.1 მილიონია.
- არამოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში - გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში და იტალიაში ცხოვრობს. უცხოელების სრული რაოდენობიდან 69.7% ამ 4 ქვეყნებშია თავმოყრილი.
- თუმცა სწორედ ამ 4 ქვეყნის მოსახლეობა ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის 60%-ს შეადგენს.
- ცალ-ცალკე, მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით, უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლები აქვთ, მაგალითად - ლუქსემბურგს, მალტასა და კვიპროსს.
ევროკავშირის ქვეყნებს არასოდეს დაუმალავთ, რომ მიგრაცია მათთვის სერიოზული გამოწვევაა, მათ შორის - წლების მანძილზე წუხდნენ საქართველოდან მიგრირებულთა ნაკადის ზრდაზეც
ოფიციალური სტატისტიკით:
- 2017 წლიდან, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა ნაკადი მკვეთრად იზრდებოდა;
- 2023 წლისთვის საქართველოს 122 530 მოქალაქემ მიიღო ბინადრობის მოწმობა ევროკავშირში ლეგალურად ცხოვრებისთვის. ეს დოკუმენტები ძირითადად იტალიაში, პოლონეთსა და საბერძნეთში იყო გაცემული.
თანდათან ქართველი მიგრანტებისთვისაც იზღუდება შესაძლებლობები.
ვინ ცხოვრობს საქართველოში, საქართველო მოქალქეების გარდა?
საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე; აქედან 29.9% რუსეთის მოქალაქეა - 32 129 ადამიანი. „მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარების მქონე პირები“ - დააზუსტა კობახიძემ.
ბინადრობის ნებართვებით, მეორე ადგილზეა ინდოეთი [23 930 - ძირითადად სტუდენტები]; შემდეგ მოდიან უკრაინელები - 6 290 ადამიანი [კობახიძის თქმით, დამატებით - 25 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილის სტატუსით სარგებლობს]. ბინადრობის უფლება აქვთ ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, თურქეთის, ჩინეთისა თუ პაკისტანის ათასობით მოქალაქეს - სტუდენტური თუ შრომითი მიზნებით.
გარდა ამისა, "საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით". "უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები" - თქვა ირაკლი კობახიძემ. ჩამონათვალში არიან რუსეთის მოქალაქეებიც.
კობახიძემ დასახელდა უცხოელების საქართველოში ყოფნის მიზეზებიც:
- საქართველო ტურისტული ქვეყანაა და „რთულია მიგრაციული პროცესების მართვა“;
- განათლების სისტემა გახსნილია უცხოელებისთვის - „საქართველოში დღეს სწავლობს 37 ათასი უცხოელი სტუდენტი“;
- შრომითი მიგრაცია - „ძალიან ბევრი მიმართულებით“ არის დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი არაერთი პროექტი გაჩერდებოდა;
- არალეგალური მიგრაცია - რასაც სახელმწიფოს „განსაკუთრებული ძალისხმევა“ სჭირდება.
უცხოელების 70%-ზე მეტი, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს, კობახიძის მიერ მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-სა და ისრაელის მოქალაქეები არიან:
“ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნება, შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში, ამისთვის უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები და ამ ზომების მიღება მომავალშიც გაგრძელდება”, - გამკაცრებულ ზომებს შორის კობახიძემ ახსენა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც, მათ შორის - მიგრანტების ქვეყნიდან გაძევებისა და საზღვრიდან გაბრუნების პროცედურებს აადვილებს.
პრემიერმა თქვა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდა თავშესაფრის სისტემის ბოროტად გამოყენების პრაქტიკა და წელს საქართველოდან არალეგალების კიდევ დაახლოებით 20%-ს გააძევებენ.
ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს მიგრანტების ზუსტი აღწერისა და კონტროლის სისტემის შექმნისა და გაძლიერების გეგმებზეც.
პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა პარლამეტში, გიგა ფარულავამ ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ საქართველოს სახელმწიფო მიგრაციას ვერ უმკლავდება და ქვეყანას არც მიგრაციის ეფექტიანი სტრატეგია აქვს.
“გლობალურ პროცესებთან ერთად, მიგრაციის ზრდას განაპირობებს სახელმწიფო უწყებების არაეფექტური ფუნქციონირება. მაშინ, როდესაც სახელმწიფო საზღვრის კვეთა არასაკმარისად კონტროლდება, ქვეყანაში მიგრანტების ყოფნის ვადები უმართავია, ხოლო შრომით ბაზარზე არალეგალური დასაქმება დაუბრკოლებლად მიმდინარეობს, ფაქტია კანონის აღსრულების სისტემა არაეფექტურია. დღეს გვეუბნებით, რომ ქვეყანაში მიგრაცია უნდა მოაწესრიგოთ და გააძლიეროთ შესაბამისი უწყებები. დღემდე სად იყავით?”, - მიმართა ფარულავამ მთავრობის თავმჯდომარეს.
კობახიძემ ოპონენტს უთხრა, რომ მის გაპრემიერებამდე მომზადებული სტრატეგია არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.
არაბული ინვესტიციები - „იგლ ჰილზი“
ირაკლი კობახიძის თქმით, არ გამართლდა სპეკულაციები, რომლებიც არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია „იგლ ჰილზის“ „უპრეცედენტო“, 6.6 მილიარდ დოლარიან ინვესტიციასა და „საქართველოს არაბიზაციის“ კამპანიას უკავშირდებოდა.
„ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ მყიდველების ნახევარზე მეტი იქნებოდნენ საქართველოს მოქალაქეები და ეს დასტურდება სტატისტიკით“ - კობახიძემ გაიმეორა, რომ: საქარველოში დაგეგმილია 16 ათასი ბინის გაყიდვა, უკვე გაყიდულია 257 ბინა, საიდანაც 147 - საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს; 110 უცხოელ მფლობელს შორის 8 ბინა ეკუთვნის მოქალქეებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
თებერვლის დასაწყისში - არაბულმა კომპანიის ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველივე დღეს, სრულად გაიყიდა Tbilisi Waterfront-ის პირველი ფაზისას დაგეგმილი საცხოვრებელები. Eagle Hills-ის ინფორმაციით, პირველი ფაზა 300-ზე მეტი [სხვადასხვა ტიპის] უძრავ ქონებას მოიცავს. ეს არის პრემიუმ კლასის აპარტამენტები, თაუნჰაუსები და ვილები მდინარის ხედებით.
Eagle Hills-ის ინფორმაციით, წინასწარი წესით გაყიდული ბინების თითქმის 60% საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს.
სადავო პარლამენტში პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, გიგა ფარულავამ კობახიძეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ Eagle Hills-სთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები გასაიდუმლოებულია.
„თავად თქვით, რომ არაბულ კომპანიას გადაეცით საინვესტიციოდ ქართული მიწები... ჩვენ არ ვართ ინვესტიციების წინააღმდეგი, ინვესტიციები სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ... გაასაჯაროეთ, თუ რატომ და როგორ მოხდა არაბული კომპანიისთვის ამ კონკრეტული საინვესტიციო მიწის გადაცემა“, - ფარულავამ ივარაუდა, რომ Eagle Hills-ის პროექტებთან დაკავშირებით გაჩენილი „მნიშვნელოვანი და არგუმენტირებული შეკითხვები“ აიძულებს პრემიერს - მათ შორის პარლამენტში ილაპრაკოს მიგრაციაზე.
კობახიძეს არ ულაპარაკია სხვა პროექტებზე და ინვესტიციებზე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ერთ-ერთი ასეთი ფეშენებელური, "ბრენდირებული" დასახლების მშენებლობას დუბაიში დაფუძნებული კომპანია „Mira developments“-ი ახლო მომავალში გეგმავს, რაც რადიო თავისუფლებას თავად კომპანიაშიც დაუდასტურეს.
თუმცა ჩვენ ვერც სახელმწიფო სტრუქტურებში შევძელით კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება ამ კომპანიისთვის გადაცემული ტერიტორიისა თუ სამშენებლო ნებართვის შესახებ.
ირაკლი კობახიძის თქმით, 2017 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით - სრულად აიკრძალა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისება; ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიწები კანონიერად სხვისდება.
„ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ - ცხადდება...ღია აუქციონები და სწორედ აუქციონების საფუძველზე იყიდება მიწები“ - თქვა კობახიძემ.
დემოგრაფია, შობადობა და პატრიოტიზმი
კობახიძის თქმით, „ერთადერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ქვეყანას აქვს უარყოფითი ტენდენციები“ დემოგრაფიას შეეხება - ქორწინებებისა და შობადობის უარყოფითი მაჩვენებლებით. ამ ტენდენციებს ის არა სოციალური და ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ - ლიბერალური მსოფლმხედველობით ხსნის.
“ყველგან, სადაც ლიბერალური, სინამდვილეში ფსევდო ლიბერალური იდეოლოგია ინტენსიურად ვრცელდებოდა, არის ძალიან მძიმე პროცესები დაწყებული. თქვენ გახსოვთ ე.წ. გენდერული პოლიტიკა, ლგბტ პროპაგანდა და ასე შემდეგ. ამას დაუპირისპირდა სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელთან დაკავშირებით კრიტიკა წამოვიდა როგორც რადიკალური ოპოზიციის, ისე მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან”, - კობახიძის თქმით, აუცილებელია “სერიოზული ზომების მიღება იმისთვის, რომ საზოგადოების მსოფლმხედველობა შეიცვალოს”.
“ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და ზოგადად, ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას“, - თქვა კობახიძემ
იმის დასტურად, რომ „შობადობის შემცირებას სოციალური მიზეზი არა აქვს” და გაჭირვებულ ქვეყნებში უკეთესად მრავლდებიან, კობახიძე გასული საუკუნის 90-იან წლების გამოცდილებას იშველიებს - “როდესაც სისტემის რღვევის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა, შობადობის კოეფიციენტი ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს არის”.
საქსტატის 2014 წელის კვლევის თანახმად:
- “1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში დემოგრაფიული სტატისტიკის წარმოება შეფერხდა, შობადობის, მოკვდაობისა და განსაკუთრებით, მიგრაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო”, როცა მანამდე მონაცემების შეგროვება რეგულარულად ხდებოდა;
- “1991 წლიდან დაახლოებით 2010 წლამდე, სისტემა ჩამოიშალა, ინსტიტუციონალური ცვლილებების, ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის, ეთნიკური დაპირისპირებების, შეიარაღებული კონფლიქტებისა და მოსახლეობის მასობრივი მიგრაციის გამო”.
- “განხილვის საგანია იმ დემოგრაფიული სტატისტიკის სიზუსტე, რომელიც საქართველოში გასული 20 წლის მანძილზე შეგროვდა” და “მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა განიხილება, როგორც საბაზისო მონაცემების შექმნის და წარსულის დემოგრაფიულ ტენდენციებთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრის შესაძლებლობა.”
ამავე მიმოხილვის თანახმად, “1990 - 2003 წლებში დაბადებულთა რაოდენობა 50 პროცენტზე მეტით შემცირდა”.
ოპოზიცია საყვედურობს ხელისუფლებას, რომ ისედაც მძიმე დემოგრაფიულ ვითარებაში, საქართველოს მოქალაქეები იძულებული არიან საქართველო დატოვონ.
„მაშინ, როდესაც საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები ყველა მაჩვენებლების მიხედვით ეროვნულ პრობლემად არის ქცეული, ჩვენი მოქალაქეები სიდუხჭირის გამო, საკუთარ სამშობლოს ტოვებენ და თავის გადასარჩენად მიდიან ემიგრაციაში… ხალხისგან სრულად დაიცალა 200 სოფელზე მეტი, ხოლო ერთი მაგდენი სოფელია, სადაც თითო-თითო კაცი თუ ცხოვრობს და სახეზე გვაქვს ერის გადაბერება, რომელიც დემოგრაფიული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან სახიფათო მასშტაბებს იძენს, ვფიქრობ, ასეთ დროს ხალხზე მზრუნველი ხელისუფალი ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად, პირველ რიგში, საკუთარ ხალხზე უნდა ზრუნავდეს და მკაცრი დემოგრაფიული პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებაზე უნდა ფიქრობდეს”, - მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს.
ფორუმი