ევროპული პარტია ALDE გმობს ელენე ხოშტარიასთვის 1.5-წლიანი პატიმრობის მისჯას

„ეს სრულად არაპროპორციულია“ - აცხადებს „ალდე“.

ევროპული პარტია, ევროპარლამენტის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) გმობს პოლიტიკოს ელენე ხოშტარიასთვის წელიწად-ნახევრით პატიმრობის მისჯას პოლიტიკური სარეკლამო ბანერის „დაზიანების“ ბრალდებით.

„ვგმობთ "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილ 1.5-წლიან განაჩენს. ეს სრულად არაპროპორციულია ელენეს დანაშაულისა, გამოხატავდეს სიტყვის თავისუფლებას და სურდეს ნათელი, პროევროპული მომავალი საქართველოსთვის“, - აცხადებს პარტია.

ALDE ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„ელენესა და დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება უნდა შეწყდეს“, - აცხადებს პარტია

ALDE ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მისამართით ასევე აცხადებს, რომ „მიზნობრივი სანქციები უნდა გაღრმავდეს“.

„ქართველებო, თქვენ მარტო არ ხართ!“ - აცხადებს პარტია.

ALDE-ს ალიანსი ევროპაში 70-ზე მეტ წევრ პარტიას აერთიანებს, მათ შორის ელენე ხოშტარიას „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ და „ლელოს“.

განაჩენი - პატიმრობა

დღეს დილას, 24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, - რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული - მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

ხოშტარიას ბანერზე წარწერის გამო მიუსაჯეს პატიმრობა

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, საპატიმრო ვადა მას დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.

ასევე ნახეთ პატიმარმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ციხიდან მიმართეს ALDE-ს

პოლიტიკოსს, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც აქვს სისხლის სამართლის საქმე აღძრული:

  • ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.
ასევე ნახეთ ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა