ალექსანდრე სულაკაძევი - რუსული ფეიკების დიადი შემქმნელი

ალექსანდრე სულაკაძევი

ალექსანდრე სულაკაძევი რუსეთში გადახვეწილი ვახტანგ VI-ის ამალის წევრის შთამომავალია, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პეტერბურგში და დიდი შთაგონებით და უანგაროდ თხზავდა რუსეთის ალტერნატიულ ისტორიას. რუს ბორხესად წოდებულ ამ ადამიანის მიერ შექმნილმა ლეგენდებმა საუკუნეებს გაუძლეს და დღემდე მოაღწიეს. სლავური რუნები, ბოიანის ჰიმნები და არარსებული პირველი რუსი ჰაერნაოსანი გვარად კრიაკუტნოი (რომელსაც საბჭოთა პერიოდში ძეგლიც კი დაუდგეს!) - ყოველივე ეს დღემდე ასაზრდოებს "რუსული სამყაროს" აპოლოგეტთა ავადმყოფურ ფანტაზიას, თუმცა, თავად სულაკაძევი საერთოდ არ ცდილა თავისი „ჰიპოთეზების“ ჭეშმარიტების დამტკიცებას. ის უბრალოდ თამაშობდა ისტორიით, მითოლოგიით და ერთობოდა თანამემამულეების გასულელებით. სულაკაძევის ანკესს წამოგებიან ისეთი განსწავლებული მამები როგორებიც იყვნენ გავრილ დერჟავინი და ნიკოლაი კარამზინი.

ნიანგი შემოვლით არხზე

სულაკაძევის კაბინეტის ჭერქვეშ დიდი ნიანგის ფიტული ეკიდა. სამხრეთის ჭაობებში დაჭერილი და ფულის ძალით ცივ პეტერბურგში, შემოვლითი არხის მახლობლად მდებარე ხის სახლის ბიბლიოთეკაში დაბინავებული რეპტილია, იძულებული იყო შუშის თვალებით ეცქირა სახლის პატრონის საქმიანობისთვის, ყური დაეგდო, როგორ წრიპინებდა მისი კალმის მახვილი წვერი ფურცელზე, როგორი ხმაურით იხურებოდა წიგნების მძიმე ყდები და როგორ შრიალებდნენ უძველესი ფოლიანტები. სინამდვილეშიც, მხოლოდ ამ ნიანგს შეეძლო მოეთხრო, თუ რას საქმიანობდა წიგნებით გამოტენილი კაბინეტის პატრონი მრავალი წლის განმავლობაში, როცა საღამოობით განმარტოვდებოდა ხოლმე სანთლების მთელი შეკვრითა და მელნის შთამბეჭდავი მარაგით შეიარაღებული. მსახურები საიდუმლოდ ჰყვებოდნენ, რომ დილაობით მტაცებლის ბუტაფორიული თვალებიდან მირონივით მოედინებოდა საფირონის ცივი წვეთები... თუმცა, ამის მიზეზი, ალბათ, უნდა ყოფილიყო პეტერბურგისთვის დამახასიათებელი ტენიანობა და ჰაერის ტემპერატურის სხვაობა, რომელიც თავს იჩენს ხოლმე ღამის განმავლობაში გაცივებულ ოთახში ღუმელის დანთების შემდეგ.

სახლის მეპატრონეს ალექსანდრ სულაკაძევს მთელი პეტერბურგი იცნობდა. ბევრს იგი მიაჩნდა მასონად, შეშლილად, ალქიმიკოსად... ერთი სიტყვით, მარგინალურ არსებად, ურთიერთობისთვის საჩოთირო კაცად. დადიოდა ჭორები, რომ ის კრებდა "არც თუ ისე კეთილშობილ საზოგადოებას", რომლის წევრებიც გატაცებული იყვნენ მაგიით, თრიაქის ბანგის რეცეპტის შექმნითა და სულების გამოძახებით ...

და მართლაც, სხვა რა შეიძლებოდა ეფიქრათ კაცზე, რომელსაც სამუშაო მაგიდის თავზე ნიანგი ეკიდა?

მაგრამ მათთვის, ვინც უკეთ იცნობდა სულაკაძევს, ის იყო ჭკვიანი და განათლებული ადამიანი, პეტერბურგში სიძველეების უპირველესი მცოდნე; ანტიკვარული ნივთების, წიგნებისა და ხელნაწერების შემგროვებელი. მარტო მისი ბიბლიოთეკაც კი მნახველის ნამდვილ გაოგნებას იწვევდა: 5 ათასამდე იშვათ გამოცემას შორის იყო 2 ათასამდე ძველი, ხელნაწერი წიგნი, რომელთა ასაკი რამდენიმე ასეულ წელს ითვლიდა.

რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკა და ძველი ნივთების კოლექცია თავისით არ გაჩენილა, თუმცა ზუსტად არც არავინ იცოდა საიდან შეაგროვა ისინი მათმა მფლობელმა და, საერთოდაც, ცოტა ვინმემ თუ იცოდა, როგორ შეიქმნა თვითონ პეტერბურგული ფენომენი გვარად სულაკაძევი. დღესაც მხოლოდ ვარაუდი გამოითქმის. ცნობილია, რომ სულაკაძევის წინაპრები რუსეთში ჩავიდნენ ქართველ მეფე ვახტანგ VI-თან ერთად, პეტრე პირველის დროს, შემდეგ კი დარჩნენ პეტერბურგში, სადაც ბოლომდე რუსიფიცირდნენ, შესაბამისად ტრანსფორმირდა გვარიც - სულაკაძიდან სულაკაძევად (Сулакадзе – Сулакадзев). როგორც ჩანს, უფროსი სულაკაძე რუსეთში გადასახლდა მთელი თავისი საგვარეულო მემკვიდრეობითა და ბიბლიოთეკით, რაც საფუძვლად დაედო მისი შთამომავლის წიგნების კოლექციას, შთამომავლობა კი, როგორც იტყვიან, მოქმედების ხალხი გამოდგა: უკვე მეორე "რუსულ" თაობაში დაიწყეს კარიერის სწრაფად გაკეთება. ალექსანდრეს მამა, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობდა, მალე დააწინაურეს სახელმწიფო სამსახურში, ბოლოს კი არქიტექტორად მსახურობდა რიაზანში, სადაც იქორწინა ქალაქის პირველ ლამაზმანზე, ადგილობრივი პოლიცმაისტერის ქალიშვილზე. სწორედ რიაზანში დაიბადა ალექსანდრე, რომელიც მალე ოჯახთან ერთად დაბრუნდა რუსეთის დედაქალაქში. ცხადია, დაბრუნდა ბიბლიოთეკაც.

სულაკაძევის სავარაუდო პორტრეტი, შესრულებული 1826 წელს მისი კოლეგის ვ.ფ. ლაზარევ-სტანისჩევის მიერ

მამა სულაკაძევმა, გარდა იმისა, რომ ბევრი წიგნი შემატა კოლექციას, შვილსაც შეაყვარა წიგნები, თუმცა როდესაც პენსიაზე გავიდა სახელმწიფო მრჩევლის წოდებით, შვილს სხვა გზა არ დარჩენოდა, სამხედრო სამსახურში უნდა შესულიყო. წარმომავლობა მსხვერპლს მოითხოვდა. კეთილშობილური წარმომავლობის ვაჟები დაბადებიდან გვარდიის რიგებში ირიცხებოდნენ.

სულაკაძევმა პრეობრაჟენსკის „პრესტიჟულ“ პოლკში იმსახურა და 1797 წელს, არასრულ ათ წელიწადში, თადარიგში გავიდა (სათქმელადაც კი სასაცილო) არმიის პრაპორშჩიკის ჩინით. ამის შემდეგ მხოლოდ სამოქალაქო საქმეებით იყო დაკავებული: ჯერ სურსათით მომარაგების სამმართველოში, შემდეგ კი ყაზანის მონასტრის მშენებლობისთვის შექმნილ კომისიაში. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ საერთოდ მიატოვა სახელმწიფო სამსახური და განმარტოვდა თავის წიგნებისა და სიძველეების კოლექციასთან ერთად. ასევე იყიდა ნიანგის ფიტული და იქორწინა, სხვათა შორის, ასევე განსაკუთრებულად ეგზოტიკურ, გერმანული სისხლის მქონე ქალზე, სოფია ვილჰელმის ასულ შრიოდერზე.

ერთი შეხედვით, პირადი საქმეა, მონათლულ უცხოელზე დაქორწინება, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ პატარძლის ნათლობის (რაც უშალოდ ქორწილის წინ, 1807 წელს შედგა) მოწმე იყო არა ვინმე რიგითი მოკვდავი, არამედ თვით პოეტი გავრილ დერჟავინი, რომელიც იმ დროს უკიდურესად იყო დაინტერესებული სულაკაძევის საქმიანობით და ჰქონდა კიდეც ამის მიზეზი.

ციებ-ცხელება "იგორის ლაშქრობის" გარშემო

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნა მნიშვნელოვანი პერიოდია ძველი რუსული ლიტერატურისათვის. სწორედ 1800 წელს გამოიცა პირველად მუსინ-პუშკინის მიერ აღმოჩენილი „ამბავი იგორის ლაშქრობისას“ ტრანსკრიპტი, რომელიც შემთხვევით იქნა შეძენილი იაროსლავის მონასტრის წინამძღვრისგან. შოკის მომგვრელმა ამბავმა, რომ 700 წლის წინ რუსეთს უკვე ჰქონდა საკუთარი ლიტერატურა (თანაც როგორი!), ბევრი აღაფრთოვანა. როგორც ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება ხოლმე, საზოგადოებას შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ცოტა მეტი ძალისხმევით ათობით და ასობით სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლის მოძიება შეიძლებოდა, გაიხსნებოდა ნამდვილი „რუსული ატლანტიდა“ თავისი პროზითა და პოეზიით, თავისი კირილიცამდელი დამწერლობით.

დაიწყო ხელნაწერების ძებნის ნამდვილი ციებ-ცხელება, ბევრმა კეთილშობილმა პეტერბურგელმა ხელის მიჰყო მონასტრების მონახულებას, არქივებში ქექვას - მაგრამ სულ ამად დაშვრნენ. ვერავინ ვერაფერს მიაკვლია თუნდაც ოდნავ მაინც მიახლოებულს „იგორის“ ამბავთან.

ამასთან, ეძებდნენ არა მხოლოდ რუსეთში. 1800 წლის ბოლოს საფრანგეთიდან პეტერბურგში ძველი ხელნაწერების ათი ჩემოდნით დაბრუნდა ცნობილი დიპლომატი და ბიბლიოფილი პიოტრ დუბროვსკი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ. ამ ქაღალდების უმეტესობა მან პრაქტიკულად უფასოდ იშოვა: საფრანგეთის რევოლუციისა და ბასტილიის აღების დროს მთელი პარიზი ფაქტობრივად გადავსებული იყო ამ ქაღალდებით, დუბროვსკისაც ისღა დარჩენოდა აკრიფა გაძარცვული ბიბლიოთეკებიდან გამოტანილი და გზისპირა თხრილებსა თუ მოედნებზე დაყრილი წიგნები. ჩემოდნებში ბევრი უძველესი, მათ შორის მე-14 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერი იდო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძირითადად ნაწილს ლოცვები, ფსალმუნები და სხვა სასულიერო ლიტერატურა შეადგენდა, თუმცა დუბროვსკის, არც თუ უსაფუძვლოდ, სჯეროდა, რომ ასეთი კოლექცია ათობით ათასი რუბლი ღირდა. ადგა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას შესთავაზა ეს წიგნები, მაგრამ იმედი გაუცრუვდა - აკადემიკოსებს რუსული ხელნაწერები აინტერესებდათ, დუბროვსკის კი მხოლოდ ფრანგული, გერმანული და ერთ-ორი სერბული ხელნაწერი ჰქონდა. დამწუხრებულმა დაიწყო პეტერბურგში ხეტიალი ერთი ბიბლიოფილიდან მეორემდე, ვიდრე ერთხელაც სულაკაძევის კაბინეტში არ აღმოჩნდა.

- შეხედეთ, რა სიმდიდრეა! არავის უნდა, იქნებ თქვენ შეიძინოთ კარგ ფასად? თქვენ ხომ ერკვევით წიგნებში! - შესძახა დუბროვსკიმ. - ეს ხომ ნამდვილი საგანძურია, მე კი საერთოდ აღარ მაქვს ფული, თითქმის გაკოტრებული ვარ ...

სულაკაძევმა თანაგრძნობით შეხედა.

– ისე, არც მე ვარ მდიდარი. თუმცა, ერთი მარტივი წინადადება მაქვს. ვფიქრობ, აკადემიკოსები შეიძენენ თქვენს კოლექციას. ეს რა გაქვთ აქ კირილიცაზე დაწერილი?

– როგორც ჩანს, სერბული ეკლესიის წესდებაა...

– რომელი საუკუნისაა? რა, არ არის მითითებული? კეთილი, კარგია, არც აქვს მნიშვნელობა. ჩვენ აქ პატარა მინაწერს გავუკეთებთ და ყველაფერი აეწყობა. აი, ნახავთ!

ალექსანდრე სულაკაძევმა გულმოდგინედ შერჩეული კალამი ჩააწო საგანგებოდ შეზავებულ მელანში და შეცვლილი, უცნაური კალიგრაფიით დაწერა წიგნის სატიტულე გვერდზე:

„იაროსლავ ბრძენის ასულის დედოფალ ანას წიგნებიდან".

– ესეც ასე, ახლა ამ წიგნის უკან მთელი ისტორიაა! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება XI საუკუნეში. აბა, ვნახოთ, როგორ არ შეიძენენ აკადემიკოსები!!

პ. დუბროვსკი

და მართლაც, ამ თითქმის შეუმჩნეველმა მინაწერმა ყველაფერი შეცვალა. საფრანგეთის დედოფლისა და ჰენრიხ I-ის ცოლის, ანა იაროსლავის ასულის ხსენებამ (რატომღაც მისმა ავტოგრაფმა XIV საუკუნის ფოლიანტზე არავინ შეაწუხა, მიუხედავად იმისა, რომ სამი საუკუნით ადრე ცხოვრობდა) ნამდვილი თავპირისმტვრევა გამოიწვია საიმპერატორო ბიბლიოთეკასა და ერმიტაჟს შორის. ამასთან საუბარი არ იყო მხოლოდ ერთ წიგნზე. დუბროვსკისგან შეიძინეს კოლექციის დანარჩენი ნაწილი და თავად დუბროვსკი კი დანიშნეს მის საპატიო მეურვედ კარგი ხელფასითა და ბინით პეტერბურგში.

ასე, კალმის ერთი მოსმით შეცვალა სულაკაძევმა ადამიანისა და რამდენიმე ასეული უნიკალური წიგნის ბედი, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

ადამიანების გულუბრყვილობის ხილვისას ძნელია ცდუნებას გაუძლო. მით უფრო მაშინ, როცა დერჟავინი განაგრძობდა ჭმუნვას თავის შრომებში „იგორის ლაშქრობის“ უნიკალურობაზე, ხოლო სენტიმენტალურმა კარამზინმა უკვე დაიწყო პოეტ ბოიანის სავარაუდო ბიოგრაფიის შედგენა და ერთ მხატვარს მისი პორტრეტიც კი შეუკვეთა (ეს პორტრეტი გამოქვეყნდა 1801 წელს „რუსი ავტორების პანთეონში“).

მაგრამ საიდან უნდა მოეტანა იმ პოეტის ქმნილებათა ახალი ნიმუში, რომელიც, როგორც მაშინ ეგონათ, ცხოვრობდა რუსეთში დამწერლობის შექმნამდე? იქნებ უკვე ჰქონდათ დამწერლობა, ოღონდ განსხვავებული? არა კირილიცური, არამედ, მაგალითად, რუნები? მაგრამ რაზე დაყრდნობით უნდა ევარაუდა ეს?

ცხადია, წინათგრძნობაზე! თუ კარამზინი იგონებდა ბოიანის ბიოგრაფიას, ხოლო მხატვარი ხატავდა მის პორტრეტს, რატომ არ შეიძლებოდა მისი ტექსტების განჭვრეტაც?

ბოიანების ჰიმნი

„მთავრული ასო შობს სხვა ასოებს... წვიმა არწყულებს, დრო კი აღვივებს. ფესვის ძაფიდან, თესლის გულიდან ამოიზრდის ყვავილს ასოსას... მოდექ, მოგვიყევ შენს წინაპრებზე! იმ შენს ფესვებზე. რა ჩახლართულა მიწისქვეშეთში? სიდამ იზრდები?“ - ბუტბუტებდა სულაკაძევი ღამ-ღამობით თავის მაგიდასთან. გულმოდგინე შრომისგან მზერა ეყინებოდა, ხოლო მის ხელში მოქცეული კალამი მარჯვედ გარდაქმნიდა ძველ სლავურ სიტყვებს ზღაპრული სკანდინავიური რუნების მსგავს რებუსად. თვითონ სულაკაძევსაც, რაც მეტს მუშაობდა, მით უფრო მტკიცედ სჯეროდა, რომ შეეძლო წარსულის განჭვრეტა, ძველი რუსული დამწერლობისა თუ მწერლობის რეკონსტრუირება.

ეს ნამდვილად იყო შთაგონება და არა ყალბისმქნელობა. სულაკაძევს სჯეროდა, რომ ქმნიდა ისტორიას და არა მის ფალსიფიკაციას. ტექსტი შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი სახის - ჩახლართული, უცნაური, გაურკვეველი. რაც უფრო ბუნდოვანი იქნებოდა, მით უკეთესი. ძველად ხომ ყველაფერი მაღალფარდოვნად და გაუგებრად ითქმებოდა.

"არც ერთი სიტყვა მარტივად", - ასეთი იყო მისი მიდგომა, თუმცა სიტყვები თავისთავად მოდიოდა.

დაე, „ჰიმნი ბოიანისა“ იყოს სიმღერა თავად ბოიანზე, რომ ის სლავების შთამომავალია, რომ დაიბადა, აღიზარდა და გმირად შეირაცხა ზიმეგოლებში, რომ მამამისი იყო ბუსი, ახალგაზრდა მოგვის აღმზრდელი, რომ მისი მამის მამა იყო ზლოგორი, უძველესი ისტორიების აედი, რომ ბოიანი თავად მსახურობდა ომებში და არაერთხელ იხრჩობოდა წყალში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

სულაკაძევის მიერ შედგენილი ტექსტის ფრაგმენტის პუბლიკაცია გ. დერჟავინის ჟურნალში, 1812 წ

რა თქმა უნდა, დერჟავინიც და კარამზინიც გაოგნებულები იყვნენ, როდესაც სულაკაძევმა „საშინელ საიდუმლოს“ სახით უჩვენა მათ ძველი გრაგნილი (დაფარული სლავური და ბერძნული ასოების მსგავსი რუნებით) და ბოიანის ჰიმნის ტრანსკრიპტი. დერჟავინი მთელ საღამოებს მასთან ატარებდა ლიტერატურაზე საუბრებში, ევედრებოდა ეჩვენებინა მისთვის თუნდაც ფრაგმენტები იმ უნიკალური ხელნაწერებიდან, რომელთა რაოდენობა სულაკაძევის ბიბლიოთეკაში დღიდან დღემდე კი არა, საათიდან საათამდე იზრდებოდა. მის „კოლექციაში“ აღმოჩნდა, თითქოს შემთხვევით ნაპოვნი "სლავ ქურუმთა ხედვები" და "წინასწარმეტყველებანი", დაწერილი იმავე რუნებით. დერჟავინი, რომელიც შეპყრობილი იყო ხელნაწერების მეცნიერული ანალიზით, ვერ მალავდა აღფრთოვანებას „ენის იდუმალი ძალის“ გამო და აქვეყნებდა ნაწყვეტებს თავის გამოცემაში („Чтения в Беседе любителей русского слова“), თუმცა საერთო მეგობრები, რომლებიც იცნობდნენ სულაკაძევს, აფრთხილებდნენ, რომ ამ ნაწარმოებების ავთენტურობაზე თავის დადება არ ღირდა.

მაგრამ სულაკაძევი ამ ხელნაწერებში არაფერს ითხოვდა! უანგაროდ, ლიტერატურის სიყვარულის გამო თხზავდა და გასცემდა მათ. სკეპტიკოსების უნდობლობის მიუხედავად, წლიდან წლამდე იზრდებოდა მისი, როგორც ბიბლიოფილისა და ისტორიკოსისადმი პატივისცემა მწერლებსა და სიძველეების შემგროვებლებს შორის.

"მე წესიერი კაცი ვარ!"

რასაკვირველია, შეუძლებელი იყო დერჟავინის მსგავს ადამიანს ვერაფერი შეემჩნია. აკი, "ბოიანის ჰიმნის" ნაწყვეტების პირველ პუბლიკაციების კომენტარებში გააკეთა კიდეც დათქმები, რომ "სავარაუდოდ" და "შესაძლოა" ძველ ტექსტთან გვქონდეს საქმეო, თუმცა მიუხედავად ამისა, სულაკაძევთან მეგობრობა სიკვდილამდე არ მოუშლია. შესაძლოა მას უბრალოდ მოეწონა ამ კაცის შეპყრობილობა თუ აკვიატება, მისი აღმოსავლური არტისტიზმი, მომხიბვლელობა და, რა თქმა უნდა, აწყვეტილი გამბედაობა, რომლითაც ბედავდა „ისტორიის გადაწერას“.

მაგრამ, რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სჯეროდათ მისტიფიკაციებისა. მათზე განსაკუთრებულად იმოქმედა სულაკაძევის მიერ შესრულებულმა სლავური დამწერლობის ე.წ. „რევერს-ინჟინერინგმა“. დაიწერა (და დღესაც იწერება) სერიოზული ნამუშევრები, რომელებშიც გატარებულია აზრი, რომ კირილემ და მეთოდემ მხოლოდ ოდნავ შეცვალეს და გააუმჯობესეს ძველი სლავების ანბანი, რომელიც თითქოსდა არსებობდა რუსეთში, როგორც იტყვიან ხოლმე, უხსოვარი დროიდან.

თუმცა რაღა სლავები...

იმ ხელნაწერებს შორის, რომლებიც სულაკაძევს თავისი ბიბლიოთეკის კატალოგში ჰქონდა შეტანილი, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ნახავდით "ალ-ყურანის საიდუმლო სწავლებებს", რომელიც დათარიღებული იყო ქრისტეს შობიდან 601 წლით - ანუ იმ დროით, როდესაც ალაჰი, როგორც ჩანს ჯერ კიდევ იმაზე ფიქრში იყო, თუ რას ეტყოდა წინასწარმეტყველ მუჰამედს, როდესაც ის საკმარისად გაიზრდებოდა. ასეა თუ ისე, სულაკაძევს ჰქონდა ამ იდეების შავი ჩანაწერი...

სულაკაძევის "ბუკვოზორი"

რა თქმა უნდა, მისი სხვა თანამედროვეებისთვის, რომლებიც სერიოზულად იყვნენ ისტორიით გატაცებული, სულაკაძევი აბსოლუტურად ოპერეტული ფიგურა იყო. მათთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტი, რომ ამხელა ყურადღება დაიმსახურა ადამიანმა, რომელსაც წესიერი განათლებაც კი არ მიუღია (მართალია, ბევრი ენა იცოდა, მაგრამ თვითნასწავლი იყო, უნივერსიტეტებში არ უსწავლია).

ერთ დღეს სულაკაძევს შინ ეწვია ალექსეი ოლენინი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელმაც წლების შემდეგ არცთუ ირონიის გარეშე ასე გაიხსენა ეს ამბავი:

„დიდი ხანის განმავლობაში მიყვებოდნენ სულაკაძევზე, როგორც დიდ ანტიკვარიუსზე და, ვაღიარებ, არქეოლოგიით გატაცების გამო, გულმა ვერ გამიძლო და ვესტუმრე. როგორ ფიქრობთ, რა ვნახე ამ ადამიანთან? ოთახის კუთხეში დახვავებული ქოთნებისა და ბოთლების ნამტვრევები, რომლებსაც ის ასაღებდა თათარი ხანების ჭურჭლად“.

შემდეგ, თითქოსდა სულაკაძევმა აჩვენა ოლენინს ქვის ნატეხი, რომელზედაც თურმე დიმიტრი დონელს დაუსვენია კულიკოვოს ბრძოლის შემდეგ, ასე აჩვენა რაღაც უშნო ჯოხი, რომელსაც სულაკაევი ივანე მრისხანის ყავარჯნად ასაღებდა. ოლენინის თქმით, მის ნათქვამს, რომ ამ ყველაფერს ისტორიული მტკიცებულებები სჭირდებოდა, სულაკაძევმა გულისწყრომით უპასუხა: "მაპატიეთ, მაგრამ მე პატიოსანი კაცი ვარ და ტყუილს არ ვიკადრებ!"

როგორი არგუმენტია?!

იმ დღეებში, ისტორიულ მეცნიერებაში, დიდგვაროვნის სიტყვასაც წონა ჰქონდა. გარდა ამისა, სულაკაძევს თავისი ფალსიფიკაციები არასოდეს გამოუყენებია პირადი სარგებლისა და კარიერისათვის (ამას მისი ოპონენტებიც კი ადასტურებენ). სულაკაძევი არასოდეს მონაწილეობდა სამეცნიერო დავებში. უბრალოდ გამოიტანდა მორიგ უძველეს დოკუმენტს და ჩუმად იტყოდა, "აი, რის მოძიება შევძელი" და ყველა ჩუმდებოდა დაბნეულობისაგან.

ამიტომაც, სკეპტიკური გამოხმაურებების მიუხედავად, სულაკაძევის პოპულარობა იზრდებოდა. კარამზინი, დერჟავინი, სწავლული აკადემიკოსები განაგრძობდნენ მისი კოლექციების ხსენებას სამეცნიერო ნაშრომებში. შესაბამისად, შეიქმნა აზრი, რომ ის იყო იღბლიანი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ისტორიის სიღრმეებში ჩაყვინთვა და იქიდან უნიკალური დოკუმენტების ამოტანა. გასაკვირი არაა, რომ ვალაამის მონასტერმაც კი მიიწვია სულაკაძევი თავის არქივში მეცნიერული კვლევისთვის, რათა მონასტრის ისტორია შეედგინა. და სულაკაძევმაც, რა თქმა უნდა, ბერებს იმედი არ გაუცრუა. მან იოლად "იპოვა საიდუმლო საცავებში" სარწმუნო დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ, რომ მონასტერი დააარსეს ბერებმა სერგიმ და გერმანმა ჯერ კიდევ რომის იმპერატორ კარაკალას დროს (გამოდის ჩვ. წ. აღრიცხვამდე III საუკუნეში, კონსტანტინოპოლზე ადრე), ხოლო მთავარი როლი ლადოგის ტბაზე სავანის შექმნაში, თურმე, თავად მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა ითამაშა! სახალისოა, რომ ეს ლეგენდა სულაკაძევის ფალსიფიკაციების გამჟღავნების შემდეგაც ცოცხლობს და მისი მოსმენა მონასტრის მკვიდრთაგან დღემდეა შესაძლებელი...

განადგურებული წიგნების კატალოგი

სიცოცხლის ბოლოს სულაკაძევმა თავისი ფალსიფიკაციები სრულყოფილ სისტემაში მოიყვანა, მათგან ერთგვარი „პარალელური ისტორია“ შეადგინა. ძველი ხელნაწერების ახალი იმიტაციების შექმნისას, ის ეყრდნობოდა თავის წინა ნაწერებს როგორც უძველეს ორიგინალებს. "ვალაამის მონასტრის უძველესი და ახალი მატიანეების გამოცდილებაზე" მუშაობისას ის თავდაჯერებით ციტირებს "ბოიანის ჰიმნს", "წინასწარმეტყველებანს" და სხვა ნაწარმოებებს, რომლებიც გვხვდება "წიგნთა მდინარეში" - იდუმალ სიაში, რომელიც თითქოსდა შემთხვევით ჩაუვარდა ხელში. ეს იყო სია ხელნაწერი და დაბეჭდილი იმ იშვიათი წიგნებისა, რომელთა არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ მეცნიერებმა და, რომლებიც თითქოსდა ცრურწმენის გამო შეაჩვენეს და დაწვეს წმინდა ბერებმა მონასტრების ტერიტორიებზე. როგორც ჩანს, ამ მითური უძველესი ხელნაწერების დიდი ნაწილი სულაკაძევმა მართლაც შეთხზა (ზოგი ნაწილობრივ, ზოგი კი სრულად), თუმცა მთელი ეს "ლიტერატურული სამყარო" მის ბიბლიოთეკაში რჩებოდა.

...მაგრამ, როგორც ჩანს, „იშვიათობებით“ უანგარო თამაშის დრო იწურებოდა.

1812 წელს მოსკოვის ხანძრის დროს დაიწვა „იგორის ლაშქრობის“ ორიგინალი, მაგრამ, როგორც იტყვიან, მოხდა სასწაული! 1815 წელს გამოჩნდა ორიგინალი, თანაც არა ერთი, არამედ სამი, რომლებიც სრულად შეესაბამებოდნენ 1800 წლის გამოცემას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ გამოყენებული იყო ძველებური ასოები და ცუდი ქაღალდი. აქა-იქ სცადეს მათი გაყიდვა დიდ ფულად. ერთი სიტყვით, სულაკაძევს ანგარებიანი მიმდევრები და მიმბაძველები გამოუჩნდნენ.

როგორც ჩანს, სწორედ ამ დროიდან სულაკაძევმა შეწყვიტა თავისი ახალი ნამუშევრების სხვებისთვის გაზიარება, თუმცა ბოლომდე განაგრძობდა მათ შექმნას. ასე დარჩა ბევრი გამოუქვეყნებელი ნამუშევარი არქივში, რომლებმაც დამოუკიდებელი ცხოვრებით დაიწყეს ცხოვრება ავტორის გარდაცვალების შემდეგ.

მინაწერები და დამთხვევები

ალექსანდრე სულაკაძევი 1829 წელს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვილი არ ჰყოლია, შესაბამისად მთელი მისი კოლექცია და ბიბლიოთეკა მეუღლის მეურვეობაში აღმოჩნდა. სულკაძევის ანდერძის თანახმად, ცოლმა ჯერ სცადა გაეყიდა ხელნაწერებისა და იშვიათი ნივთების მთელი კოლექცია დაუშლელად, მაგრამ არცერთმა კოლექციონერმა არ ისურვა ამ საგანძურის "ერთ ლოტად" შეძენა, ასე რომ, საბოლოოდ სულაკაძევის მემკვიდრეობა ნაწილებად დაიშალა და ისე გაიყიდა. მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი კერძო კოლექციებსა და ბიბლიოთეკებში, არქივების თაროებსა და ანტიკვარული მაღაზიების დახლებზე აღმოჩნდა, რამაც კიდევ უფრო მეტად არია ის კვალი, რომელიც სულაკაძევმა რუსეთის ისტორიაში დატოვა.

მისი ხელნაწერები პერიოდულად იქცევდა საზოგადოების ყურადღებას.

ასე მაგალითად, თითქმის ასი წლის შემდეგ, 1923 წელს, ვინიცის მთავარეპისკოპოსმა იოანემ, ეპარქიის მონახულებისას, აღმოაჩინა პერგამენტი დათარიღებული 999 წლით! ხელნაწერის კიდეებზე გაკეთებული ერთ-ერთი მინაწერი იუწყებოდა, რომ პერგამენტს სხვადასხვა დროს ფლობდნენ კიევის მთავარი ვლადიმირი, ნოვგოროდის მოურავი დობრინია, პატრიარქი ნიკონი და სხვა არანაკლებ პატივსაცემი პირები. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი იმის დადგენა, რომ ნაწარმოები თარიღდება მე-14 საუკუნით, ხოლო მინაწერები მე-19 საუკუნით, მაგრამ ავთენტურობის შესახებ დავა შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდა იმის დამტკიცება, რომ პერგამენტი ოდესღაც სულაკაძევს ეკუთვნოდა.

"ბოიანის სიმღერა" სულაკაძევის ერთ-ერთი რვეულიდან

სულაკაძევის ჩანაწერების წიგნებმა, რომლებიც ტარტუს უნივერსიტეტის არქივში მოხვდა, თავის დროზე გააოგნა ცნობილი მეცნიერი იური ლოტმანი, რომელიც დიდი რუსი გამყალბებლის ბიოგრაფიას ძალიან გულმოდგინედ სწავლობდა. დღიურის ერთ-ერთ, 1824 წლით დათარიღებულ ფურცელზე, გაკეთებული იყო ჩანაწერი სანკტ-პეტერბურგის „ქალაქური ლეგენდის“, წვრილმანი მოხელის შესახებ, რომელსაც შინელი მოიპარეს და, რომლის დახმარებაც პოლიციამ არ ისურვა. ალაგ-ალაგ მოთხრობის სიუჟეტი თითქმის სრულად ემთხვეოდა გოგოლის „შინელის“ დასაწყისს, რომელიც თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ დაიწერა, თუმცა სულაკაძევთან განსხვავებული დასასრულია: მასთან ჩინოვნიკი, გოგოლის ბაშმაჩკინისგან განსხვავებით, ჭკუიდან არ იშლება, პირიქით, ეშმაკურად სჯის უსულგულო პოლიციელებს.

„ნეტა, თუ სმენია გოგოლს ამ ლეგენდის შესახებ?“ - ცხადია, ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს. თუმცა, სწორედ სულაკაძევმა ჩაავლო პირველმა ხელი პატარა კაცის ამ ისტორიას და მისი ქურთუკის ამბავი ქალაქური ჭორების ნაკადიდან გამოარჩია ისე, თითქოს წინასწარ იცოდა, როგორი შედევრი შეიქმნებოდა მის ნიადაგზე მომავალში.

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნა - ბევრი „თეთრი ლაქით“ არის დაფარული და სულაკაძევის ამბავიც ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ლაქაა. ზუსტად იმის თქმაც კი შეუძლებელია, თუ როგორ გამოიყურებოდა ალექსანდრე სულაკაძევი, რადგან ერთადერთი პორტრეტი, რომელიც დღემდე შემორჩა, ისეთივე „სამკითხაოა“, როგორც სხვა ყველაფერი მის ირგვლივ. თითქოს ის უნდა იყოს, თითქოს - არა. ისტორიკოსები დღემდე დავობენ.

ალბათ, დიდი ხნის წინ დაივიწყებდა ყველა ლიტერატურისა და ისტორიის ამ ალქიმიკოსს, რომ არა ხელნაწერები, რომლებიც ზამბარაზე დამაგრებული ეშმაკუნებივით ყველაზე მოულოდნელ დროს ამოხტებიან ხოლმე წარსულის ყუთიდან და განაგრძობენ გარდასულ ეპოქებზე თანამედროვეთა ცოდნის შეცვლას.

"პირველი რუსი ჰაერნაოსანი"

1901 წელს მათემატიკის მასწავლებელმა და აერონავტიკის (ჰაერნაოსნობის) პროპაგანდისტმა ალექსანდრე როდნიხმა გაზეთ „როსიაში“ გამოაქვეყნა ფრაგმენტი ხელნაწერიდან „ჰაერნაოსნობა რუსეთში“, რომელსაც შემთხვევით მიაკვლია ცნობილი ბიბლიოფილის, ბერეზინ-შირიაევის ფურცლების დალაგებისას. სხვა საკითხებთან ერთად, ხელნაწერი შეიცავს ციტატებს რიაზანელი მიწის მესაკუთრის ს.მ. ბოგოლეპოვის ჩანაწერებიდან. ბოგოლეპოვი რეალური პირია, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს მართლა ცხოვრობდა. შესაბამისად, ეს და კიდევ სხვა ამბები მიწოდებული იყო როგორც ისტორიული ფაქტები. კერძოდ, ხელნაწერში იყო ფრაგმენტი, რომელიც ახლა რუსეთის თითქმის ყველა სკოლის მოსწავლემ ზეპირად იცის:

„1731 წელს რიაზანში, ვოევოდის პოდიაჩმა (მდივან-მწერალმა), ქალაქ ნერეხტის მკვიდრმა გვარად კრიაკუტნოიმ გააკეთა ფურვინი - ვითარცა დიდი ბურთი და გაბერა იგი ბინძური და მყრალი კვამლით, გამოაბა წნული, ჩაჯდა მასში და უწმინდურის ძალით აიჭრა ჰაერში არყის ხეებს ზემოთ და იფრინა ვიდრე არ წამოედო სამრეკლოს წვერსა, მაგრამ მარჯვედ მოეჭიდა თოკს, რომელიც ზარის ენას იყო შებმული და ამის წყალობით გადარჩა. ქალაქიდან გაძევებულმა მოსკოვს მიაშურა, რამეთუ მიწაში ცოცხლად დამარხვას უპირებდნენ..."

სულაკაძევის ხელნაწერი

ალექსანდრ როდნიხი მოუთოკავი აღფრთოვანებით წერდა: "ეს ხელნაწერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედა-რუსეთისთვის, რადგან ის მიუთითებს იმაზე, რომ საჰაერო ბურთების გამოგონებაში პირველობა ეკუთვნის რუსეთს, სადაც საფრანგეთში მონგოლფიერებისა და შარლიერების (აეროსტატებს) გამოგონებამდე 60 წლით ადრე აფრინდნენ ჰაერში!“

ეს ყველაფერი მართლა დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ყველაზე განათლებულმა მკითხველებმაც კი ადვილად დაიჯერეს მათემატიკის მასწავლებლის აღმოჩენა. მეტი დამაჯერებლობისთვის, როდნიხმა ხელნაწერიდან ბევრი ასლი გადაიღო და მათი ფოსტით დაგზავნა დაიწყო, რაშიც 1 მანეთსა და 20 კაპიკს იღებდა, ამან კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მასწავლებლის ფინანსური მდგომარეობა. როდნიხს შესაძლებლობა მიეცა რუსული აერონავტიკის შემდგომი პოპულარიზაციისა. დიდწილად მისი რამდენიმეწლიანი ძალისხმევის შედეგად სტატია კრიაკუტნოის შესახებ ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაშიც კი მოხვდა.

მაგრამ მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მოხდა რევოლუცია და კრიაკუტნოიც ყველას მიავიწყდა. აღარ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, რა დაფრინავდა ცაში მეფის დროს. აქტუალური იყო საკუთარი, საბჭოთა ისტორიის შექმნა.

მაგრამ შეიცვალა დრო.

1940-იანი წლების ბოლოს სსრკ-ში განსაკუთრებული სიმძაფრით დაიწყო ანტიდასავლური კამპანია, რომლის ფარგლებშიც ლამის ყველა სფეროს წარმომადგენლები ცდილობდნენ საბჭოეთის უპირატესობის დამტკიცებას კულტურის, მეცნიერებისა და მეურნეობის ყველა დარგში. კრიაკუტნოი მშვენივრად ჯდებოდა სამყაროს ამგვარ სტალინურ პატრიოტულ სურათში: პოპოვმა გამოიგონა რადიო, ლოდიგინმა - ელნათურა, კაპიტანმა მოჟაისკიმ - თვითმფრინავი, ხოლო საჰაერო ბურთი - კრიაკუტნოიმ! 1940 წელს საბავშვო მწერალმა ალექსანდრ ვოლკოვმა (ავტორმა ცნობილი „ზურმუხტის ქალაქის ჯადოქრისა“) დაწერა რომანი რუსეთში აერონავტიკის გამოგონების შესახებ, რომელიც, ცხადია, კრიაკუტნოის ეძღვნებოდა.

გაზეთებმა და ჟურნალებმა დაიწყეს წერა რიაზანელი გამომგონებლისა და მისი საჰაერო ბურთის შესახებ, ომის შემდეგ კი საბჭოთა ფოსტამ გამოსცა მარკა, რომელიც მიეძღვნა მსოფლიოში პირველი საჰაერო ფრენის 225 წლის იუბილეს. 1956 წელს ქალაქ ნერეხტაში კრიაკუტნოის სახელი მიანიჭეს ქუჩას, აღმართეს სვეტი წარწერით: „ქალაქი ნერეხტა - პირველი რუსი აერონავტის დაბადების ადგილი“ და იქვე სკოლის მოსწავლეები მიიღეს პიონერთა რიგებში. .

თუმცა კრიაკუტნოის ეს აღზევება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. დაიწყო "დათბობა" და მასთან ერთად არა მხოლოდ "პიროვნების კულტის", არამედ მრავალი სტალინური ცრუ მითის მხილება.

კრიაკუტნოისთან დაკავშირებითაც დიდი უხერხულობა შეიქმნა.

1958 წელს ისტორიკოსმა და ფილოლოგმა ვერა პოკროვსკაიამ გამოიკვლია ხელნაწერი "რუსეთში საჰაერო ფრენის შესახებ". მკვლევარი დაეყრდნო ალექსანდრ როდნიხის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ასლს. საგულდაგულო დაკვირვების შემდეგ, მკვლევარმა შეუმჩნია, რომ სიტყვები „ნერეხტელი კრიაკუტნოი“ ზემოდან იყო გადაწერილი სიტყვებზე „მონათლული გერმანელი ფურცელი“. ამ ფაქტმა ძლიერ შეარყია რუსული პრიორიტეტი ჰაერნაოსნობაში. მეტიც, აღმოჩნდა, რომ არც ფურცელის გვარის მქონე გერმანელი არსებულა რეალურად - რადგან ალექსანდრ როდნიხის მიერ ნაპოვნი ხელნაწერი (და აშკარად მის მიერვე შესწორებული) ეკუთვნოდა ალექსანდრ სულაკაძევს, რომელსაც ბოგოლეპოვი ბაბუად ეკუთვნოდა. ტექსტის ანალიზმა უტყუარად დაამტკიცა, რომ გერმანელი გვარად ფურცელი პეტერბურგელი ბიბლიოფილის ფანტაზიის, თანაც ნამეტანი ფრივოლური ფანტაზიის ნაყოფია, რადგან აერონავტის გვარი (ფურცელ), რომელმაც ბუშტი "ბინძური და მყრალი კვამლით" გაბერა - აშკარად მომდინარეობს გერმანული furzen - იდან, რაც "გაზების გაშვებას" ნიშნავს.

კრიაკუტნოის შესახებ სტატიები სასწრაფოდ წაშალეს ენციკლოპედიებიდან, ნერეხტაში მისი სახელობის ქუჩას მალევე შეუცვალეს სახელი და გაგარინის ქუჩა უწოდეს.

საბჭოთა საფოსტო მარკა, მიძღვნილი რუსი გამომგონებლის კრიაკუტნოის მიერ მსოფლიოში საჰაერო ბურთით პირველი ფრენის 225 წლისთავს

მაგრამ თვითონ სულაკაძევის, მახვილგონიერი და ირონიული კაცის სახე საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებას იწვევს. მან, რუსეთში ისტორიული ფეიკების პირველმა შემქმნელმა, რუსულ კულტურას გაცილებით მეტი მისცა, ვიდრე სხვა კეთილსინდისიერმა მეცნიერებმა და აკადემიურ შრომათა ავტორებმა. ამის შესახებ თავად სულაკაძევმა თქვა ყველაზე კარგად სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთებულ ჩანაწერში:

"რუსეთი ძველი საიმპერატორო თეატრია, სადაც მთავარ დარბაზში უჩვენებენ დრამას რუსეთის ისტორიის შესახებ, რომელიც ყველას ყელში აქვს ამოსული, მაგრამ იმისათვის, რომ მაყურებელი მიიზიდონ, ფოიეში სახალისო ვოდევილი აქვთ გახურებული, თუმცა ხანდახან ეს ეს პიესები ერთმანეთში ერევათ და ამის თანამონაწილე მეც ვარ“.