„ბლექროკი“ არის საკვანძო რგოლი „ქართული ოცნების“ მიერ „გლობალური ომის პარტიის“ („გლოპის“) შესახებ განვითარებული შეთქმულების თეორიაში. მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული "მოლაპარაკე თავები" სწორედ მას ასახელებენ „გლოპის“ ერთ-ერთ საყრდენად.
ალიევი-ფინკის შეხვედრა
ეს შეხვედრა 2026 წლის 20 იანვარს შედგა შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში.
ლარი ფინკი არის BlackRock-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი (CEO). ამავე დროს ამჟამად ის არის „მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის“ დროებითი თანათავმჯდომარე.
ალიევს იგი BlackRock-ის ჯგუფში შემავალი კომპანიის, Global Infrastructure Partners-ის (GIP-ის) დამფუძნებელ პარტნიორთან, ადებაიო ოგუნლესისთან ერთად შეხვდა. GIP-ი გლობალური ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მართვის ფირმაა.
„ბლექროკისა“ და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ისაუბრეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდსა (SOFAZ) და BlackRock-ს შორის თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე.
ასევე ისაუბრეს აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურის სექტორში პოტენციურ საინვესტიციო შესაძლებლობებზე.
ამავე წყაროს თანახმად, „ხაზი გაესვა SOFAZ-ს, BlackRock-სა და მის შვილობილ კომპანია Global Infrastructure Partners-ს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის განზრახვის მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობას“.
„დოკუმენტი ითვალისწინებს არსებული პარტნიორობის გაგრძელებას გრძელვადიანი სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში და აზერბაიჯანში პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლას საერთაშორისო ინფრასტრუქტურული საინვესტიციო პლატფორმის ფარგლებში“, - იუწყება ალიევის ადმინისტრაცია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში ილჰამ ალიევი დონალდ ტრამპსაც შეხვდა
მემორანდუმის თანახმად, SOFAZ-ი განიხილავს 1.5 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში GIP-ის მიერ მართულ ინფრასტრუქტურულ ფონდებსა და ერთობლივ პროექტებში.
თანამშრომლობის ფარგლებში შეფასდება „შესაძლო საინვესტიციო შესაძლებლობები აზერბაიჯანში მონაცემთა დამუშავების ცენტრებში და ინფრასტრუქტურაში, რომელიც [პოტენციურად] მოემსახურება რეგიონში ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მოთხოვნას; ასევე განიხილება პარტნიორობის შესაძლებლობები აეროპორტის ინფრასტრუქტურის სექტორში“.
ეს მემორანდუმი „ხელს შეუწყობს SOFAZ-ის პოზიციების განმტკიცებას გლობალურ საინვესტიციო ეკოსისტემაში“, - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან„გლობალური ომის პარტია“
2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ განვითარებული შეთქმულების თეორიის თანახმად, „გლობალური ომის პარტია“, - რომელსაც მოგვიანებით „დიპ სტეიტსაც“ უწოდებდნენ, არის არაფორმალური, ფარული ძალა, რომელიც:
- შედგება „რამდენიმე უკიდურესად გავლენიანი ოჯახისგან“ და დასავლური ელიტებისგან;
- აკონტროლებს აშშ-ს, ევროკავშირს, ნატოს, ქართულ ოპოზიციას - და გადამწყვეტ გავლენას ახდენს მათზე;
- მართავს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებს კულისებიდან;
- დაინტერესებულია ომებით, არეულობებით და რევოლუციებით, რადგან ეს მათ ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება;
- უშედეგოდ ცდილობს საქართველოში „აგენტოკრატიის“ დამყარებას NGO-ების, მედიის, ოპოზიციისა და „მარიონეტი“ პოლიტიკოსების საშუალებით - რის საშუალებასაც მას არ აძლევს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც „მეორე ფრონტის გახსნა არ დაუშვა“;
- ამავე თეორიის თანახმად, რუსეთის 2008 წლის ომი საქართველოში, 2014 და 2022 წლების აგრესია უკრაინაში, „გლოპის“ ინტერესებთან არის დაკავშირებული.
- „გლობალური ომის პარტიის“ მარიონეტად გამოყვანილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილიც, - ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტი“.
BlackRock-ი კი ამ თეორიაში წარმოდგენილია როგორც „გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც „ოლიგარქიული ოჯახები“ მოქმედებენ.
მას მოიხსენიებენ სხვა კორპორაციებთან, Vanguard-თან და Fidelity-სთან ერთად.
„ივანიშვილი - სამიზნე. ტრამპი - მარიონეტი“
შეთქმულების თეორიის თანახმად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ეპიცენტრში დგას ბიძინა ივანიშვილი, რომლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შედეგი იყო თითქოსდა „შვეიცარიული საბანკო სისტემის ჩამოქცევა“ - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ მოქმედებების შედეგად.
დონალდ ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ, - ვაშინგტონი-თბილისის უპრეცედენტო განხეთქილების ფონზე, - შეთქმულების თეორიაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ ჩაანაცვლა „დიპ სტეიტმა“, - რასაც ტრამპი და მისი გუნდი ასევე ხშირად ახსენებდა, თუმცა განსხვავებული მნიშვნელობით.
ასევე ნახეთ „დიპ სტეიტი“ - რა დგას „ოცნების“ ახალი გზავნილის მიღმათავდაპირველად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი თავდაპირველად განიხილებოდა, როგორც „დიპ სტეიტთან მებრძოლი ფიგურა“, თუმცა იმის ფონზე, რომ ინაუგურაციიდან ერთი წლის განმავლობაში თბილისთან ურთიერთობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, ახლა მას „დიპ სტეიტის რებრენდინგის მცდელობად“ და „დიპ სტეიტის მიერ მართულად“ ახასიათებენ.
ასევე ნახეთ „ყველაფრისთვის ვართ მზად“ - როგორ გამოცხადდა ტრამპი „დიპ სტეიტის“ ნაწილად„ქართულ ოცნების“ განაყოფის, პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ქართველიშვილმა 22 იანვარს შეერთებულ შტატებს ასე უსაყვედურა:
„რატომ გრძელდება საქართველოს მიმართ გაურკვეველი დუმილი, როდესაც პირველი ქვეყანა, რომელმაც ხმა ამოიღო „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ იყო სწორედ საქართველო“?
ხშირად „ქართული ოცნების“ „სატელიტად“ აღქმული კიდევ ერთი პარტიის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი ვატო შაქარაშვილი 23 იანვარს ლარი ფინკზე წერდა:
- „არსებობენ ძალები რომლებსაც ყოველთვის აქვთ გავლენა აშშ-ის პოლიტიკაზე, მიუხედავად იმისა, დემოკრატები არიან ხელისუფლებაში თუ რესპუბლიკელები“.
- „დღევანდელი ურთიერთობა ტრამპსა და ფინკს შორის, ამ უკანასკნელის დანიშვნა დავოსის ფორუმის თავმჯდომარედ და BlackRock-ის პირდაპირი მონაწილეობა უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ცხადყოფს რეალურად ვინ მართავს ტრამპს და მთელს ამ პროცესებს“, - განაცხადა მან.
ხუთშაბათს, 2026 წლის 22 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში გაიმართა შეერთებული შტატებისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა პანელურ დისკუსიაზე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში შევლილ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ახალ სატრანზიტო დერეფნებზე.
2026 უკვე მეორე წელია, რაც საქართველოს არ იწვევენ დავოსის ფორუმზე.
ასევე ნახეთ ახალი დერეფანი და საქართველო - რა თქვეს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმაილჰამ ალიევი ერთ-ერთია იმ ლიდერებს შორის, რომლებსაც „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ხშირად ხვდება. ორ ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორობასთან ერთად ავტორიტარული მისწრაფებები აკავშირებს.
ასევე ნახეთ „სოროსის ერა დასრულდა“ - ალიევი და „ოცნება“ ერთ ენაზე მეტყველებენ, სხვადასხვანაირად იქცევიან