რადიო თავისუფლების მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული საკანონმდებლო ტექსტის პროექტის მიხედვით, აშშ-ის 2027 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA, H.R. 8800) ორი მნიშვნელოვანი შესწორება სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის ინიციატივით შევიდა.
ეს არის შესწორებები, რომლებიც წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში კანონპროექტის განხილვისას დაემატა ტექსტს და მიანიშნებს, რომ ვაშინგტონის მოთმინების პოლიტიკა საქართველოს მიმართ დასასრულს მიუახლოვდა.
4 ივნისს გამართულმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ საქართველოში საბჭოთა სტილის პოლიტიკური დევნის პრაქტიკის დაბრუნება და ქვეყნის რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობისთვის სათამაშო მოედნად გადაქცევა ის საკითხებია, რაც წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში აშფოთებთ.
ასევე ნახეთ
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში ორი შესწორება შედის საქართველოს შესახებჯაშუშური თამაშები კავკასიაში: ჩინურ-რუსული გავლენების შესწავლა
ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური შესწორება, სახელწოდებით „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლა“, ამერიკულ სადაზვერვო საზოგადოებასა და პენტაგონს დაავალდებულებს, შეისწავლონ, რამდენად ღრმად შეაღწიეს აშშ-ის მეტოქეებმა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებში.
შესწორების თანახმად, მისი ძალაში შესვლიდან 180 დღის განმავლობაში თავდაცვის მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან (DNI) და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით, კონგრესს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც აღწერს „რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტებისა და მათთან დაკავშირებული უჯრედების შეღწევას საქართველოში“.
ანგარიში უნდა შეეხოს ქვეყანაში „რუსული და ჩინური გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთას“ საქართველოში.
თუმცა საქართველოს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კანონი, მიღების შემთხვევაში, დაავალდებულებს აშშ-ის ხელისუფლებას, შეიმუშაოს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგია.
ამ სტრატეგიის ფარგლებში პირდაპირ განიხილება ამერიკული ფინანსური და სტრატეგიული დახმარების მომავალი. სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწევს საჯარო საგზაო რუკის - ერთგვარი გზამკვლევის მომზადება, რომელიც შეაფასებს:
- უნდა დარჩეს თუ არა საქართველო ევროპისა და ევრაზიის რეგიონში აშშ-ის დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმღებად?
- რა მასშტაბით უნდა განაგრძოს ვაშინგტონმა პარტნიორობაში ინვესტირება?
- რჩება თუ არა საქართველოს ხელისუფლება აშშ-სა და ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ერთგული?
- და, შესაბამისად, ხომ არ უნდა გაიყინოს ამერიკული ინვესტიციები ქართულ პროექტებში?
დოკუმენტში „შიდა პოლიტიკური გარემოს“ შეფასების მოთხოვნა ფაქტობრივად მიანიშნებს, რომ დასავლეთისგან კიდევ უფრო დაშორების შემთხვევაში, საქართველოსთვის აშშ-ის დაფინანსების სრულად შეჩერებაც შეიძლება განიხილებოდეს.
ასევე ნახეთ
„საქმე სერიოზულად არის“ - უვიზო რეჟიმზე ევროკავშირ-საქართველოს დიალოგი 11 ივნისსაა დაგეგმილი, გადაწყვეტილებას 2027 წლის იანვარში ელიანასევე ნახეთ
ჯაშუშობის ბრალდებები, საიდუმლო საქმეები, მინიშნებები - დაკავებულთა კიდევ ერთი წყვილისამხედრო ალიანსის მიბმა "პოლიტპატიმრების საკითხზე"
თუ პირველი შესწორება ფართო გეოპოლიტიკურ საკითხებს ეხება, უილსონის მეორე ინიციატივა პირდაპირ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სახელმწიფოს ინსტიტუციურ სიამაყეს - აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას ეხება.
კანონპროექტზე დართული განმარტებითი ტექსტის შესწორებაში წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტი გამოხატავს მკაფიო შეშფოთებას, რომ საქართველოში კვლავ გრძელდება „ოპოზიციის (იმ) ლიდერების, აქტივისტებისა და სხვა პირების დაკავება და პატიმრობა, რომლებიც ფართოდ მიიჩნევიან პოლიტიკურ პატიმრებად“.
ამგვარად, ვაშინგტონი ადამიანის უფლებების საკითხზე მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებით აღარ შემოიფარგლება.
შესწორება თავდაცვის მდივანს დაავალდებულებს, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე კონგრესს წარუდგინოს საჯარო ანგარიში, რომელიც აღწერს, როგორ უნდა იქცეს პოლიტპატიმრების საკითხი აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის ყველა სამხედრო კონტაქტისა და თანამშრომლობის განუყოფელ ნაწილად.
ტექსტში ნათლად არის ნათქვამი, რომ პენტაგონმა ეს საკითხი ორმხრივი თავდაცვითი მოლაპარაკებების დროს „მუდმივად და შესაბამის მაღალ დონეზე“ უნდა დააყენოს.
კომიტეტის გზავნილი მკაფიოა: თუ თბილისს სურს ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის, ტექნიკისა და პრესტიჟის შენარჩუნება, მან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება უნდა შეწყვიტოს.
ასევე ნახეთ
საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია - Intelligence Onlineგზავნილი თბილისს
წლების განმავლობაში საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული ორპარტიული მხარდაჭერის ერთ-ერთ მთავარ მაგალითად ითვლებოდა.
ეს შესწორებები გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს და აჩვენებს, რომ კონგრესი მზად არის, გამოიყენოს NDAA - აშშ-ის ყოველწლიური თავდაცვის კანონმდებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი - რათა სტრატეგიული პარტნიორობიდან უფრო შემაკავებელ პოლიტიკაზე გადავიდეს.
ინიციატივები განსახილველად წარედგინება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს, ხოლო ანგარიშების მოთხოვნები პირდაპირ მიმართულია წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შეიარაღებული ძალების, საგარეო საქმეთა და დაზვერვის კომიტეტებისკენ.
რადგან NDAA საკანონმდებლო პროცესის მომდევნო ეტაპებზე გადადის, თბილისისთვის ეს გზავნილი ნათელია: ვაშინგტონიდან უპირობო მხარდაჭერას არ უნდა ელოდეს.