Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია - Intelligence Online

საფრანგეთის დროშა - საილუსტრაციო ფოტო
საფრანგეთის დროშა - საილუსტრაციო ფოტო

მოკლედ

  • დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგული წამყვანი გამოცემა Intelligence Online ავრცელებს ინფორმაციას საქართველოდან საფრანგეთის მხრიდან დაზვერვის აგენტების გაწვევის შესახებ.
  • გამოცემის ცნობით, აგენტები მაისის თვეში გაიწვიეს და მათი გაწვევის ფონია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის "ყოფილი თანამოაზრის" დაკავება - გამოცემა ამ დახასიათების ქვეშ გულისხმობს გიორგი უძილაურს, "ქართუ ბანკის" ყოფილ პრესმდივანსა და ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს. ის 5 მაისს დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით.

ფრანგული გამოცემის მიხედვით, ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.

"საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი", - ასე იწყებს 3 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას Intelligence Online-ის რედაქტორი, ანტუან იზამბარდი. მისი ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა.

გიორგი უძილაურის დაკავების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავება მას გამოძიება, თუმცა გაკეთდა მკაფიო მინიშნებები იმის შესახებ, რომ მას ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად.

გიორგი უძილაურის დაკავების შემდეგ, მალევე გასაჯაროვდა სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მტკიცებულება, საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში გადაღებული კადრები, რომლებზეც ორი ადამიანის კომუნიკაციაა ასახული - სახეები ამ ვიდეოში დაფარულია. ამ ვიდეოს გამოქვეყნებამდე ძალოვანი უწყებების კოორდინატორმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ სუსის ხელმძღვანელს საჯაროდ სთხოვა ამ ვიდეოს საზოგადოებისთვის ჩვენება, რომელშიც, მისივე აღწერით, ჩანს, "როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს".

8 მაისსვე მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ არსებობს არაერთი ასეთი ჩანაწერი, ევროპის იმ ქვეყნებს კი, რომლებიც, მისი თქმით, "დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით" ახორციელებენ, მიმართა, "გაიყვანონ ეს ხალხი და მოაშორონ იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მგონი, რაც გავაკეთეთ, საკმარისი უნდა იყოს".

რადიო თავისუფლებამ საფრანგეთის საელჩოს ჰკითხა, შეუძლიათ თუ არა პარიზის მხრიდან დაზვერვის აგენტების გაწვევის დადასტურება და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება.

ასევე ვიკითხეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, კონკრეტულად როდის დატოვეს საფრანგეთის დაზვერვის აგენტებმა საქართველო და რომელიმე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებსაც ხომ არ გადაუდგამთ ბოლო თვეებში მსგავსი ნაბიჯი.

როგორც საელჩოსგან, ისე სუსიდან პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG