პოლონეთი - რუსული ოკუპაციის პირისპირ

"ფატალურობა, რომელსაც მუდმივად შეიგრძნობს მაყურებელი ფილმში „ფერფლი და ალმასი“, ნამდვილი კინოტრაგედიის იერს ანიჭებს ვაიდას შედევრს..."

„ფერფლი და ალმასი“(პოლონეთი, 1958, რეჟისორი ანჯეი ვაიდა)

6 მარტს ანჯეი ვაიდას 100 წელი შეუსრულდებოდა. დიდი პოლონელი რეჟისორის დაბადების დღე ფაქტობრივად 60-იანელთა თაობის იუბილეა, რადგან ვაიდა მათი სიმბოლოა - ამ თაობისთვის დამახასიათებელი იმედებით, ილუზიებით. სიმბოლო არამარტო ყოფილი კომუნისტური ბლოკის 60-იანელებისა, როგორც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ ჩვენში; ანჯეი ვაიდას განიხილავდნენ უფრო მეტად პოლონური კინოს, ანდა, აღმოსავლეთ ევროპის კინოს ლიდერად... არაა ასე. ნახეთ „ფერფლი და ალმასი“ და დარწმუნდებით, მისი ავტორი კინოს ისტორიისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც „ახალი ტალღის“ ფრანგი რეჟისორები, როგორც ანდრეი ტარკოვსკი, კარლო საურა, ინგმარ ბერგმანი. უფრო მეტიც, ანჯეი ვაიდამ „ფერფლი და ალმასი“ 1958 წელს დაასრულა, ორი წლით ადრე პრემიერამდე ჟან-ლუკ გოდარის ფილმისა „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“. შეხედეთ „ფერფლი და ალმასის“ სახელგანთქმულ ფინალს, ანტიკომუნისტური მოძრაობის ლიდერის, მაცეკ ხელმიცკის სიკვდილს ქუჩაში გაფენილ ზეწრებში და დარწმუნდებით, რომ ვაიდამ დაასწრო გოდარს. ბელმონდოს გმირის, მიშელ პუაკარის მკვლელობა ხალხმრავალ ქუჩაზე, დღისით, მზისით, აღბეჭდილი პრინციპულად გულგრილი კამერით - ვაიდამ თავის ეპოქალურ ფილმში ორი წლით ადრე იწინასწარმეტყველა.

ასევე ნახეთ გაყალბებული ისტორიის ტრაგედია

სხვათა შორის, ამ ორ პერსონაჟს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ დროში ცხოვრობენ, ერთი საერთო თვისება აქვთ - ორივე თავისებური „უმიზეზო მეამბოხეა“, 50-იანი წლების მეორე ნახევარში დამკვიდრებული პოპულარული სახეა, რომელსაც კინოში, როგორც წესი, ჯეიმს დინს უკავშირებენ. მაცეკის როლის შემსრულებელს, ზბიგნევ ციბულსკის, ანჯეი ვაიდას თავისებურ ორეულს, 60-იან წლებში მართლაც შეადარებენ ჯეიმს დინის პერსონაჟებს, თუმცა ეს მსგავსება უკვე „ფერფლში“იკვეთება. დიდი მსახიობი იმდენად იდენტიფიცირებული იყო თავის გმირთან, რომ 1967 წელს, როცა ტრაგიკულად დაიღუპა (გადმოვარდა თუ გადმოხტა მოძრავი მატარებლიდან), პოლონელები წერდნენ, რომ ციბულსკი ორჯერ მოკვდა - ფილმში „ფერფლი და ალმასი“ , შემდეგ კი, უკვე რეალურ ცხოვრებაში.

ფატალურობა, რომელსაც მუდმივად შეიგრძნობს მაყურებელი ფილმში „ფერფლი და ალმასი“, ნამდვილი კინოტრაგედიის იერს ანიჭებს ვაიდას შედევრს. ფაქტობრივად ესაა ფილმი ტერორისტზე, რომელიც მიაგნებს სიყვარულს და კარგავს თავისი საქმის მიმართ რწმენას... კვდება სწორედ მაშინ, როდესაც უკანასკნელ დავალებას ასრულებს და თითქოს გააზრებულად იღუპავს თავს. „ფერფლი და ალმასი“ ტრაგედიაა, რადგან მაცეკის დანაშაული „ობიექტურია“, მაცეკი არაა კრიმინალი. „დამნაშავის შესახებ ფილმს ვერ გადავიღებდიო“ - ამბობდა ვაიდა ჯერ კიდევ იმ წლებში, როცა მაცეკი უარყოფით პერსონაჟად ითვლებოდა. ამის თქმას ბედავდა რეჟისორი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პოლონური კულტურა მხოლოდ იწყებდა ბრძოლას სტალინურ ცენზურასთან.

ასევე ნახეთ "თქვენ გინდათ მომკლათ, რათა ყველაფერი გაქრეს!"

ანჯეი ვაიდას ფილმს თავიდანვე შეხვდა წინააღმდეგობები. თაროზე შემოდებას „ფერფლი და ალმასი“ მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ პოლონელ კომუნისტებს მოსწონდათ ლიტერატურული პირველწყარო, ეჟი ანჯეევსკის წიგნი, რომელიც საფუძვლად დაედო ვაიდას ფილმს. ბოლოს სპეციალურმა კომისიამ გადაწყვიტა გამოეშვა „ფერფლი და ალმასი“ პოლონეთის კინოთეატრებში, მაგრამ არ დაუშვა მისი ჩვენება საზღვარგარეთ. მოგვიანებით ვაიდამ თქვა, რომ ცენზორებს, როგორც ჩანს, მოსკოვის შეეშინდათ, ამიტომაც უარი უთხრეს ვენეციის კინოფესტივალს კონკურსში მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა, რეჟისორმა მოახერხა ფილმის ასლის გატანა ვენეციაში და ფილმის ფაქტობრივად არალეგალური ჩვენება. „ფერფლი და ალმასი“ აღინიშნა „ფიპრესის“ პრემიით. აკრძალვას აზრი აღარ ჰქონდა - ვაიდას შედევრი მსოფლიო ეკრანებზე გამოვიდა. ფილმი დაგვიანებით, მაგრამ მაინც უჩვენეს საბჭოთა კინოთეატრებშიც. „ფერფლი და ალმასის“ აქაური პრემიერა დაემთხვა მარლენ ხუციევის „ილიჩის საგუშაგოს“ აკრძალვას. ცენზურა იმდენად იყო დაკავებული ხუციევის ფილმით, რომ უბრალოდ „გამოეპარა“ ვაიდას სურათი. არადა, ორივე ფილმში თითქმის ერთი და იგივე ამბავი ცოცხლდება - მამის მკვლელობის რეალისტური და მამის უარყოფის სიმბოლური ამბავი. „ფერფლი და ალმასში“ ერთმანეთს უპირისპირდებიან ძველი კომუნისტი, შჩუკა, პოლონელი მემარცხენეების იმ თაობის ლიდერი, ესპანეთის სამოქალაქო ომში რომ იბრძოდა, და ახალი თაობა, რომელიც არა მარტო არ ემორჩილება კომუნიზმის მასწავლებელს, არამედ მის მოკვლასაც გეგმავს… “ილიჩის საგუშაგოში” მამა მკვდარია, მაგრამ აჩრდილის სახით მოევლინება ახალგაზრდა კაცს, რჩება იდეალად, რომელიც არ აძლევს დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალებას. “ილიჩის საგუშაგომ” გააბრაზა ნიკიტა ხრუშჩოვი და პირადად მოითხოვა ფილმის განადგურება. “ფერფლი და ალმასს” კი ვერ გაუგეს, ვერ მიხვდნენ, რომ ვაიდამ ხალხს შეაყვარა ახალგაზრდა კაცი, რომელიც პოლონეთის კომუნისტურ მომავალს ებრძვის…ომის დროს იგი ფაშისტებს ტყეში ებრძოდა. ომი დასრულდა, მაგრამ ისევ ტყეში დარჩა, კომუნისტებთან ბრძოლაში. ეს როგორ მოახერხაო, “ანტიგმირის” მიმართ თანაგანცდა როგორ გაგვიღვიძაო, კითხულობდა გაკვირვებული საბჭოთა მაყურებელი - ზბიგნევ ციბულსკისგან სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდნენ, მას ჰბაძავდნენ, მაცეკის შავი სათვალე ისეთივე ლეგენდარული გახდა, როგორც მისი მებრძოლი პერსონაჟი!

ასევე ნახეთ კინო უკანასკნელი რომანტიკოსის გარეშე

გმირის ფენომენის დეკონსტრუქცია, რომელსაც მიმართეს ვაიდამ და ციბულსკიმ, იმ დროისთვის სრულიად წარმოუდგენელ ეფექტს ქმნის. „ფერფლი და ალმასში“ კომუნისტს კლავენ, მაგრამ სიმპათიას იწვევს ის, ვინც კლავს. მერე მას კლავენ და ისევ თანავუგრძნობთ. შეიძლება იმიტომაც, რომ მხოლოდ მაცეკი და კრისტინა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც დავალების შესრულებამდე შეუყვარდება, არიან აქ თავისუფალი ადამიანები, დანარჩენები უფრო თოჯინებს განასახიერებენ - „ფერფლი და ალმასში“ ფაქტობრივად მთელი პოლონეთი თოჯინაა უფრო ძლიერის, უფრო სასტიკის ხელში. ნაციზმი აქ დამარცხებულია. ქვეყანა თითქოს განთავისუფლდა. სწორედ ახლა წყდება ქვეყნის მომავალი. მაგრამ ქუჩები სავსეა საბჭოთა ტანკებით, პოლონელების სახეზე კი სიხარული მაინცდამაინც არ იკითხება. პოლონეზი, ცეკვა, რომლითაც პოლონელები მეჯლისს ხსნიან ხოლმე, უფრო რეკვიემს ჰგავს. ეკლესია მიტოვებულია - აქ ახლა გადმობრუნებული ჯვარცმა კიდია. დაუმატეთ ამას ისიც, რომ „ფერფლი და ალმასში“ პირველივე კადრიდან იგრძნობა ირონია ყველაფერი ჰეროიკულის მიმართ და მიიღებთ ერთ-ერთ ყველაზე პესიმისტურ ფილმს კინოს ისტორიაში, რომელშიც ქვეყნის განთავისუფლება შინაარსის ნაწილია, მაგრამ ეს შინაარსი ეწინააღმდეგება თავად ავტორის გზავნილს. როცა ამ წინააღმდეგობას გაიაზრებთ, იმასაც მიხვდებით, რომ „ფერფლი და ალმასში“ შინაარსი ნაკლებად მნიშვნელოვანია ატმოსფეროსთან, ტონალობასთან, ქვეტექსტთან შედარებით… მთავარი ისაა, რაც არ თქმულა ფილმში, მაგრამ იგულისხმება.

ანჯეი ვაიდას საყვარელი თემები - მსხვერპლშეწირვა, არჩევანი, მოვალეობა, გმირობა, ღალატი, სოლიდარობა - 1958 წელს გადაღებულ სურათს განსაკუთრებით აქტუალურს ხდის დღევანდელ საქართველოში, როცა ომი და ნგრევა ყველას ჰბეზრდება; როცა ხალხი იღლება, მისთვის შეიძლება სულერთი იყოს, ვინ შეუნარჩუნებს „მშვიდობას და სტაბილურობას“. ორი წელიწადია ვინახავდი ამ ფილმს ახალგაზრდებისთვის, ვისაც ვაიდას შედევრი არ უნახავს და ველოდებოდი ამ დღეს, დიდი ოსტატის იუბილეს.


ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით:

ფილმის რუსული ვერსია, რომელიც საბჭოთა ეკრანებზე გადიოდა: