ექსპერტების თანახმად, შეერთებული შტატები შესაძლოა განიხილავდეს ირანის კუნძულ ხარქის, ქვეყნის ნავთობის ექსპორტის მთავარი ცენტრის, დაკავებას, რაც შესაძლოა მიზნად ისახავდეს იმ შემოსავლების წყაროს გადაკეტვას, რაც ასაზრდოებს სანქციებით დაზარალებულ თეირანის ეკონომიკას.
თუმცა, სპარსეთის ყურეში მდებარე პატარა კუნძულის შესაძლო დაკავება, რომელიც ირანული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90 პროცენტს ახორციელებს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ წარმოებული ომის სერიოზულ ესკალაციას ნიშნავს. ამავე დროს, ექსპერტების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ისლამურ რესპუბლიკას საბედისწერო ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს.
გამოცემა Axios-ის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციაში იმსჯელეს კუნძულ ხარქის დაკავების შესახებ, რომელზეც ირანის ნავთობის ექსპორტი დიდად არის დამოკიდებული 1960-იან წლებიდან მოკიდებული, როცა მასზე შესაბამისი ობიექტები ააგეს. კუნძულის ღრმაწყლიან ნავმისადგომებს შეუძლიათ სუპერტანკერების მიღება, რომლებიც უზარმაზარი რაოდენობის ნავთობს გადაზიდავენ.
ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ The New York Post-ს აცნობა, რომ კუნძულის ხელში ჩაგდების თაობაზე „საკითხავია არა იმდენად „თუ“, რამდენადაც „როდის“ - თუ გავითვალისწინებთ მის კრიტიკულ როლს ომის დასრულებისთვის“.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ამ საკითხზე საჯაროდ არ გაუკეთებია კომენტარი.
„ირანს სხვა საექსპორტო ტერმინალებიც აქვს“, უთხრა რადიო თავისუფლებას გრეგორი ბრიუმ, ირანის ნავთობის ისტორიკოსმა და Eurasia Group-ის უფროსმა ანალიტიკოსმა. „არსებობს კიდევ ხუთი ტერმინალი, მათ შორის ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით მდებარე ახალი ტერმინალი ჯასქში, რომელიც ირანის ნავთობის ძირითად საბადოებთან 1000-კილომეტრიანი მილსადენით არის დაკავშირებული“.
მისი თქმით, ჯასქის ნავთობტერმინალი სპეციალურად აშენდა ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ექსპორტისთვის და ამგვარი სცენარების თავიდან ასაცილებლად.
თუ შეერთებული შტატები შეეცდება კუნძულზე, მიწის ამ პატარა ნაგლეჯზე, კონტროლის მოპოვებას, ირანმა შეიძლება გადაწყვიტოს ხარქზე განლაგებული ნავთობტერმინალების განადგურება.
„სავსებით შესაძლებელია, რომ ირანელებმა ხარქში ინფრასტრუქტურის განადგურება ამჯობინონ მტრის ხელში მის აღმოჩენას“, თქვა ბრიუმ.
ექსპერტების თქმით, ასეთი ნაბიჯი ვაშინგტონს სიმბოლურ გამარჯვებას მოუტანს, თეირანს კი - პროპაგანდისტულ მოგებას, ნავთობის ბაზრებისთვის კი ეს ყველა შემთხვევაში დარტყმა იქნება.
ასევე ნახეთ “აშშ-სთვის მისაღებია ირანი, რომელიც ამერიკის ორბიტაზე იმოძრავებს” – პოლკოვნიკი მაილს კაგინსიბრიუმ თქვა, რომ ხარქში განლაგებული აშშ-ის ნებისმიერი ჯარი დაუცველი იქნება ირანის კონტრშეტევებისგან და აღნიშნა, რომ კუნძულს არ მოეპოვება რაკეტებისა და დრონების ცეცხლისგან რაიმე სახის მნიშვნელოვანი თავდაცვა.
ირანმა ეს იარაღი განალაგა სპარსეთის ყურეში მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა 28 თებერვალს დაიწყეს ისლამური რესპუბლიკის დაბომბვა ჰაერიდან.
აშშ-ის მიერ ხარქის შესაძლო დაკავებამ ამავე დროს შეიძლება მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული გამარჯვება მოუტანოს ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის.
მოჯთაბა ხამენეი, რომელიც უზენაეს ლიდერად აირჩიეს მას შემდეგ, რაც 8 მარტს სარაკეტო იერიშისას დაიღუპა მამამისი, ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, სადავო ვითარებაში მოვიდა ხელისუფლებაში და მის ლეგიტიმურობას თვით ირანის სასულიერო ისტებლიშმენტშიც კი ეჭვქვეშ აყენებდნენ.
ირანის მიწის უცხოური ოკუპაცია მას შეუქმნიდა სწორედ იმ ნაციონალურ საგანგებო მომენტს, რაც საჭიროა მისი ავტორიტეტის გასამყარებლად და მოსახლეობის მობილიზაციისთვის.
„ეს რეჟიმს საშუალებას მისცემდა, ომის მიზანი შეეცვალა აშშ-ისა და ისრაელის აგრესიისგან თავის დაცვის ნაცვლად ირანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით“, თქვა ბრიუმ.