არსენალის მთის დღე და ღამე - ფიროსმანიდან "სამთავრობო ქალაქამდე"

ფოტოზე მოჩანს "არსენალის მთად" წოდებული მახათის მთის ნაწილი.

მოკლედ

  • საქართველოს მთავრობა გეგმავს „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობას არსენალის მთაზე - 77 ჰექტარ ტერიტორიაზე.
  • პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა სამინისტროსა და სამთავრობო შენობების გადატანას ერთ ადგილზე, რაც, მთავრობის განცხადებით, მათ მუშაობას გააუმჯობესებს.
  • წარსულში ეს ტერიტორია მსგავსი დანიშნულებით თბილისის მერის, კახა კალაძის კომპანიას უნდა აეთვისებინა, თუმცა ვალდებულებები არ შესრულდა და პროექტი შეჩერდა.
  • გაუმართლებელი ხარჯები და ხალხისგან იზოლირება - ოპონენტები „ოცნების“ იდეას აკრიტიკებენ.
„ქართული ოცნების“ ძველი იდეა ახალმა შეცვალა - ორთაჭალის ნაცვლად „სამთავრობო ქალაქი“, შესაძლოა, ჩუღურეთში, „არსენალის მთაზე“ გაშენდეს და იქ გადავიდეს საქართველოს პარლამენტი, მთავრობის კანცელარია, თბილისის მერია და სამინისტროების ნაწილი.

ზუსტად ათი წლის წინ, 2015 წელს, ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნახატი „არსენალის მთა ღამით“, რომელიც დიდხანს მიიჩნეოდა დაკარგულად, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე 962 000 ფუნტ სტერლინგად იყიდა და ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად.

ათი წლის შემდეგ, ამ მთაზე "ქართულმა ოცნებამ" "სამთავრობო ქალაქის" გაშენება მოინდომა.

რისთვის და რატომ სჭირდება მთავრობას ეს და აქვს თუ არა სახელმწიფოს იმის ფუფუნება, რომ ბიუჯეტის ფულით ააშენოს რაღაც იმის მსგავსი, რაც წლების წინ თბილისის მერის, კახა კალაძის კომპანიას უნდა გაეკეთებინა?

2025 წლის 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუნიციპალური განვითარების ფონდს დაავალა არსენალის მთაზე სამთავრობო შენობების გადატანის შესაძლებლობის შესწავლა.

2025 წლის 4 აგვისტოს კობახიძემ მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც MDF-ს დაავალა, შეისყიდოს მომსახურება სამთავრობო ქალაქის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.

9 დეკემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF-მა) ტენდერების საიტზე დაწერა, რომ გეგმავს შეისყიდოს მომსახურება „სამთავრობო ქალაქის“ გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მოსამზადებლად.

ამ პროექტით დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარმოსადგენად 23 დეკემბრამდე მისცა დრო და იქვე მიუთითა, რომ „მომსახურების მიწოდების საერთო ვადა ოთხი თვეა“.

თბილისის ხედი იმ ადგილიდან, სადაც შესაძლებელია, სამთავრობო ქალაქი აშენდეს.

გარშემო ღობე - უსაფრთხოებისთვის

მუნიციპალური განვითარების ფონდი საუბრობს „თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთ... დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე, ჯამში - 77 ჰექტარ მიწაზე“.

„საპროექტო არეალზე XX საუკუნის 30-იან წლებამდე განთავსებული იყო სამხედრო ნაწილი, ხოლო სამხედრო არსენალი იქ 2007 წლამდე ფიქსირდება. ტერიტორია ესაზღვრება ძველი თბილისის, დაბალი და საშუალო ინტენსივობის მქონე ისტორიულ განაშენიანებას“, - წერია ტექნიკური დავალების დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში ჩამოთვლილია ის შენობები, რომელიც გენგეგმასა და ესკიზურ პროექტებში უნდა გაითვალისწინონ და მათ შორისაა:

  • პარლამენტის შენობა, არანაკლებ 31 350 კვ.მ. ფართით;
  • მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, არანაკლებ 7 000 კვ.მ. ფართით;
  • ღონისძიებების დარბაზი, არანაკლებ 10 000 კვ.მ. ფართით;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო, არანაკლებ 7 500 კვ.მ. ფართით.

უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის ამ შენობა-ნაგებობებს უნდა ერტყმოდეს ღობე.

სამთავრობო ქალაქის ტერიტორიაზე ასევე უნდა განთავსდეს:

  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო, 20 700 კვ.მ.;
  • რეგიონული განვითარების სამინისტრო, 3 200 კვ.მ.;
  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 51 900 კვ.მ.;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 23 800 კვ.მ.;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 47 400 კვ.მ.;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, 7 600 კვ.მ.;
  • კულტურის სამინისტრო, 3 600 კვ.მ.;
  • თბილისის მერია, 59 900 კვ.მ.;
  • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 7000 კვ.მ.;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, 1800 კვ.მ.;
  • სამეურნეო/დამხმარე ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობები.

პროექტირებისას ასევე უნდა გაითვალისწინონ პარკინგი, დამხმარე ინფრასტრუქტურა და საინჟინრო კომუნიკაციები.

მარცხნივ მოჩანს სამების ეკლესია, ტერიტორიაზე ძველი ნაგებობების ნანგრევებია

რაში გვჭირდება ეს ქალაქი?

„ჩვენი საჯარო მოხელეებისთვის შრომის პირობები ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადო“, - ეს არის მიზეზი, რითაც ახსნა ირაკლი კობახიძემ ეს გადაწყვეტილება.

ასევე თქვა, რომ გარკვეული უწყებების შენობები „შეიძლება გასხვისდეს“ იმისათვის, რომ „იმავე ფასად ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას“.

2017 წელს, „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა ორთაჭალაში (ბიზნესსახლის მიმდებარედ) იგეგმებოდა და მაშინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ დაგეგმილი იყო „თბილისში მიმოფანტული სამინისტროების ერთ „წერტილში“ მოქცევა“.

ასევე ნახეთ მთავრობა ქალაქს იშენებს

2017 წლის მარტში კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ამისათვის გამოყოფილი იყო „ძალიან დიდი“ ტერიტორია:

“ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება ბევრი საოფისე სივრცე თუ ადგილი სასტუმროსთვის, ხოლო, მეორე მხრივ, წახალისდება მშენებლობის სექტორი”, - ამბობდა კვირიკაშვილი.

მაგრამ 2019 წელს, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროექტზე მუშაობა გაჩერდა, რადგან „მთავრობას სხვა პრიორიტეტები გააჩნდა“.

ცხრა წლის შემდეგ „სამთავრობო ქალაქის“ იდეა ისევ „ქართული ოცნების“ მთავრობის დღის წესრიგში დადგა.

დღეს სამინისტროების ნაწილი ორთაჭალაშია: ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა. იქვეა „ქართული ოცნების“ ახალი სათავო ოფისიც.

თბილისის ხედი: ფოტოზე ჩანს მახათის მთა და მისი ნაწილი ე.წ. არსენალის მთა - ჯერ კიდევ გაუნაშენიანებელი ტერიტორია.

სად არის არსენალის მთა და რა ხდება იქ?

ამ ადგილას მოხვედრა რამდენიმე მხრიდან არის შესაძლებელი. ჩვენ ავლაბრიდან ავედით, სამების ეკლესიას გავცდით, მიმდებარე ვიწრო ქუჩებში ვიარეთ და ძველი სამხედრო ნაწილის ჭიშკარს მივადექით.

ყოფილი საბჭოთა სამხედრო ნაწილის ჭიშკრის შემორჩენილი დეტალი.

რუსთაველიდან იქ მისასვლელად - დაახლოებით 20-25 წუთია საჭირო - თუ საცობებს აცდი. ამ ტერიტორიის გარშემო საცხოვრებელი სახლებია, მათ შორის, ახალი და მშენებარე კორპუსებიც. სიღრმეში, სადაც მხოლოდ ბალახი და ბუჩქნარია, ძველი შენობების ნანგრევებია.

ერთ-ერთი ძველი შენობის ნანგრევი ტერიტორიაზე.

თუ ზემოდან, მახათის მთის მხრიდან გადმოხედავ თბილისს, ასეთ პეიზაჟს დაინახავთ:

თბილისის ხედი ტერიტორიიდან, სადაც, სავარაუდოდ, უნდა დაიწყოს მშენებლობა.

"მეხის" - მახათის მთა, არსენალი და მისი ისტორია მოკლედ

არსენალი ჩუღურეთის რაიონის უბანია თბილისში, ჩუღურეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მთაზე, რკინიგზის გადაღმა.

ეს უბანი მე-19 საუკუნეში გაჩნდა და ეს სახელი დაერქვა მას მერე, რაც 1870 წელს, „სამხედრო არსენალი“ ღუნიბის მოედნიდან (ყოფილი მოედანი ძველ თბილისში იმ ადგილზე, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა დგას რუსთაველის გამზირზე) მტკვრის მარცხენა მხარეს, ჩუღურეთში გადაიტანეს.

„არსენალი მთა“, როგორც არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი გვიამბობს, მახათის მთის ან როგორც მას უწოდებენ “მეხის” მთის გაგრძელებაა, სადაც იყო ელია (ილია) წინასწარმეტყველის ეკლესია.

არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი

“იმ ელიასი, რომელიც თავად კარმელის მაღალ მთაზე (მთა ისრაელში, სადაც გადმოცემის თანახმად, წინასწარმეტყველმა ელიამ ღმერთს ცეცხლის სასწაული სთხოვა) იჯდა და იქიდან ადევნებდა თვალ-ყურს თუ რა ხდებოდა ქვეყანაში… არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს აქ რამის აშენება? არ არის გამორიცხული, რომ რაღაც კლერიკალური მოტივებიც არსებობდეს… ან უბრალოდ, ზემოდან გიყურებენ, მახათის მთიდან და თავისი თავი ჰქონიათ ელია (ილია) - ისე, ეს სახელი, თურმე, ღმერთის მფარველ ციხესიმაგრეს ნიშნავს…

ალბათ, რაღაც პარალელები მაინც არსებობს. ვიღაც წაიკითხავს რაღაც ისტორიულ დოკუმენტს და იტყვის, ჩვენ რით ვართ ვინმეზე ნაკლები? ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გთავაზობენ ადვილად, დაუფიქრებლად”.

„არსენალმა“, როგორც სამხედრო დაწესებულებამ, მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. საბჭოთა დროს აქ სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული. საბჭოთა კავშირის დაშლის (1991) შემდეგ კი არსენალის ტერიტორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა.

2008 წელს, კახა კალაძის დაფუძნებული კომპანია "კალა კაპიტალის" შვილობილმა კომპანია "არსენალ დეველოპმენტმა" სახელმწიფო აუქციონზე არსენალის მთის 77 ჰექტარი (772 958 კვ.მ მეტრი მიწა) მიწის ნაკვეთი 38 მილიონ დოლარად იყიდა.

ამ ტერიტორიაზე ძირითადად ბუჩქნარი და ბალახია. ალაგ-ალაგ ხეებიც.

კახა კალაძე, არსენალის მთა და უპასუხო კითხვები

17 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანია "არსენალ დეველოპმენტი" ვალდებული იყო 700 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა:

ამ ტერიტორიის ნაწილზე, 60 000 კვ.მ.-ზე დაგეგმილი იყო სამთავრობო კომპლექსის აშენება (მშენებლობის ხარჯები იქნებოდა, მაქსიმუმ, 30 მლნ აშშ დოლარი), დანარჩენ ნაწილზე კი - საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსი უნდა ყოფილიყო.

17 წლის განმავლობაში, კომპანიამ საინვესტიციო თანხის მხოლოდ ნახევარი, 19 მილიონი დოლარი გადაიხადა, ხოლო საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა.

დარჩენილი თანხის გადაუხდელობის მთავარ მიზეზად 2008 წლის აგვისტოს ომის გამო გაუარესებული საინვესტიციო მდგომარეობა დაასახელა.

2021 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში (გვერდი 59) წერია:

“კომპანია პროექტის განხორციელების ხელისშემშლელ ფაქტორებად განიხილავს: 2008 წელს საქართველოში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, ამავე პერიოდის ეკონომიკურ კრიზისს და ხელშეკრულების გარეშე მხარის მიერ 15.7 ჰა მიწის ფართობზე საკუთარი მოთხოვნების დაყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეკონომიკის სამინისტროს სთხოვს ხელშეკრულების პირობების გადახედვას და დაკისრებული პირგასამტეხლოსგან და დარჩენილი გადასახდელი საპრივატიზებო საფასურისგან გათავისუფლებას. ამასთანავე, ინვესტორი სახელმწიფოს სანაცვლოდ სთავაზობს სამომავლოდ ასაშენებელი უძრავი ქონების 10%-ს, რაც, დაახლოებით, 30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს”.

“შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, კანონით, კონტრაქტი მრავალი წლის გაწყვეტილი, ხოლო კომპანია მრავალი მილიონი ლარით დაჯარიმებული უნდა იყოს. ამის ნაცვლად კი, ერთი წლის უკან გავარკვიე, რომ არათუ სახელმწიფოსთან ამ კომპანიის კონტრაქტი არაა გაწყვეტილი, მეტიც - სახელმწიფო მსჯელობდა დაკისრებული პირგასამტეხლოების ჩამოწერაზე”, - აცხადებს ირაკლი აბესაძე, „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” ყოფილი თავმჯდომარე და პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი.

მან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საპასუხო წერილიც გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ არც ხელშეკრულებაა გაწყვეტილი, მაგრამ არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებია შესრულებული, რაც მოითხოვს პირგასამტეხლოს გადახდას.

წერილი, რომელიც ირაკლი აბესაძემ მიიღო ქონების მართვის სააგენტოსგან

ამავე წერილის თანახმად, კომპანია მოითხოვს ვალდებულებების ცვლილებას და პირგასამტეხლოს პატიებას. თუ ეს ასე მოხდა, - ამბობს ირაკლი აბესაძე, - მაშინ, გამოდის, რომ სახელმწიფომ “ინვესტორს” უკან უნდა დაუბრუნოს მინიმუმ ის გადახდილი 19 მილიონი დოლარი ან შესთავაზოს სხვაგვარი კომპენსაცია.

მისი თქმით, თუ დღეს, ამ პასუხიდან ერთი წლის შემდეგ, ინვესტორს პირგასამტეხლოების ნაწილი ნაპატიები აქვს, გამოდის, რომ კონტრაქტს ის კი არ არღვევს, არამედ პირიქით, სახელმწიფო ურღვევს მას ამ კონტრაქტს და ეუბნება, რომ ვეღარ მისცემს დაპირებულ 77 ჰექტარ მიწას, რადგან ეს მიწა სამთავრობო ქალაქის გასაშენებლად სჭირდება.

ირაკლი აბესაძე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” ყოფილი თავმჯდომარე და პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი.

ამის ლოგიკური გაგრძელება, როგორც ირაკლი აბესაძე შენიშნავს, ინვესტორის პასუხია, რომ კონტრაქტი შეწყდეს, ინვესტორმა დაიბრუნოს გადახდილი თანხა და შეიძლება მოითხოვოს ამ თანხის პროცენტით დაბრუნებაც, რადგან 17 წლის განმავლობაში სახელმწიფო ამ თანხას იყენებდა. ან მოითხოვოს კონტრაქტის უკვე შეცვლილი პირობებით გაგრძელება.

„ანუ კომპანიამ, რომელსაც დღეს ათეულმილიონიანი ჯარიმა უნდა ჰქონდეს გადახდილი ბიუჯეტში შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, შესაძლოა, თავად მიიღოს მრავალმილიონიანი სარგებელი ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომ უნდა გვქონდეს დღეს მკაფიო პასუხები კითხვებზე“.

ეკონომიკის სამინისტროს ჩვენ წერილობით ვკითხეთ:

  • გაწყვეტილია თუ არა სახელმწიფოსა და „არსენალ დეველოპმენტს“ შორის გაფორმებული კონტრაქტი ან ხომ არ ეპატია კომპანიას პირგასამტეხლოები?
  • თუ კონტრაქტი გაწყდა, უკვე გადაუხადეს თუ არა კომპანიას კომპენსაცია? თუ ჯარიმები ისევ ძალაშია და მას მოუწევს თანხის გადახდა?


პასუხები - მიღებისთანავე აისახება სტატიაში.

„არსენალ დეველოპმენტთან“ არანაირი შეხება აღარ მაქვს - კალაძე

კახა კალაძემ არაერთხელ თქვა, რომ ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან “2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია”, რადგან მან ეს კომპანია გაყიდა.

კახა კალაძე

როდესაც მას ჰკითხეს, რატომ არავინ სთხოვს კომპანია „არსენალ დეველოპმენტს“ დავალიანების გადახდას, მან უპასუხა, რომ სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს, რადგან “პროექტის ვერ განხორციელებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები და სახელმწიფოსა და ინვესტორის ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდაო”.

“2007-2008 წელს კომპანიამ აღნიშნული ტერიტორიის შეძენაში 20 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა ფორსმაჟორი, დაიწყო ომი. შესაბამისად, როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში უდიდესი პრობლემა წარმოიშვა. ამის შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები – ან ადგილმონაცვლეობასთან, ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა – ჩემი პოლიტიკური განცხადებები.

2011 წლიდან მე აღნიშნულ კომპანიაში არ ვარ, აქ ჩემი ინტერესები საერთოდ არ არის. ვალდებულებები ორივე მხარეს იყო, როგორც ინვესტორის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო სარკინიგზო მაგისტრალის გადატანა, გზების მიყვანა. ინვესტორსაც ჰქონდა ვალდებულება, რომ იქ გაეშენებინა ახალი უბანი. თუმცა, ეს ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდა და ვერ შესრულდა. ეს დაკავშირებული იყო საომარ მდგომარეობასთან, მსოფლიო კრიზისთან“, – განაცხადა კახა კალაძემ 2024 წლის აპრილში.

დღეს, სამეწარმეო რეესტრის თანახმად, შპს "არსენალ დეველოპმენტის" მესაკუთრედ და 100%-იანი წილის მფლობელად მითითებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია “სანარტ ინთერნეშენალი”. დირექტორად კი - ნატალია როიო (შვეიცარია).

„ეს კომპანია კალაძეს გასხვისებულიც რომ არ ჰქონდეს, პრობლემა მაინც რჩება - როგორ წარმოგიდგენიათ, ვინმე უცნობი ინვესტორის გამო სახელმწიფო უარს იტყოდა მრავალმილიონიანი ჯარიმის ამოღებაზე და თავზე ხელს გადაუსვამდა უცნობ კომპანიას, რომელიც ვალდებულებას 17 წლის განმავლობაში არ ასრულებს, თუ აქ ვინმეს დიდი ინტერესი არ არსებობს? ფაქტია, რომ ეს ვინმე არის ძალიან გავლენიანი და ამ ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევი პირი, ვისთვისაც ასეთ საშეღავათო პირობებს ქმნიან“, - გვეუბნება კალაძის პოლიტიკური ოპონენტი ირაკლი აბესაძე.

თბილისის კიდევ ერთი ხედი მახათის (მეხის) მთიდან

აქვს სახელმწიფოს სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფუფუნება?

სამთავრობო შენობების ერთმანეთთან ახლოს თავმოყრა (რაც თავისთავად ორიგინალური იდეა არ არის), შესაძლოა, ეფექტიანი იყოს მთავრობის სამუშაო პროცესისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ როდის წამოწევს ამ თემას ხელისუფლება:

„დღეს მთავრობა გვეუბნება, რომ ბიუჯეტიდან დაიხარჯება ფული ახალი კაბინეტების მშენებლობაზე იმიტომ, რომ მთავრობამ უფრო ეფექტიანად იმუშაოს - ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი არგუმენტია მთავრობის იმ განცხადებების ფონზე, რომ მომავალ წელს ხელფასი და პენსია რომ დაარიგოს, ამისათვის სკოლების მშენებლობის და რეაბილიტაციის ინფრასტრუქტურული ხარჯი უნდა ამოიღოს ბიუჯეტიდან, 450 მილიონი ლარით შეამციროს და ამ დროს ასეულობით მილიონი ლარი მიმართოს „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობაზე".

არსენალის მთა და ის 77 ჰა მიწა, სადაც სავარაუდოდ, უნდა აშენდეს "სამთავრობო ქალაქი".

ირაკლი აბესაძე არც იმას გამორიცხავს, რომ სამინისტროების თუ სხვა სამთავრობო უწყებების შევიწროება და გამოთავისუფლება უფრო ადრეც დაიწყოს, რადგან „მთავრობას ახლა ქალაქის ცენტრში განთავსებული, მოქმედი სამთავრობო შენობების სწრაფი პრივატიზება და ბიუჯეტის შესავსები ფული სჭირდება“.

„სამთავრობო ქალაქის“ ცენტრალური უბნებიდან მოშორება პროტესტისგან გარიდების მიზეზით „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელს ყველაზე ნაკლებად სარწმუნო მიზეზად მიაჩნია - მისი აზრით, ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან, ეს იქნებოდა ხალხის ბრაზისგან გაქცევის ძალიან მიამიტური მცდელობა:

„მხოლოდ იმით, რომ სადღაც შორს გამოიკეტები, ვერ აიცილებ რეალურ ბრაზსა და პროტესტს და ის თავისი გამოხატვის ადგილს მაინც იპოვის. ზუსტად ისე, როგორც დღეს ვერ ახერხებს პროტესტის მოგუდვას ხელისუფლება ამ დრაკონული კანონებით“, - ეუბნება ირაკლი აბესაძე რადიო თავისუფლებას.

საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი ის უწყებაა, რომლის გადატანაც "სამთავრობო ქალაქში" განიხილება

იზოლირებული პოლიტიკური კუნძული?

პოლიტიკური კონტექსტის გარეშე სამთავრობო ქალაქის აშენების იდეას ვერც არქიტექტორები და ურბანისტები აფასებენ.

“ამ იდეას დატვირთვაც კი პოლიტიკური აქვს: “სამთავრობო ქალაქი”, - შენიშნავს ჩვენთან საუბარში არქიტექტორი ირაკლი ჟვანია და მასაც იგივე კითხვა აქვს, რაც ბევრ სხვა ადამიანს: რატომ ვაკეთებთ ამას? და გვიზიარებს თავის ვარაუდს, რომ ეს არის სამთავრობო სტრუქტურებისთვის იზოლირებული პოლიტიკური კუნძულის შექმნის მცდელობა, სადაც მათ ხელს არ შეუშლის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე პროტესტი.

“სადაც იქნება ღობეები, გალავნები, დაცვა და ჩიტიც ვერ შეფრინდება… შესაძლოა, იაზრებენ, რომ სამთავრობო შენობების დაცვა კრიტიკულ მომენტში, შესაძლოა, უფრო რთული გახდეს და ურჩევნიათ, მართლა კარგად დაცული სამხედრო ბაზასავით სტრუქტურა შექმნან, საიდანაც, თუ დასჭირდათ, ვერტმფრენებითაც შეძლებენ ევაკუაციას… ან იქნებ ჩვენი პოლიტიკოსები საცობებში გადაადგილებით შეწუხდნენ?”

თუმცა ამ ბოლო დაშვებას ირაკლი ჟვანია თავადვე ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს და გამორიცხავს, რადგან იქ მისასვლელადაც მთელი ქალაქი უნდა გაიარო - ყველა ქუჩაზე საცობით.

ამას ისიც დაემატება, რომ ამ საჯარო უწყებებში მომუშავე ადამიანების უდიდესი ნაწილი, არსენალის მთისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, პირადი ავტომობილებით ივლის ან ტაქსით:

“წარმოგიდგენიათ იქ რა მოხდება? იმ ვიწრო ქუჩებში? რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მაგ ამბის უარყოფითი ეფექტი იქნება ისიც, რომ გაჩნდება კიდევ ერთი განაშენიანებული, დაბეტონებული ადგილი ქალაქში, სადაც მისვლაც, სხვათა შორის, გაჭირდება მათთვის, ვისაც უბრალოდ რაღაც საქმე ექნება საჯარო უწყებაში - მერიასა თუ სხვაგან, სადაც წერილის ჩაბარება მოუნდება და სადაც ადრე ფეხით ან მეტროთი ახერხებდა მარტივად მისვლას”.

ნაგებობის ნარჩენი ტერიტორიაზე

ირაკლი ჟვანიას ვკითხეთ, ჩვეულებრივი ამბავია თუ არა, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებში „სამთავრობო ქალაქები“, რაზეც გვპასუხობს, რომ მსგავსი რამ არსებობს, თუმცა ყველას თავისი მკაფიო მიზეზი აქვს, მაგალითად, ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში, მართლაც ასეა გამოყოფილი სამთავრობო შენობები, თუმცა ეს თავიდანვე ასე დაიგეგმა და აშენდა:

“შეიძლება რაღაც ერთეული მაგალითები იყოს, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებში მე არ მახსენდება ასეთი ცალკე “სამთავრობო ქალაქების” აშენების შემთხვევები…"“ადამიანებს, რომლებსაც აქვთ 14 000 ლარი ხელფასი, ისიც კი არ აკმაყოფილებთ, რა ადგილასაც მუშაობენ და ახლა სადღაც სხვაგან უნდა აშენდეს რაღაც, რის შესახებაც ბოლომდე ინფორმაციაც არ გვექნება. სამწუხაროდ, არ გვყოფნის რეალური ძალა, რომ ამას წინ აღვუდგეთ და მე ეს მგონია მთავარი პრობლემა”, - გვითხრა ლევან კალანდარიშვილმაც.

ის, რაც დედაქალაქში ხდება და, სავარაუდოდ, ელის "არსენალის მთასაც", არქიტექტორის აზრით, სხვა არაფერია თუ არა გაუაზრებლად, "ძალადობრივად ჩადგმული შენობები" - როცა არავითარი პატივისცემა აღარ არსებობს იმ ურბანული ქსოვილის მიმართ, რაც თბილისს გააჩნდა.

ნიკო ფიროსმანის ტილო - "არსენალის მთა ღამით